ავტორი: არსენ არაქელოვი
2024 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ, როგორც რუსეთში, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
გამოხმაურება აფხაზეთში
27 მაისს განცხადება გაავრცელა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „ნათელია, რომ წინასაარჩევნოდ ასეთი პოპულისტური განცხადებები მიმართულია შიდა აუდიტორიაზე. საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა დააბრუნოს აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში აბსოლუტურად უპერსპექტივოა. საჭიროდ მივიჩნევთ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აგრძელებს სვლას საკუთარი სუვერენიტეტის გამყარების გზაზე. აფხაზმა ხალხმა გააკეთა საკუთარი საბოლოო არჩევანი, ეს არჩევანი კი არ ექვემდებარება არანაირ რევიზიას“ - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გაჟღერებულ განცხადებას უპასუხა ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, სერგეი შამბამაც. „მათ (ქართველებს) 30 წელია სურთ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგებია, ვისთვის არის ეს გასაკვირი? ეს მათი შიდაპოლიტიკური ამოცანაა და ეს ჩვენთვის არ არის სიახლე. აფხაზეთს საკუთარი ამოცანები აქვს - დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, საკუთარი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გამყარება“. „როდესაც ამის დრო მოვა, მხოლოდ მაშინ განვიხილავთ, ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ შესაბამის მზაობას, თუმცა კონფედერაციის ან მსგავსი საკითხების განხილვას ამ სახელმწიფოსთან ჩვენ არ ვაპირებთ“.
1992 წელს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის კონფედერაციული მოდელი განიხილებოდა, თუმცა განხილვის დღეს სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, „იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახლა კი ეს არანაირად აღარ განიხილება“ - განაცხადა შამბამ.
გამოხმაურება ცხინვალის რეგიონში
კობახიძის განცხადებას უპასუხეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
„სამხრეთ ოსეთის ხალხმა გააკეთა საკუთარი არჩევანი, რომელიც არ ექვემდებარება გადახედვას და მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობასა და რუსეთის ფედერაციასთან, რესპუბლიკის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტთან, მეგობრული ურთიერთობებისა და ინტეგრაციული კავშირების გაძლიერებისკენ“.
დე ფაქტო უწყების თანახმად, მათ „კიდევ ერთხელ უწევთ ჩრდილი მიაყენონ ბატონი კობახიძის საოცნებო განწყობას და დააბრუნონ იგი და სხვა „მეოცნებეები“ რეალობაში, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე მიმდინარე სერიოზულ შიდაქართულ პოლიტიკურ კრიზისში გამოიხატება“.
„ეს საკმაოდ სერიოზული ფაქტორებია, საქართველოს ხელმძღვანელობის უუნარობა კი გაუმკლავდეს ამას არა მარტო კობახიძის „ევროპული ოცნების“ შესახებ გამოცხადებულ ვადებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ შეიძლება გადაიქცეს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების რეალურ საფრთხედ“ - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ბოლოს კი, დე ფაქტო უწყებამ აღნიშნა - „კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში ე.წ. შესვლის შესახებ ნებისმიერი საუბრები. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სახელმწიფოა, რომელმაც საკუთარი დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან მრავალწლიან სისხლიან ბრძოლაში მოიპოვა და საკუთარი თავისუფლებისთვის გადაიხადა უდიდესი ფასი“.
კობახიძეს გამოეხმაურა დე ფაქტო პრეზიდენტის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელი, იური ვაზაგოვიც.
ვაზაგოვმა კობახიძის განცხადება მოიხსენია, როგორც „შუასაუკუნეების სქოლასტიკა“, რადგან, მისი თქმით, კობახიძე იყენებს ზვიად გამსახურდიას დროინდელ ნარატივს. ვაზაგოვმა აღნიშნა, რომ როგორც ცხინვალისთვის, ასევე სოხუმისთვის არ არსებობს მიზეზი უარი თქვან სახელმწიფოებრიობაზე, რომელიც დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდათ. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ კი, მან განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკას საქართველოსთან ერთად კავშირებში გაწევრიანების მცირედი სურვილიც კი არ გააჩნია.
გარდა ამისა, ვაზაგოვმა შეახსენა თბილისს, რომ ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებს „წამყვანი ბირთვული ძალა (რუს. держава)“ და სუვერენიტეტის შესახებ რუსული პროპაგანდისთვის ჩვეული განცხადებები გააჟღერა, რომლის თანახმადაც „საქართველოსთვის ახლა უფრო აქტუალური ამოცანაა კოლონიალური დამოკიდებულების მდგომარეობიდან გასვლა და არა მითოლოგიური „მთლიანობისკენ“ სწრაფვა“.
„მოსეს გზის მაგივრად, რომელსაც მიჰყავს საქართველო „აღთქმული მიწისაკენ“, რომლის შესახებაც ლაპარაკობდა ირაკლი კობახიძე, საქართველო ჯერჯერობით მიდის ნოე ჟორდანიისა და ზვიად გამსახურდიის გზით, ეს გზა კი თვითგანადგურებისა და მორიგი სამხედრო კონფლიქტის გზაა“ - განაცხადა ვაზაგოვმა. ვაზაგოვის ინტერვიუ განთავსდა დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ვებ-გვერდზე.
გამოხმაურება რუსეთში
კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ რუსი მაღალჩინოსნები. საინტერესოა იმ პირების განცხადებები, რომლებსაც კავშირი აქვთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან.
კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა გრიგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც პერიოდულად ოკუპირებულ რეგიონებში ვიზიტით ჩადის.
„ვერავინ აუკრძალავს დისკუსიას, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს. მათ სურთ, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად იცხოვრონ, ან შეიძლება სხვა ქვეყნებთან ერთადაც - ეს არის დისკუსია. საქართველოს პრემიერისთვის ახლა მთავარია ადამიანები, რომლებსაც უცხო სახელმწიფოები ინახავენ და ეწევიან პოლიტიკურ და საინფორმაციო საქმიანობას, იყვნენ კანონით განსაზღვრული. ჩვენ აქედან უნდა ამოვიდეთ, დანარჩენი ეშმაკისგან ნაკარნახევი მსჯელობაა“ - განაცხადა კარასინმა და ამით გამოეხმაურა ე.წ. აგენტების კანონსაც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით 28 მაისს მიიღო.
„ამჟამინდელ საკმაოდ რთულ ვითარებაში მე აღვნიშნავდი, რომ ის (კობახიძე) ორთაბრძოლაშია სალომე ზურაბიშვილთან, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო უკავია დასავლეთის უმცირესობის პოზიცია და თუ დავკონკრეტდებით, ევროკავშირისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების პოზიცია, რათა დაამარცხონ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება“ - განაცხადა კარასინმა და შეაფასა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
იმ რუს მაღალჩინოსნებს შორის, ვინც გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, რუსეთის დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ ზატულინიც იყო.
ზატულინის თქმით, კობახიძის განცხადება დაკავშირებულია სურვილთან გამოამჟღავნოს პრემიერ-მინისტრმა პატრიოტიზმი და ამავდროულად, თავი გაიმართლოს დასავლეთთან.
„მე არ ვიცი რითი იყო შთაგონებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატრიოტიზმის ჩვენების სურვილის გარდა. როგორ აპირებს ის 2030 წლამდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, იმყოფებიან რუსეთის დაცვის ქვეშ და შესაბამისად, აღიარებულნი არიან, მე კარგად ვერ ვხვდები. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურდა კიდევ ერთხელ აღენიშნა საკუთარი, როგორც პოლიტიკოსის ფიგურა, რომელიც არაფერში არ დაუთმობს ოპოზიციას პრეტენზიას ევროკავშირში გაწევრიანებისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ“.
ზატულინის აზრით, „დიდ როლს თამაშობს კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ“. „ეს, დიდი ალბათობით, გამოწვეულია იმ შიდაპოლიტიკული ბრძოლით, რომელიც გამწვავდა საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის სურვილი კი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად დასავლეთის წინააღმდეგობისა, მათ მიიღეს ეს კანონი, იყო ის, რომ მაინც ეჩვენებინათ, რომ ისინი სინამდვილეში არ იმყოფებიან რუსული გავლენის ქვეშ. ჩვენ მიზნად ვისახავთ ისეთ რაღაცებს, რაც კონფლიქტურია რუსეთთან და თქვენ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად გარკვეულ პრიორიტეტებში ჩვენი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, რაც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. საქართველო თავს იმართლებს შიდა ოპოზიციასთან და დასავლეთთან“ - განაცხადა ზატულინმა.
შეჯამება
მიუხედავად ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებებისა, ირაკლი კობახიძის განცხადება 2030 წლისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ ოკუპირებულ რეგიონებში სერიოზულად არ აღუქვიათ. აფხაზურ ტელეგრამ არხებში მომხმარებლები ირონიითა და ხუმრობით პასუხობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თავად განცხადებას კი, რეალობას აცდენილს უწოდებდნენ.
ამავდროულად, რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებმა შესაბამისი ახსნები მოუძებნეს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, შეეცადნენ არ შეეფასებინათ რადიკალურად და აღნიშნულს ძირითადად, პრაგმატიზმითა და შიდაპოლიტიკური ბრძოლით ხსნიდნენ. რუსი მაღალჩინოსნების ეს „არაგამაღიზიანებელი შეფასებები“ კი შესაძლოა დაკავშირებული იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღებასთან, რასაც რუსმა მაღალჩინოსნებმა და პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებმა მხარი არაერთხელ დაუჭირეს.