ავტორი: მარიამ ხახუტაიშვილი
ბიოგრაფიული ცნობები
ბურჰან ხოსითი (ასევე ცნობილია როგორც ჯანფოლათ ბურჰანი) დაიბადა 1950 წლის 22 სექტემბერს თურქეთში, ცენტრალური ანატოლიის რეგიონის ქ. სივასში.
1973 წელს სტამბოლის უნივერსიტეტში დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი.
1992 წლამდე სხვადასხვა ბიზნეს სტრუქტურებში აუდიტორად მუშაობდა. 1993 წლიდან კი ხელმძღვანელობს საკუთარ აუდიტორულ ფირმას.
1971-1972 წლებში სტამბოლში დაარსებული კავკასიის კულტურის საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
2022 წლის 10 იანვარს ხოსითი დაინიშნა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სრულუფლებიან წარმომადგენლად თურქეთის რესპუბლიკაში. მას მიღებული აქვს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ „სახელმწიფო“ ჯილდოები.
ხოსითის საქმიანობა
1989 წელს თურქეთში ოსთა და ალანთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. 1994 წელს კი აირჩიეს თურქეთის ოსთა საზოგადოება - „ალანის“ თავმჯდომარედ. 1996-1997 წლებში იყო „ალანის“ წარმომადგენელი სტამბოლის კავკასია - აფხაზეთის სოლიდარობის კომიტეტში.
2007 წელს სრულიად ოსური სახალხო საზოგადოებრივი მოძრაობის თურქული წარმომადგენლობის დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო ცხინვალში ოსი ხალხის VI მსოფლიო კონგრესში, სადაც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მოქალაქის პასპორტი გადაეცა.
2023 წლის 25 ივნისს ხოსითმა აფხაზთა კულტურული ასოციაციის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო აფხაზური კულტურის საღამოში, რომელიც გაიმართა „სულეიმან სებას“ კულტურის ცენტრში სტამბოლში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა „ალანის“ თავმჯდომარე სადრეთინ ქუსათი.
ბურჰან ჰოსითი აფხაზური კულტურის საღამოზე
„ამჟამად თურქეთში 30 000-მდე ოსი ცხოვრობს. ყოველწლიურად უფრო და უფრო რთულდება ჩვენი ხალხის ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება. ხდება ასიმილაციის ბუნებრივი პროცესი. სტამბოლში ასიმილაციის პროცესისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით შევქმენით ოსური თემი „ალანი“, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ათას ოსს თურქეთის სხვადასხვა ქალაქიდან. ეს ორგანიზაცია ბევრს აკეთებს ოსური ენის შესანარჩუნებლად, რათა ახალგაზრდებმა ენა არ დაკარგონ და იცოდნენ თავიანთი ისტორია და კულტურა.“ - განაცხადა ხოსითიმ.
„დამკვირვებლის“ სტატუსი არალეგიტიმურ არჩევნებზე
2024 წლის 9 ივნისს ხოსითი „დამკვირვებლის“ სტატუსით მიწვეული იყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სადაც არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ხოსითი და სადრეთინ ქუსათი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა მიიღო.
ბურჰან ხოსითის შეხვედრა ახსარ ჯიოევთან
ჯიოევმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისთვის. სტუმრებმა აღნიშნეს „არჩევნების“ მნიშვნელობა „სამხრეთ ოსეთის“ შემდგომი განვითარებისა და მისი პოლიტიკური ინსტიტუტების გაუმჯობესებისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ „არჩევნები“ ჩატარდება მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ხოსითიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთში დაბრუნების შემდეგ ის მოუყვება იმ სასიამოვნო ატმოსფეროს შესახებ, რომელშიც „არჩევნები“ ჩატარდა. „ჩვენ მოვედით საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. დღეს ხუთ უბანს ვესტუმრეთ და დავინახეთ მშვიდი და მეგობრული ატმოსფერო, რაც ძალიან სასიამოვნოა. თურქეთში ხალხს მოვუყვებით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები. ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება ისევ მოვსულიყავი და შევხვედროდი ოს ხალხს. მეხუთედ ვსტუმრობ რესპუბლიკას და ყოველთვის სიამოვნებით ვესტუმრებით ჩვენი წინაპრების სამშობლოს“, - განაცხადა მან.
ხოსითის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი წინაპრები ოსეთიდან თურქეთში 70 წელზე მეტი ხნის წინ გადავიდნენ, მათ არ ავიწყდებათ ეროვნული კულტურა და მშობლიური ენა. „ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენი ტრადიციები გადავცეთ ახალგაზრდა თაობას“, - თქვა მან.
ბურჰან ხოსითის პრესკონფერენცია
კომენტარი გააკეთა ქუსათიმაც. მისი თქმით, იგი მოხარულია, რომ „სამხრეთ ოსეთში“ დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება. „ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მიზეზს, რომ კვლავ მოვინახულოთ სამხრეთ ოსეთი, ამიტომ, როცა დამკვირვებლების სტატუსით დასწრების მოწვევა მივიღეთ, ეს მხოლოდ გაგვიხარდა. რამდენიმე საარჩევნო უბანი მოვინახულეთ და კენჭისყრის პროცესს დავაკვირდით. დღეს სამხრეთ ოსეთში დღესასწაულია და რესპუბლიკის ხალხს მხოლოდ კეთილდღეობას ვუსურვებ“, - აღნიშნა ქუსათიმ.