ავტორი: საბა სამუშია
14 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საქველმოქმედო ასოციაციის გენერალურ დირექტორ სეიედ მაჰმუდ რეზა საჯადსა და ,,სტროიპროგრესის’’ პრეზიდენტ ალბერტ ჯუსოევს შეხვდა. აღნიშნული მოვლენა საინტერესოა იმით, რომ ცხინვალის რეგიონს მსგავსი მაღალი დონის ირანელი სტუმარი პირველად ესტუმრა.
შეხვედრაზე, რომელსაც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი კონსტანტინ ჯუსოევიც ესწრებოდა, გაგლოევმა ხაზი გაუსვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის არცთუ ხანგრძლივ ისტორიას და 2008 წელს რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, მან ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, რეზა საჯადი მიესალმა „სამხრეთ ოსეთის“ ეკონომიკური ზრდისთვის გადადგმულ მცდელობებს და დააფიქსირა ირანის მზადყოფნა, ეკონომიკური და სამრეწველო სექტორების ხელშეწყობის გზით, წვლილი შეიტანოს ამ მცდელობების განხორციელებაში.
ალან გაგლოევის შეხვედრა რეზა საჯადისთან
სამეცნიერო კარიერა
საჯადი, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად სავსებით სამართლიად მიიჩნევა, მაღალი ტექნოლოგიების სპეციალისტია. თეირანის უნივერსიტეტის ელექტრონული ინჟინერიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, საჯადი ირანის მაღალი ტექნოლოგიების სექტორში იწყებს საქმიანობას (1983) და მალევე რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის ქვეშ ტექნოლოგიური თანამშრომლობის ბიუროს აარსებს, რომლის პირველი ხელმძღვანელიც თავადვე ხდება. მის სამეცნიერო დოსიეში მოიპოვება ინფორმაცია, რომ საჯადი ირანის პოლიმერებისა და პეტროქიმიის კვლევითი ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობასაც იკავებდა და სწორედ მან შეასრულა უდიდესი როლი ირანის ნანოტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებაში.
დიპლომატიური კარიერა რუსეთში
საჯადი 2009-2013 წლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა რუსეთის ფედერაციაში. საგულისხმოა, რომ 2018 წლამდე საჯადი აქტიურად წერდა საკუთარ ბლოგზე, სადაც იგი ირანის ისტორიის, კულტურის, ეკონომიკის, ხელოვნებისა და მეცნიერების, ასევე სპარსული ენისა და ლიტერატურის შესახებ აქვეყნებდა სტატიებს. სწორედ ამ ბლოგში ვკითხულობთ, რამდენად მეგობრულადაა იგი განწყობილი რუსეთისა და ,,მისი არაჩვეულებრივი მაცხოვრებლების მიმართ’’.
საჯადის ჩანაწერების ზედაპირული ანალიზიც საკმარისია იმის დასასკვნელად, რომ იგი რუსეთ-ირანის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მომხრეა. მისი შეფასებით, აშშ-ის მცდელობებმა, დაანგრიოს რუსეთ-ირანის ურთიერთობები, შედეგი ვერ უნდა გამოიღოს, რამეთუ ამ ორ ხალხს, განსაკუთრებით ბიზსნესმენებს, სჭირდებათ ეკონომიკურ სფეროში (და არა მხოლოდ) კიდევ უფრო დაახლოება. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ მიზნით წამოაყენა საჯადმა ,,რუსეთ-ირანის მეგობრობის საზოგადოების’’ დაარსების იდეა, რომლის ქარტიაზეც - მისივე მტკიცებით - თავად იმუშავა.
მიუხედავად იმისა, რომ საჯადის გვიანდელი პოზიციები აშკარა პრორუსულობით ხასიათდება, არსებობს 2011 წლის განცხადება, რომელშიც ირანის ელჩი ღიად აკრიტიკებს რუსეთს მისი ქმედებების გამო. კერძოდ, 2011 წლის აგვისტოში ,,ჩაინა დეილი’’, ,,ფარს ნიუს აჯენსი’’ და ,,ენდურინგ ამერიკა’’ აქვეყნებენ სტატიებს, რომლებშიც ნათქვამია, რომ ელჩი საჯადი ადასტურებს ირანის მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის წარდგენას, რაც რუსეთის მხრიდან S-300 ტიპის რაკეტების მიუწოდებლობით იყო განპირობებული. ამას გარდა, საჯადმა ღიად გააკრიტიკა „გაზპრომიც“ ირანის ნავთობის მარაგების შევსების შეფერხების გამო. საჯადის განცხადებით, ,,რუსულმა კომპანიებმა დიდი ზარალი მიაყენეს ირანელ ხალხს და რუსეთის ასეთი მიდგომა საფრთხის შემცველია ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის“. თუმცა, ,,რია ნოვოსტის“ სტატიაში ვკითხულობთ, რომ უკვე 2013 წელს ელჩი იწონებს რუსეთის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში და რუსეთის მიერ სამშვიდობო ძალების გოლანის მაღლობებზე გაგზავნას ,,კონსტრუქციულ’’, ,,რაციონალურ’’ იდეას უწოდებს.
საჯადის მოსაზრებები
ანალიზს იმსახურებ ისიც, თუ რა ტიპის განცხადებებს აკეთებს საჯადი ელჩის პოზიციის დატოვების შემდეგ. ,,ტასმინ ნიუს აჯენსისა’’ და ,,ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტოს’’ სტატიებში საჯადის განცხადებები არცთუ იშვიათად ქვეყნდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი ფიგურის მნიშვნელობას ირანში (საჯადის ფიგურის მნიშვნელობა მის სრულ სახელწოდებაშიც ჩანს. ირანში ,,სეიედი’’ მიიჩნევა საპატიო ტიტულად, რომელიც ისლამის მქადაგებელ მუჰამადის შთამომავლებს ენიჭებათ. ტიტული აუცილებლად მამის ხაზით გადადის და მოქმედებს პრინციპი: „შენ შეგიძლია იყო სეიედი, თუ მამაშენი არის სეიედი“).
საგულისხმოა, რომ საჯადი ძირითადად სამი მიმართულებით აფიქსირებს საკუთარ პოზიციებს: ირანის ეკონომიკა, ირანის ბირთვული პოლიტიკა, რეგიონული უსაფრთხოება. უსაფრთხოების კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებოა მისი დამოკიდებულება სირიის საკითხის მიმართ. მაგალითად, 2018 წლის განცხადებაში საჯადი ამტკიცებს, რომ ,,რუსეთი, ირანი და თურქეთი ერთად უნდა დარჩნენ, რათა დაეხმარნონ სირიას განთავისუფლებასა და აღდგენაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საუდის არაბეთისა და შეერთებული შტატების ხელში აღმოჩნდება’’. ამავე განცხადებაში იგი განმარტავს, რომ ირანის რევოლუციამდე შაჰი ამერიკის მარიონეტი იყო; რომ ირანი აღარ დაუშვებს, კვლავ მოექცეს ამერიკის გავლენის ქვეშ და, რომ დაიცავს რეგიონულ უსაფრთხოებას. რაც შეეხება რუსეთ-ირანის ორმხრივ კავშირებს, საჯადის შეფასებით, პოლიტიკური ურთიერთობები შენარჩუნებულია ,,ძალიან კარგ დონეზე’’, მაგრამ თანამშრომლობა ეკონომიკისა და მედიის სფეროებში სუსტი რჩება, რაზე მუშაობაც არის საჭირო. ამავე წელს ,,ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტოსთან“ ინტერვიუში საჯადი აცხადებს, რომ მოსკოვმა ჩინებულად იცის ირანის მოკავშირეობის ფასი სირიის საკითხში; რომ ის ვერ მიაღწევს სირიაში წარმატებას ირანის მხარდაჭერის გარეშე. ამას გარდა, ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა რუსეთისა და ირანის საერთო ინტერესებს პაკისტანსა და ავღანეთში, განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ასპექტით, რაც კიდევ ერთხელ გამოკვეთს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
რაც შეეხება ირანის ბირთვულ პოლიტიკას, საჯადის მოსაზრებები აქაც ისლამური რესპუბლიკის ოფიციოზის რიტორიკის ანარეკლია. სადაჯმა 2016 წელს გააკრიტიკა ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმიდან ( JCPOA) აშშ-ის გასვლა და განაცხადა, რომ აშშ-ის ეს ქმედება საფრთხის უქმნის სანდოობას საერთაშორისო საზოგადოებაში. 2022 წელს კი რუს ჟურნალისტ ნინა ლეონტიევასთან ინტერვიუში, რომელსაც სავსებით მიზანმიმართულად ჰქვია ,,წარსულის პატიება“, საჯადმა აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პოლიტიკა მშვიდობისმყოფელ მისიას ემსახურება. ყოფილი ელჩის მტკიცებით, თუ ისრაელს შეუძლია ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მაშინ აზრმოკლებულია, მოსთხოვო ირანს, მოახდინოს მისი ბირთვული არსენალის ელიმინაცია.