30 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას რუსეთის საინვესტიციო პროგრამის შესახებ მოხსენება ჩააბარა.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, რუსეთს შემუშავებული აქვს „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა“, რომლის შესასრულებლად, ძირითადად, 3 წლიანი გეგმა არის გაწერილი.
ოზგანის განცხადებით, 2023-25 წლებში აფხაზეთის დასახმარებლად პროგრამით გამოყოფილია 3.4 მლრდ რუბლი. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პროგრამის ფარგლებში უნდა გამოყოფილიყო 4.5 მლრდ რუბლი, თუმცა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური მხარდაჭერა შემცირდა.
2024 წელს დე ფაქტო მთავრობამ 1 მლრდ რუბლი უნდა დახარჯოს, რომლის 25%, 258 მლნ უკვე ათვისებულია.
წელს ასათვისებელი თანხა მოხმარდება სოხუმში „ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მშენებლობასა და ქუჩების კეთილმოწყობას.
გუდაუთის რაიონში დაგეგმილია სოფ. ლიხნსა და ხოფში გზის რეაბილიტაცია, რაშიც 29.3 მლნ რუბლი დაიხარჯება.
ოჩამჩირის რაიონში შიდა საქალაქო გზების რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაშიც 50 მლნ რუბლი დაიხარჯება.
ტყვარჩელის რაიონში დასრულდება ქ. ტყვარჩელისა და ორი სოფლის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია და ასევე, რეაბილიტირდება "თავისუფლების პროსპექტი".
გაგრის რაიონისთვის გამოყოფილია 398.35 მლნ რუბლი, რადგანაც დაგეგმილია ელექტროქვესადგურის „ალახადზის“ რეკონსტუქცია. გარდა ამისა, რაიონში, კერძოდ, ქ. გაგრასა და ბიჭვინთაში წყალარინების სისტემას გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდება.
„რესპუბლიკური მაგისტრალის“ - ფსოუ-სოხუმი სარემონტო სამუშაოებზე გამოიყო 52.82 მლნ რუსული რუბლი.