ავტორი: საბა სამუშია
2024 წლის 25-26 აპრილს ცხინვალის რეგიონს რუსი ინვესტორი ალბერტ ჯუსოევი ესტუმრა, რომელიც კომპანია „სტროიპროგრესის“ („Стройпргогресс“) ჯგუფის პრეზიდენტია. ჯუსოევი წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან არის. კომპანია აერთიანებს სამთო მრეწველობას, ნავთობის მოპოვებას, საბანკო სფეროს, მრეწველობას, ლოგისტიკას. ჯგუფში შემავალი 48 კომპანია რუსეთის 20 რეგიონში და სამ სახელმწიფოში მოღვაწეობს.
ჯუსოევი ცხინვალში კიდევ ერთხელ ჩავიდა მაისში. მას თან ახლდა ჩინური და ირანული კომპანიის წარმომადგენლებიც. ჯუსოევის გააქტიურება წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვა. 9 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი შეეცდება ჯუსოევის ვიზიტი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
ვინ არის ალბერტ ჯუსოევი?
ალბერტ ჯუსოევი დაიბადა 1963 წლის 19 ნოემბერს სოფ. კვაისაში, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, საქართველოს სსრ-ში. მოსკოვის სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იგი საქმიანობას მოსკოვის სამრეწველო მშენებლობის მთავარ სამმართველოში იწყებს, რომელსაც ვლადიმერ რესინი ხელმძღვანელობდა. ამასთან, 1989 წელს ჯუსოევი აარსებს კომპანიას, რომელიც მოგვიანებით სამშენებლო გიგანტ „სტროიპროგრესად“ (Стройпрогресс) გადაიქცა. სამშენებლო კომპანია „გაზპრომის“ დაკვეთებს ასრულებს, მათ შორის ცხინვალის რეგიონშიც. ჯუსოევი კომპანიის 50%-იან წილს ფლობს, ხოლო მისი გენერალური დირექტორის პოზიციას ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, იური მოროზოვი იკავებს. „სტროიპროგრესმა“ ცხინვალის რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი ააშენა: საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ადმინისტრაციული შენობები.
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო ჯუსოევს არაერთი „სახელმწიფო“ ჯილდო აქვს მიღებული. მაგალითად: ,,წმინდა დანიელ მოსკოველის მედალი’’ და სიმამაცის ორდენი. რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ეკლესიების მშენებლობასა და რესტავრაციაში მხარდაჭერისთვის, ჯუსოევი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არაერთი ორდენის კავალერიცაა.
პოლიტიკური საქმიანობა
2006 წელს ჯუსოევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მრჩეველი გახდა სამშენებლო საკითხებში. ამავე წელს დაიწყო ჯუსოევის კომპანიამ „გაზპრომის“ გაზსადენის მშენებლობა რუსეთიდან ცხინვალის მიმართულებით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჯუსოევი ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერებს დაუპირისპირდა. ჯუსოევი კოკოითის კრიტიკოსი გახდა.
სამართლებრივი პრობლემები
2009 წელს ჯუსოევს სამართლებრივი პრობლემები შეექმნა. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა გადასახადების გადახდისგან თავის არიდებასა და გარემოზე ზიანის მიყენებაში. ჯუსოევმა კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი მტკიცებით, ეს პრეტენზიები წარმოიშვა მოსკოვის მიერ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, სადაც ავტოკრატიულმა ტენდენციებმა დაფასებული მოქალაქეების დევნა გამოიწვია.
ჯუსოევის კრიტიკა
ჯუსოევი ღიად აკრიტიკებს ცხინვალის რეგიონში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ის ამტკიცებს, რომ რეგიონის ეკონომიკა დიდწილად ეყრდნობა რუსულ სახსრებს და არ არსებობს ძლიერი ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივები. მან ასევე არაერთგზის გააკრიტიკა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც „პრეზიდენტობის“ კანდიდატებისთვის ბინადრობის ცენზს აწესებს. მისი შეფასებით, აღნიშნული მუხლი ხელს უშლის წარმატებულ ემიგრანტებს, რომ რეგიონის განვითარებაში შეიტანონ წვლილი. ჯუსოევმა არაერთხელ მოითხოვა ამ შეზღუდვის გაუქმება, რათა შესაძლებელი გამხდარიყო დიასპორის უფრო აქტიური მონაწილეობა რეგიონის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ბინადრობის ცენზს მოქმედი დე ფაქტო ლიდერები აქტიურად იყენებენ კონკურენტების წინააღმდეგ.
სამომავლო პერსპექტივები
ჯუსოევის ინტერესები მოიცავს, როგორც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე მისი პოლიტიკურ გავლენის გაძლიერებასაც. მისი საქმიანობის გამო რუსული და ადგილობრივი მედია ჯუსოევს ხშირად მეცენატად მოიხსენიებს. საინტერესოა, რომ ანალოგიურ სათაურებს იყენებს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ოფიციალური საიტიც. მაგალითისთვის, საიტზე განთავსებული ოფიციალური განცხადება, რომელიც აღწერს ჯუსოევის უკანასკნელ ვიზიტს, ჯუსოევს „მეცენატ ბიზნესმენად“ მოიხსენიებს და დეტალურად აღწერს ჯავის სკოლა-პანსიონისთვის ინტერაქტიული აღჭურვილობის გადაცემის პროცესს.