ახალი ამბები

ალექსეი საზანოვის შეხვედრა ასლან ბჟანიასთან და დე ფაქტო მთავრობის წევრებთან

2024 / 05 / 10

7 მაისს რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ალექსეი საზანოვმა შეხვედრები გამართა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან და ე.წ. პრემიერ მინისტრთან, ალექსანდრე ანქვაბთან.

საზანოვი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორმაგი დაბეგვრისა და საშემოსავლო გადასახადების თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად.

ბჟანიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. საზანოვმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დადებული შეთანხმება გამოიწვევს აფხაზეთში კერძო ინვესტიციების ზრდას, განსაკუთრებით კი, ტურიზმის სფეროში. საზანოვის თქმით, რუს კერძო ინვესტორებში არსებობს აფხაზეთისადმი ინტერესი, ეს შეთანხმება კი ხელს შეუწყობს რისკების შემცირებას, რის შედეგადაც ინვესტორები პროექტების რეალიზებას უფრო აქტიურად შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების შედეგად, ადგილობრივ, აფხაზურ ბიზნესზეც აღარ გავრცელდება ორმაგი დაბეგვრის სისტემა, რაც საშუალებას მისცემს აფხაზ მეწარმეებს საკუთარი საქმიანობა უფრო მეტად განავითარონ როგორც რუსეთში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში.

შეთანხმებას ხელი მოაწერა საზანოვმა და დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ე.წ. ფინანსთა მინისტრმა, ვლადიმერ დელბამ.

Go BackGo Back