ახალი ამბები

„აბხაზმედი“: თაფლის მწარმოებელი საწარმო ოკუპირებულ აფხაზეთში

2024 / 06 / 02

ავტორი: საბა სამუშია

„აბხაზმედი“ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო საწარმოა, რომელიც დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. თაფლის წარმოების ხელშეწყობისა და მართვის მიზნით დაარსებული „აბხაზმედი“ მთავარ როლს ასრულებს ოკუპირებულ რეგიონში მეფუტკრეობის განვითარებაში.

„სახელმწიფო“ საწარმო

„აბხაზმედი“ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია, რადგან ტურიზმთან ერთად, სოფლის მეურნეობა ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებად არის გამოცხადებული. „აბხაზმედი“ „რესპუბლიკური უნიტარული საწარმოა“ და მას ხშირად სტუმრობს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია. დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბესლან ჯოპუა თავის ინტერვიუებში ხაზს უსვამს საწარმოს სტრატეგიულ მნიშვნელობას და მეფუტკრეობის განვითარებისთვის „სახელმწიფო“ მხარდაჭერის საჭიროებას.

ასლან ბჟანიას ვიზიტი საწარმოში

პროდუქცია

„აბხაზმედი“ თაფლის მთავარი მწარმოებელია აფხაზეთში. 2018 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფ. კინდღიში თაფლის გაწმენდისა და შეფუთვისთვის საწარმო აშენდა. საწარმოს მშენებლობა 20 მლნ რუბლამდე დაჯდა. საწარმო კერძო პირებისგან იბარებს თაფლს, რომელიც შემდეგ გასაყიდად მზადდება. საწარმოს დირექტორის, დაურ ტუგუშის განცხადებით, „აბხაზმედი“ თაფლის პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს აწარმოებს, რომელიც რეგიონის მდიდარ ყვავილოვან რესურსსა და ბიომრავალფეროვნებას ემყარება.

ტუგუშის განცხადებით, წელს თაფლის მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, გასულ წლებთან შედარებით 30%-ით, რაც მხოლოდ შიდა ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის საკმარისი. მისი თქმით, ამავე დროს გაზრდილია პროდუქციის ფასიც.

„აბხაზმედის“ პროდუქცია

ექსპორტი

საწარმოს წარმომადგენლების განცხადებით, თაფლის ფასებთან და მარკეტინგულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, „აბხაზმედის“ თაფლის პროდუქტები სხვადასხვა არხით იყიდება. საწარმოს მთავარი სამიზნე ბაზარი რუსეთია, სადაც სხვადასხვა სადისტრიბუციო ქსელებში იყიდება „აბხაზმედის“ თაფლი. რუსეთის ბაზრის მთავარი გამოწვევა ფასებია, რადგან ფასით კუთხით აფხაზური თაფლი ძვირია და ნაკლებად კონკურენტუნარიანი.

აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლის, ზალინა კობესოვას განცხადებით, მისი წარმომადგენლობა ჩართულია აფხაზეთიდან რუსეთში თაფლის ექსპორტის ორგანიზებაში. კობესოვას თქმით, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის პროდუქციის სერტიფიცირებასა და სხვა პრობლემების მოგვარებაში დახმარების მიზნით აფხაზეთში ლაბორატორია შეიქმნება.

 

Go BackGo Back