ავტორი: მარიამ ბოკუჩავა
1992-1993 წლების აფხაზეთის ომში რუსეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა სეპარატისტების გამარჯვებაში. „რუსეთის სამხედრო ჩართულობა აფხაზეთის ომში“ სტატიების სერიის მიზანია გამოიკვლიოს რა ტიპის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა რუსეთმა სეპარატისტებს ომის დროს და რა როლი შეასრულეს „მოხალისეებმა“ საომარ მოქმედებებში.
რუსეთის სამხედრო ჩართულობა აფხაზეთის ომში (1992-1993 წლები) იყო ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას. მიუხედავად იმისა, რომ კრემლს ოფიციალურად ნეიტრალური პოზიცია ეკავა, რუსეთი აქტიურად იყო ჩართული კონფლიქტში აფხაზ სეპარატისტთა მხარეს. სეპარატისტებისთვის გაწეული სამხედრო დახმარება რამდენიმე ასპექტს მოიცავდა: იარაღითა და სამხედრო ტექნიკით მომარაგება, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება და სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში დახმარება. რუსეთის მიერ აფხაზური მხარის სამხედრო დახმარების ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა რუსეთის საავიაციო ძალების ჩართულობა შეიარაღებულ კონფლიქტში. რუსული თვითმფრინავები გამოიყენებოდა სამოქალაქო სამიზნეების დასაბომბად ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსული სამხედრო ტექნიკითა და თვითმფრივანებით იბომბებოდა სოხუმიც 1992 წლის დეკემბრიდან.
„მოხალისეები“ და სხვა სამხედრო დანაყოფები
ლოგისტიკური დახმარებისა და იარაღის მიწოდების გარდა, სეპარატისტთა მხარეს იბრძოდნენ რამდენიმე პარამილიტარული ჯგუფი და სამხედრო დანაყოფი, ისევე როგორც, რუსი „მოხალისეები“, რომელთა ნაწილის გაწვრთნა, აღჭურვა და ტრანსპორტირება რუსეთმა უზრუნველყო. მათგან ყველაზე დიდი როლი კონფლიქტში შეასრულა კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ, რომლის სამხედრო დანაყოფები ომის საწყის პერიოდშივე ჩაერთნენ აფხაზი სეპარატისტების მხარეს (აგვისტო, 1992). მათი ბატალიონების ნაწილს მეთაურობდა შემდგომში ცნობილი ისლამისტი ტერორისტი, შამილ ბასაევი, რომელიც 1993 წლის სექტემბერში აქტიურად მონაწილეობდა სოხუმზე განხორციელებულ იერიშში.
ჩერქეზი მოხალისეები აფხაზეთში
აფხაზთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ბაგრამიანის ბატალიონი, რომელიც ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური სომხებით იყო დაკომპლექტებული, ეთნიკურად რუსი „მოხალისეები“ დნესტრისპირეთიდან და კაზაკები. ომისდროინდელი ფოტომასალები, თვითმხილველთა მონაყოლები და ინტერვიუები ჯარისკაცებთან ადასტურებს, რომ აფხაზთა მხარეს მებრძოლი „მოხალისეების“ ნაწილის დაქირავება, სამხედრო გადამზადება და იარაღით აღჭურვა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა. აფხაზეთის ომის შესახებ გასული რეპორტაჟების თანახმად, 1993 წლის სექტემბერში სოხუმის აღებისას, მოიერიშე სამხედრო დანაყოფებს შორის „მოხალისე“ მებრძოლები უფრო სჭარბობდნენ, ვიდრე ადგილობრივი აფხაზი მებრძოლები.
ბაგრამიანის ბატალიონის მებრძოლები აფხაზ სეპარატისტებთან ერთად
რუსეთის ურთიერთსაწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკა
აფხაზი სეპარატისტებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, რუსეთი ომის განმავლობაში პერიოდულად ქართულ მხარესაც ამარაგებდა იარაღით. მოსკოვი ასევე ოფიციალურად აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. არსებული შეფასებებით, განსაკუთრებით ომის საწყის ეტაპზე რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს ჰქონდა მკაფიოდ გამოხატული პროქართული პოზიცია, მაშინ როდესაც რუსეთის ოფიციალური პოზიცია კონფლიქტში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება იყო. ამასთანავე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მონაწილეობდა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციის პროცესში გაგრასა და სოხუმის დაცემის შემდეგ.
რუსეთის ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებები ბადებს შეკითხვებს მისი რეალური მოტივებისა და იმის შესახებ, თუ სინამდვილეში ვინ იღებდა სამხედრო გადაწყვეტილებებს ომის პერიოდში. ასეთი ქაოტური ჩართულობა შესაძლოა აიხსნას იმ ფაქტით, რომ 1990–იანი წლების დასაწყისში რუსულ მთავრობას არ ჰქონდა თანმიმდევრული და ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსი სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში. მთავრობასა და პარლამენტში ყველა არ ეთანხმებოდა ელცინის პოზიციას. საქართველოს მიმართ განსაკუთრებით აგრესიულად რუსული სამხედრო წრეები იყვნენ განწყობილნი. სტატიების სერიაში ასევე შევეცდებით ავხსნათ თუ რით იყო გამოწვეული აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს რუსეთის ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკა.