ავტორი: ანდრო კვიჟინაძე
2023 წლის 24 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდა აფხაზ მუსლიმთა მე-6 კონგრესი, სადაც მოქმედი მუფთი, ტიმურ ძიბა, 5 წლის ვადით კვლავ აირჩიეს მუფთად. პირველად ძიბა 2017 წელს აირჩიეს მუფთად.
2003 წლის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის, დაახლოებით, 16% მუსლიმია. ამის შემდეგ მუსლიმების რაოდენობის შესახებ განახლებული მონაცემები არ მოიპოვება. არსებული მდგომარეობით, მუსლიმებს ორი სალოცავი აქვთ, სოხუმსა და გუდაუთაში. თუმცა არცერთი წარმოადგენს სრულყოფილ მეჩეთს.
„აფხაზ მუსლიმთა ერთიანი სასულიერო სამმართველო“
„აფხაზ მუსლიმთა ერთიანი სასულიერო სამმართველო“ 2014 წლის 11 სექტემბერს აფხაზური „კანონმდებლობის“ შესაბამისად დაფუძნდა. რელიგიური ორგანიზაცია „აფხაზ მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს“ სულიერი და სამართლებრივი მემკვიდრეა, რომელიც, თავის მხრივ, 1999 წელს დაფუძნდა. „აფხაზ მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს“ პირველი მუფთი იყო სასულიერო პირი თურქეთიდან, სწორედ, მასთან ერთად საქმიანობდა „სამმართველოში“ ტიმურ ძიბაც.
დამფუძნებელი დოკუმენტის მიხედვით, ყოველ 5 წელიწადში უნდა გაიმართოს ორგანიზაციის ახალი კონგრესი, სადაც განიხილება აფხაზ მუსლიმთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და აირჩევა ახალი მუფთი.
2005 წელს პირველ ეთნიკურად აფხაზ მუფთად აირჩიეს ადილ გაბლია, რომელიც სამმართველოს 2011 წლამდე, მის გარდაცვალებამდე, ხელმძღვანელობდა. იმავე წელს ახალ მუფთად აირჩიეს სოხუმის სამლოცველოს იმამი, სალიჰ კვარაცხელია. 2014 წელს „აფხაზ მუსლიმთა ერთიანი სასულიერო სამმართველოს“ დაფუძნების შემდეგ, 2017 წელს, პირველი ვადით აირჩიეს მისი დღევანდელი ხელმძღვანელი, ტიმურ ძიბა.
არსებული სტრუქტურის მიხედვით, ტიმურ ძიბა აფხაზეთის მუფთი და „სამმართველოს“ თავჯდომარეა, აბდურაჰმან ჯუღელია - მუფთის მოადგილეა, ალხას ნანბა - გუდაუთის სამლოცველოს იმამ-ხატიბი და სალიჰ კვარაცხელია - სოხუმის სამლოცველოს იმამ-ხატიბი.
„სამმართველოს“ საქმიანობა
გარდა იმისა, რომ „სამმართველო“ ჩართულია ოკუპირებული აფხაზეთის შიდა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, „სამმართველო“ რეგიონის გარეთაც ცდილობს აქტიურობას. მას გარკვეული კავშირები აქვს როგორც რუსეთში, ასევე თურქეთში.
2020-ის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ტიმურ ძიბა შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და მას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა. მან ბჟანიას ასევე უთხრა, რომ „აფხაზეთის მოქალაქეებმა დიდი ნდობა გამოგიცხადეს. ეს რთული და საპასუხისმგებლო პოზიციაა. თქვენ რესპუბლიკას გაუძეხით საკმაოდ რთულ პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკური პერიოდის განმავლობაში“.
ტიმურ ძიბას შეხვედრა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან
კავშირები რუსეთის რელიგიურ ორგანიზაციებთან
„სამმართველოს“ რუსეთის ფედერაციის მუსლიმთა ერთიან სასულიერო სამმართველოსთან და მის რეგიონულ დანაყოფებთან მჭიდრო კავშირი აქვს. „სამმართველოს“ და რუსეთის ფედერაციის მუფთთა საბჭოს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 2008 წელს მოეწერა. 2019 წელს კი შეთანხმებას ხელი მოეწერა ადიღეს რესპუბლიკისა და სტავროპოლის მხარის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოებთან.
2019 წლის 12 სექტემბერს სოჭში ჩატარდა რუსეთის რეგიონთაშორისი ფორუმი „მუსლიმი თემის ადგილი თანამედროვე რუსულ საზოგადოებაში“. ფორუმს დაესწრნენ მუფთები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, დამსწრეთა შორის ასევე იყო აფხაზეთის მუფთი.
2020 წლის 6 ნოემბერს სოხუმის სამლოცველოსთან გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის მუფთსა და დაღესტნის რესპუბლიკის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს წარმომადგენლებს შორის.
2022 წლის 28-30 აგვისტოს „სამმართველოს“ დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ვლადიკავკაზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „რელიგიათშორისი დიალოგი, როგორც ბალკანეთში მშვიდობის საფუძველი“. კონფერენციაზე განიხილეს კოსოვოელ ალბანელებსა და სერბებს შორის კონფლიქტის დარეგულირების გზები.
2022 წლის 8-9 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა მე-18 ისლამური ფორუმი „სამართალი და ზომიერება: მსოფლიო წესრიგის საღვთო პრინციპები“, სადაც ასევე მიიღო მონაწილეობა აფხაზეთის მუფთმა.
2023 წლის 14 ივლისს მაიკოპის მთავარ მეჩეთში გაიმართა „სამმართველოს“ დელეგაციასა და ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუფთს, ასკარბ კარდანოვს შორის შეხვედრა. კარდანოვმა გამოხატა მზაობა, რომ სამმართველოს გაუწიოს ფინანსური დახმარება გუდაუთაში ადმინისტრაციული კომპლექსის ასაშენებლად და ამავდროულად, გააღრმავოს თანამშრომლობა მომავალი პროექტების განხორციელების ჭრილში.
მუფთების შეხვედრა
კავშირები თურქეთთან
აფხაზეთში ისლამი ოსმალეთის იმპერიიდან გავრცელდა და აღნიშნული ისტორიული კავშირები გავლენას ახდენს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მუსლიმ თემსა და თურქეთის რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობებზეც.
აფხაზეთის პირველი მუფთი თურქეთიდან გამოგზავნილი სასულიერო პირი იყო, ხოლო 2008 წლის შემდეგ თურქეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდა. 2010 წლიდან „სამმართველო“ თანამშრომლობს თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოსთან - „დიანეთთან“, რომელიც თავის წარმომადგენელს, რომელიც აფხაზური დიასპორიდან არის შერჩეული, პერიოდულად აგზავნის აფხაზეთში საქველმოქმედო პროექტების კოორდინირებისთვის. აფხაზეთის მუფთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიასთან შეხვედრაში აღნიშნული წარმომადგენელიც მონაწილეობდა.
წლებია უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწეობს თურქული საქველმოქმედო ფონდი „Sadakatasi“. 2015 წელს ფონდმა და „სამმართველომ“ სოხუმში საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს და დაბალ შემოსავლიან ოჯახებს სურსათი დაურიგეს. ეს ოჯახები სირიიდან დაბრუნებული აფხაზები იყვნენ.
2018 წლის 22 დეკემბერს, აფხაზეთის მუფთი სიტყვით გამოვიდა სტამბოლში გამართულ კონფერენციაზე - „აფხაზეთი და ისლამი“. კონფერენცია გამართა თურქულმა ფონდმა „კავკასიამ“. „დიანეთმა“ შემდეგ პირდაპირ მიიწვია მუფთი „ევრაზიის ისლამური საბჭოს“ საერთაშორისო შეხვედრაზე, სადაც დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
2019 წლის 10-15 ოქტომბერს თურქი ექიმების მონაწილეობით ჩატარდა მასობრივი წინადაცვეთის რელიგიური რიტუალი.
2021 წლის 25-28 ნოემბერს, „სამმართველოს“ წარმომადგენელი იბრაჰიმ (შალვა) ანქვაბი სტამბოლში დაესწრო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მე-6 „მსოფლიო ჰალალის“ და მე-7 „ჰალალ ექსპო“ გამოფენებს, სადაც მას წარმოდგენილი ჰქონდა სტენდი აფხაზეთის შესახებ. ანქვაბის გადმოცემით, მას სტენდის ორგანიზაციაში დაეხმარა ე.წ. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ისლამური ბიზნეს ფორუმი (რუსეთი).
„სამმართველოს“ წარმომადგენელი სტამბოლში გამართულ გამოფენაზე
2023 წელს „დიანეთმა“ მოაწყო ორი საერთაშორისო ონლაინკონფერენცია, სადაც დაპატიჟებული იყვნენ მუსლიმი სასულიერო პირები. კონფერენციაზე დაგმეს შვედეთში ყურანის დაწვა და ღაზაში ისრაელის ქმედებები. ორივე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა „სამმართველოს“ წარმომადგენელი.
აფხაზეთის მუფთი „დიანეთის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრება
ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის პოლიტიკურ და რელიგიურ წრეებთან ურთიერთობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. შემთხვევით არ უნდა იყოს, რომ აფხაზეთის „სამთავრობო“ ვებგვერდებიდან სწორედ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდია თურქულად წარმოდგენილი, აფხაზურ, ინგლისურ და რუსულთან ერთად. ანალოგიურად, თავად „სამმართველოს“ ვებგვერდის თურქული ვერსიაც არის ხელმისაწვდომი, აფხაზურთან და რუსულთან ერთად. საყურადღებოა, რომ თავად „დიანეთის“ ვებგვერდზეც, ქვეყნების სიაში გვხვდება „სამხრეთ ოსეთი“ და „აფხაზეთი“.