ავტორი: მარიამ ხახუტაიშვილი
ადრეული პერიოდი
დოღუ ფერინჩექი დაიბადა 1942 წლის 17 ივნისს გაზიანთეფში, თურქეთში. მამა, სადიქ ფერინჩექი უზენაესი სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილე და ოთხგზის პარლამენტის წევრი იყო.
განათლება ანკარის სარარის დაწყებით და ათათურქის საშუალო სკოლებში მიიღო, ასევე სწავლობდა ბაჰჩელიევერის ექსპერიმენტულ უმაღლეს სკოლაში.
1964 წლის ივნისში დაამთავრა ანკარის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1968 წლის მარტში სამართლის დოქტორი გახდა. მისი სადოქტორო დისერტაციის თემა და პირველი წიგნია - „პოლიტიკური პარტიების შიდა წესრიგისა და აკრძალვის რეჟიმი თურქეთში.“
1968 წლის მარტში გახდა ინტელექტუალური კლუბების ფედერაციის (Dev-Genç) თავმჯდომარე. 1968 წელს რევოლუციური ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი იყო. ამ წლებში თურქეთის ისტორიაში ყველაზე მასიური ახალგაზრდული აქციები გაიმართა.
ფერინჩექი, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული რევოლუციის იდეას (1970-იან წლებში თურქეთში სამხედრო ინტერვენციის გზით მარქსისტულ-ლენინური ტიპის სოციალისტური რევოლუციის მოწყობას ისახავდა მიზნად) მისდევდა, 1969 წელს დაარსა თურქეთის არალეგალური რევოლუციური მუშათა და გლეხთა პარტია (TIIKP). 1971 წელს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი ორწელიწადნახევარი დაკავებული იყო. 1974 წლის ივლისში საყოველთაო ამნისტიით გაათავისუფლეს.
1968 წლიდან არის „აიდინლიქის“ მოძრაობისა და პარტიული ორგანიზაციის ლიდერი. 1978 წლის 20 მარტიდან ხელმძღვანელობდა ყოველდღიური გაზეთის - „აიდინლიქის“-ის დაარსებას და გამოცემას, იყო მთავარი რედაქტორი.
1980 წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დააკავეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, გაათავისუფლეს 1985 წლის მარტში. 1990 წლის შემოდგომაზე კვლავ დააპატიმრეს სამი თვით. მან თავისი პოლიტიკური უფლებები 1991 წელს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის გაუქმებით მოიპოვა და ივლისში სოციალისტური პარტიის მე-2 დიდ ყრილობაზე თავმჯდომარედ აირჩიეს.
1992 წლის 10 ივლისს გახდა მუშათა პარტიის თავმჯდომარე, რომელიც დაარსდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ სოციალისტური პარტია დახურა.
2000-იანი წლები
2000-იან წლებში ფერინჩექმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა კრემლის პროპაგანდისტ ალექსანდრე დუგინთან, რომელიც ცნობილია თავისი ანტიდასავლური შეხედულებებით. დუგინი ჩავიდა თურქეთში და ფერინჩექთან ერთად დაესწრო მუშათა პარტიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებს.
2005 წელს დააკავეს შვეიცარიაში სიტყვით გამოსვლისთვის. ფერინჩექი ამტკიცებდა, რომ 1915 წელს სომხების მიმართ გენოციდი არ მომხდარა. შვეიცარიის სასამართლომ ფერინჩექს 90-დღიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 16 873 შვეიცარიული ფრანკის გადახდა დააკისრა „სომხების გენოციდის უარყოფის“ ბრალდებით.
ფერინჩექი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტია „სამშობლომ“ კანდიდატად წარადგინა, მაგრამ იგი ვერ გახდა საპრეზიდენტო კანდიდატი, რადგან საკმარისი ხელმოწერები ვერ შეაგროვეს.
კავშირები ოკუპირებულ აფხაზეთთან
2019 წლის 17 დეკემბერს ფერინჩექი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ეწვია. ფერინჩექს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს თურქეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.
დოღუ ფერინჩექი აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა
ხაჯიმბასთან შეხვედრაზე ფერინჩექმა განაცხადა, რომ: „აფხაზეთი ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებული თურქეთის მიერ. ამისათვის არის პირობები. ჩვენ ყველანი თურქებიც ვართ და აფხაზებიც. ამიტომ თურქეთი აღიარებს აფხაზეთის სახელმწიფოს. აფხაზეთი ასევე არის ხიდი თურქეთსა და რუსეთს შორის. შავი ზღვა ჩვენი საერთო სამშობლოა, ჩვენი ცისფერი სამშობლო.“
2020 წლის 26 თებერვალს, სტამბოლში, პარტია „სამშობლოს“ოფისში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ თურქეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები, მათ შორის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები. შეხვედრაში ფერინჩექიც მონაწილეობდა.
შეხვედრა პარტია „სამშობლოს“ ოფისში
ფერინჩექმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების შემდგომი ლობირების, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და თურქული პარტიების ლიდერებთან, სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლებთან და თურქეთის სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ.
2021 წლის 16 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები ფერინჩექს სტამბოლის პროვინციულ შტაბს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში „აფხაზეთის რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ კვიპროსის“ აღიარების საკითხი განიხილეს.
შეხვედრაზე ფერინჩექმა კავკასიის სამშვიდობო გეგმის შექმნის იდეა გააჟღერა და თქვა: „ჩვენ შეგვიძლია რეგიონში კავკასიის სამშვიდობო გეგმას დავუმატოთ აფხაზეთი და ჩრდილოეთ კვიპროსი“.
აფხაზურმა დელეგაციამ, რომელშიც შედიოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში აფხაზეთის „სრულუფლებიანი წარმომადგენელი“ იბრაჰიმ ავიძბა, აფხაზური ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი ათანურ აქსოი, ფერინჩექსა და პარტია „სამშობლოს“ აფხაზეთის აღიარების თხოვნით მიმართეს და მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადეს. ფერინჩექს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი საჩუქარიც გადასცეს.
ფერინჩექმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან დიდი შესაძლებლობებია თურქი ინვესტორებისთვის აფხაზეთში და შესაძლებელია მათი წახალისება და გადასახადების შემცირება. მან შეხვედრის გამო სიხარული გამოთქვა და განაცხადა, რომ: „აფხაზები გმირულად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის. ისინი იბრძოდნენ დამოუკიდებლობის ომში. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მათ გმირობას, ეს ახლავე უნდა განხორციელდეს“. ფერინჩექმა განაცხადა, რომ აფხაზეთის აღიარებისთვის მისი პარტიის ძალისხმევა გაგრძელდება: „ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ აფხაზეთის აღიარებას რუსეთისა და თურქეთის მეგობრობის ფარგლებში“.
2021 წლის 18 ნოემბერს ფერინჩექმა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი კვარჩიამ სტამბოლში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბიზნესმენი ეთჰემ სანჯაქი და თურქეთის რესპუბლიკაში აფხაზეთის „სრულუფლებიანი წარმომადგენელი“, იბრაჰიმ ავიძბა.
დოღუ ფერინჩექი და ვალერი კვარჩია
„აფხაზეთის დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს. აფხაზეთი თურქეთისთვის საკვანძო პოზიციაზეა კავკასიასთან, აზიასთან და რუსეთთან დასაკავშირებლად. აფხაზეთსა და რუსეთს შორის არის უბაჟო ვაჭრობის ხელშეკრულება. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ თურქეთმა ბევრი პროდუქცია აფხაზეთის გავლით გაიტანოს უბაჟოდ. რუსეთი ჩვენი მეორე სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი აფხაზეთ-თურქეთის მეგობრობა,“ განაცხადა ფერინჩექმა კვარჩიასთან შეხვედრაზე.
2023 წლის ივნისში თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სტამბოლში ფერინჩექს შეხვდა. შეხვედრაზე ფერინჩეკმა განაცხადა, რომ „მათი საერთო და მთავარი მიზანია თურქეთმა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა, ამისათვის კი იგი ძალ-ღონეს არ დაიშურებს“. მან დაარწმუნა არძინბა, რომ უახლოეს მომავალში ისინი ამ მიზანს მიაღწევენ. მას მსგავსი განცხადებები ადრეც გაუკეთებია. ფერინჩექის განცხადებით, თურქეთის მოქალაქეების 90% მხარს უჭერს რუსეთის საგარეო პოლიტიკას. გარდა ამისა, ფერინჩეკმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ურთიერთობა განავითაროს ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან, რომელსაც მხოლოდ თურქეთი აღიარებს.
ინალ არძინბას შეხვედრა დოღუ ფერინჩექთან