13 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, დმიტრი ფედოტოვს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს 2024 წელს აფხაზი აბიტურიენტების რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების საკითხი. არძინბას თქმით, 2024 წელს აფხაზ აბიტურიენტებში მაღალი მოთხოვნაა რუსეთის სასწავლებლებზე, სადაც ჩაბარება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში დაღუპულ ეთნიკურად აფხაზი მებრძოლების შვილებსაც სურთ. არძინბამ თხოვნით მიმართა ფედოტოვს, რათა მან მხარი დაუჭიროს აბიტურიენტებს.
აგრეთვე, 2024 წელს დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილია ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარება ფორმატში - „აფხაზეთის რესპუბლიკა-რუსეთის ფედერაცია-ბელარუსის რესპუბლიკა“, რაც შეხვედრის ერთ-ერთი განხილვის საკითხი იყო.
არძინბამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აფხაზური ახალგაზრდული სოციალური პლატფორმის „აფხაზეთის მომავალი“ წევრები მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი თქმით, ახალგაზრდები ატარებენ საინფორმაციო კამპანიასაც - „აფხაზეთი პუტინისთვის“.
ფედოტოვმა მადლობა გადაუხადა არძინბას ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის და დე ფაქტო მინისტრის მიერ აღნიშნულ საკითხებში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.