ახალი ამბები

BRICS games - ოკუპირებული რეგიონები ალტერნატიულ ოლიმპიადაზე

2024 / 06 / 24

ავტორი: არსენ არაქელოვი

„ბრიკსის თამაშები“ (BRICS games) არის „ბრიკსის“ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული სპორტული ღონისძიება. პირველი ღონისძიება 2017 წელს ჩინეთში ჩატარდა, 2021 წელს მას ინდოეთმა უმასპინძლა, 2023 წელს კი - სამხრეთ აფრიკამ. „ბრიკსის თამაშები“ იმ ქვეყანაში ტარდება, რომელიც „ბრიკსის“ ყოველწლიურ სამიტს მასპინძლობს. წელს სამიტის მასპინძელი რუსეთია, შესაბამისად, ტურნირი ჩატარდა 12 – 23 ივნისს რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში, ქ. ყაზანში. წელს ტურნირში პირველად მიიღეს მონაწილეობა სპორტსმენებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან.

„ბრიკსი“ (BRICS) არის მსოფლიოს ხუთი, სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაერთიანება, რომელიც საკუთარ თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად განიხილავს და ცდილობს, შეცვალოს, მისი ხედვით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებული საერთაშორისო წესრიგი. „ბრიკსის“ ქვეყნები არიან: B - ბრაზილია, R - რუსეთი, I - ინდოეთი, C - ჩინეთი, S - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. 2024 წელს ორგანიზაციაში ოთხი ახალი წევრი (ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები) გაწევრიანდა.

ვინ მონაწილეობდა?

უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობა რუსეთს შეზღუდული აქვს. რუსეთის მოქალაქე სპორტსმენებს კვლავ შეუძლიათ ნეიტრალური სტატუსით მიიღონ მონაწილეობა თამაშებში, თუმცა ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება რუსეთის წევრობის შეჩერებაზე მაინც მოქმედებს რუსული სპორტის განვითარებაზე. ამის ფონზე, რუსეთის მთავრობა აქტიურად ცდილობდა ყაზანში გამართული ტურნირი მასშტაბური ყოფილიყო.

თამაშების დაწყებამდე ორგანიზატორები, კერძოდ, რუსეთის სპორტის სამინისტრო და თათრეთის რესპუბლიკის ადგილობრივი მთავრობა, ირწმუნებოდნენ, რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით, 90 ქვეყნის წარმომადგენელი, რაც დასტურდება ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნების ჩამონათვალითაც. „ბრიკსის“ წევრი ქვეყნების გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ისრაელის, ჩრდ. კორეის, აფრიკის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოები, ხოლო ევროპიდან კი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და ა.შ. მიუხედავად ამისა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ტურნირის წევრი ქვეყნების რაოდენობა გამოცხადებულზე ნაკლები იყო.

რუსეთის მთავრობას სურდა, რომ იზოლაციის მიუხედავად შემდგარიყო მათი მონაწილეობით ისეთი ტურნირი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ოლიმპიურ თამაშებს. 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა პარიზში ივლისშია დაგეგმილი, „ბრიკსის თამაშები“ კი ერთი თვით ადრე ჩაინიშნა. მიუხედავად ამ მცდელობისა, თავად რუსი სპორტსმენები ტურნირის დასასრულს უკვე აცხადებენ, რომ მათთვის ამ ტურნირში მონაწილეობა არ იყო საკმარისად პროდუქტიული, რადგან კონკურენციას უწევდნენ კვლავ თანამემამულეებს, ან იმ ქვეყნის სპორტსმენებს, რომელთა მომზადება არ იყო მათთვის შესაბამისი. აღნიშნული აისახა შედეგებზეც, როდესაც ტურნირის დასრულებამდე ხუთი დღით ადრე, რუსეთს უკვე ჰქონდა ყველაზე მეტი მედალი მოპოვებული.

ტურნირის მასშტაბურობიდან გამომდინარე, წელს რუსეთის მთავრობამ პირველად მიიწვია სპორტსმენები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა ქართულ კონტექსტშიც.

ოკუპირებული რეგიონების მიწვევა სპორტულ ღონისძიებაზე

რუსეთმა „ბრიკსის თამაშებში“ აფხაზი სპორტსმენები 2023 წლის მიწურულს მიიწვია. 14 დეკემბერს მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის „საპარლამენტო კომიტეტის“ თავმჯდომარე, ტარაშ ხაგბა რუსეთის მაშინდელ სპორტის მინისტრს, ოლეგ მატიცინს შეხვდა, რა დროსაც ხაგბამ ტურნირში აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობის თაობაზე მიწვევა მიიღო.

2024 წლის იანვარში „რადიო თავისუფლება“ ცდილობდა გაერკვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თუ რამდენად იყო ინფორმირებული უწყება აფხაზი სპორტსმენების იმ ტურნირში მონაწილეობის შესახებ, რომლის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა. სამინისტრო განცხადებით არ გამოხმაურებია მოვლენებს, თუმცა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ამ თემაზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომ „საქართველოს აქვს საკმაოდ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა“.

ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის კომიტეტმა ოსი სპორტსმენების ტურნირში მონაწილეობის შესახებ 2024 წლის 10 ივნისს განაცხადა.

ტურნირის გახსნა

„ბრიკსის თამაშების“ გახსნითი ღონისძიება 12 ივნისს, „რუსეთის დღეს“ ჩატარდა. გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ რუსეთის მაღალჩინოსნები, მათ შორის, რუსეთის სპორტის მინისტრი, მიხაილ დეგტიაროვი. სპორტსმენებს ცერემონიაზე ვიდეოჩართვით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ტურნირი გახსნილად გამოაცხადა.

ვლადიმერ პუტინის მიმართვა

გახსნის ცერემონიაზე ტურნირში მონაწილე ყველა ქვეყნების სპორტსმენებმა სცენაზე საკუთარი ქვეყნის დროშა აიტანეს, რომელთა შორის გამოჩნდა ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დროშებიც. ქართულ საზოგადოებაში მღელვარება უფრო მეტად გამოიწვია სხვა გარემოებამ, როდესაც დე ფაქტო რესპუბლიკების დროშებთან ერთად სცენაზე გამოჩნდა საქართველოს დროშაც.

ქართველი სპორტსმენები და საქართველოს დროშა გახსნის ღონისძიებაზე

საქართველოს დროშა „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე

ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ტურნირზე საქართველოდან 6 სპორტსმენს უნდა ეასპარეზა. ამ ინფორმაციის თანახმად, ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქართველ სპორტსმენებს - ვალერი იარგანაშვილს, თამაზ ბედინაძეს, ვახტანგ ტაბარუკიშვილს და ზურაბ ჩაგელიშვილს. გარდა ამისა, მონაწილე სპორტსმენებს შორის დასახელებული იყვნენ მსოფლიო ჩემპიონები საქართველოდან - ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე.

ქართველი სპორტსმენების სია „ბრიკსის თამაშების“ ვებ-გვერდზე

ყაზანში ღონისძიებაზე საქართველოს დროშასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე სამბოს ფედერაციაში განაცხადეს, რომ იკვლევდნენ ამ საკითხს, ხოლო რაც შეეხება სპორტსმენების მონაწილეობას, ეს უარყო თავად ქებაძემ.

საქართველოს კურაშის ფედერაციის დირექტორის, გიორგი ჩიტაშვილის განცხადებით კი, „მოხდა გაუგებრობა“. მისი თქმით, საქართველოს ფედერაციამ ტურნირში მონაწილეობაზე მოწვევა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიიღო, თუმცა ოკუპირებული რეგიონების დელეგაციების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ, სპორტსმენებმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობაზე უარი თქვეს.

აფხაზური დელეგაცია

ოკუპირებულ აფხაზეთში ტურნირისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ეს პირველი მასშტაბური სპორტული ღონისძიება იყო.

ე.წ. სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბესლან კარჩავამ ტურნირამდე განაცხადა, რომ აფხაზეთისთვის ეს ტურნირი ოლიმპიური თამაშების ტოლფასია. „აღლუმს აფხაზეთი გახსნის, რადგან ანბანით ჩვენ გვიწევს, მედროშედ კი ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელი, ახრიკ ცვეიბა გვეყოლება“ - განაცხადა კარჩავამ. ცვეიბა 1980-იან წლებში თბილისის „დინამოს“ მოთამაშე იყო.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა ტურნირის გახსნაზე

2 ივნისს „აფხაზეთის თასის“ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებისთვის გათამაშდა 5 საგზური, რითიც გულშემატკივარს შესაძლებლობა მიეცა ყაზანში აფხაზურ დელეგაციასთან ერთად გამგზავრებულიყო. აფხაზური დელეგაცია ყაზანში 11 ივნისს ჩავიდა.

აფხაზურ დელეგაციაში 102 წევრი იყო, მათ შორის სპორტსმენი - 63. დელეგაციის წევრები იყვნენ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ლაშა აშუბა, მისი მოადგილე, ასტამურ არშბა, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვენორი ბებია და ე.წ. პარლამენტის სხვა წევრები.

აფხაზ სპორტსმენებს წერილით მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამაც. გამოქვეყნებულ წერილში ის წერს, რომ „ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ათვლის წერტილია, როდესაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ღირსებით წარმოვუჩინოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი კულტურა და სპორტული ამბიციები“.

აფხაზური დელეგაცია ტურნირზე არსებული 27 სპორტული სახეობიდან წარსდგა 13 სახეობაში, ესენია: მინი კალათბურთი, კრივი, ძიუდო, ქამრებით ჭიდაობა, კარატე, კურაში, მსუბუქი ათლეტიკა, მაგიდის ტენისი, სამბო, სპორტული ჭიდაობა, ჩოგბურთი, უშუ და მინი ფეხბურთი.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად „ბრიკსის თამაშებისთვის“ დარეგისტრირდა ახალი სპორტული სახეობები, როგორიცაა კომპინირებული ღონისძიება, რაც მოიცავს კონკრეტულ სპორტის სახეობაში ჯერ შეჯიბრებას კიბერსპორტში, შემდგომ კი, მოედანზე.

პირველი მედალი აფხაზურმა წარმომადგენლობამ 13 ივნისს მოიპოვა. სამბოს სახეობაში ბრინჯაოსთვის იბრძოდა რახმან ნაპიჯევი, რომელმაც დაამარცხა სპორტსმენი ტაჯიკეთიდან.

აფხაზური სპორტული დელეგაცია

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთი ტურნირზე წარმოდგენილი იყო სამსაჯო ბრიგადაშიც, კერძოდ, კრივის ორთაბრძოლებს სჯიდა ვალერიან არლანი.

აფხაზი სპორტსმენები მედლების რაოდენობით მე-13 ადგილზე გავიდნენ. ოკუპირებულ რეგიონს წინ უსწრებს ტაჯიკეთი, სომხეთი კი, მე-14 ადგილით ჩამორჩება.

დელეგაციამ ჯამში მოიპოვა 1 ოქროს (კრივი), 1 ვერცხლისა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და 5 ბრინჯაოს მედალი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრების რიგებში ირიცხებოდა ეთნიკურად აფხაზი ელკან გვაზავა, რომელმაც მძიმე ათლეტიკაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

23 ივნისს, ტურნირის მიწურულს, რუსეთის სპორტის მინისტრი, დეგტიაროვი დე ფაქტო ახალგაზრდობისა და სპორტის „საპარლამენტო კომიტეტის“ თავმჯდომარეს, ტარაშ ხაგბას შეხვდა. შეხვედრაზე დეგტიაროვმა მიულოცა აფხაზ სპორტსმენებს მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე სპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

ოსური დელეგაცია

ტურნირზე ცხინვალის რეგიონი შედარებით მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, ე.წ. ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოსლან გასიევმა აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ტურნირზე მონაწილეობის დიდი მნიშვნელობა.

„სამხრეთ ოსური სპორტის ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებაში სამხრეთ ოსეთის დროშის ქვეშ ვმონაწილეობთ, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ეს დიდი მოვლენაა და ასეთი შესაძლებლობისთვის ჩვენ მადლიერები ვართ ტურნირის ორგანიზატორების“ - განაცხადა გასიევმა.

ოსური დელეგაცია სპორტის 5 სახეობაში იღებდა მონაწილეობას, ესენია: სპორტული გიმნასტიკა, თავისუფალი ჭიდაობა, მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთი და ჭადრაკი.

ოსური დელეგაცია მედლების რაოდენობით 22-ე ადგილზე გავიდა. მას უსწრებს ეგვიპტე, 23-ე ადგილით კი ჩამორჩება არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ოსური დელეგაციის მონაგარია ერთი ვერცხლის (თავისუფალი ჭიდაობა) და 4 ბრინჯაოს მედალი (კრივი, თავისუფალი ჭიდაობა).

ოსური დელეგაცია

შეჯამება

„ბრიკსის თამაშებში“ მონაწილეობა ოკუპირებული რეგიონებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგანაც მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკებს არ ჰქონიათ მსგავსი მასშტაბის სპორტულ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა.

მეორე მხრივ, ტურნირის მასშტაბურობას ეჭვქვეშ თავად რუსი ბლოგერები და განსაკუთრებით, სპორტსმენები აყენებენ. მათი თქმით, ტურნირში იმაზე ნაკლებმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, ვიდრე ცხადდებოდა. არაერთმა რუსმა სპორტსმენმა კონკურენციის არ არსებობის შესახებ წუხილი გამოთქვა და მიუხედავად წინასწარი განცხადებებისა, რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებდნენ სპორტსმენები ევროპიდანაც, მედალთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ამის თქმა მხოლოდ სერბეთზე შეგვიძლია.

სერბეთს მონაგარში ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს. სერბეთის შედეგებითაც ნათელია, რომ დელეგაცია არ იყო სათანადოდ დაკომპლექტებული. მიუხედავად ამისა, ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კვლავ შეგვიძლია ვიხილოთ ჩამონათვალში არაერთი ევროპული ქვეყანა და, მათ შორის, საქართველოც ნომინალურ 53-ე ადგილზე და მედლების გარეშე.

დაბალი კონკურენციის პირობებში ტურნირის უპირობო გამარჯვებული რუსეთი გახდა 262 ოქროს მედლით, მას ჩამორჩება ბელარუსი 55 ოქროს მედლით, შემდეგ კი მოსდევს ჩინეთი 20 ოქროს მედლით, უზბეკეთი 17-ით და ბრაზილია 7-ით. ქვეყნების ათეულში ასევე შევიდა ირანი, აზერბაიჯანი, ინდოეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, რაც ასევე მიუთითებს ტურნირის რეალურ მასშტაბებზე.

Go BackGo Back