ავტორი: მარიამ ბოკუჩავა
1992-1993 წლების აფხაზეთის ომში რუსეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა სეპარატისტების გამარჯვებაში. „რუსეთის სამხედრო ჩართულობა აფხაზეთის ომში“ სტატიების სერიის მიზანია გამოიკვლიოს რა ტიპის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა რუსეთმა სეპარატისტებს ომის დროს და რა როლი შეასრულეს „მოხალისეებმა“ საომარ მოქმედებებში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა საკუთარ პასუხისმგებლობად და უფლებად მიიჩნია პოსტსაბჭოთა სივრცეში უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი ყოფილიყო და ამ მიზნის მისაღწევად საჭიროებისამებრ „ემართა“ რეგიონში წამოჭრილი სამხედრო და ეთნიკური კონფლიქტები. კრემლის ამ მსოფლმხედველობის გამოხატულებად შეგვიძლია მივიჩნიოთ რუსეთის ჩართულობა აფხაზეთის ომში (1992-1993 წლები). შეიარაღებულ დაპირისპირებაში მოსკოვმა გადამწყვეტი როლი შეასრულა სეპარატისტების გამარჯვებაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა უმეტესწილად აფხაზური მხარისთვის იყო განკუთვნილი, ომის განმავლობაში მოსკოვი იარაღით ასევე ამარაგებდა ქართულ მხარეს, ორგანიზებას უკეთებდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს და უზრუნველყოფდა როგორც რუსი და აფხაზი, ასევე ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას.
რუსეთის არათანმიმდევრული პოლიტიკა აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაში მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ 1990–იანი წლების დასაწყისში რუსეთის მთავრობას არ ჰქონდა ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსი კავკასიასთან მიმართებაში. აფხაზეთის საკითხზე რუსულ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას შორის უთანხმოება და მათი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები გარკვეულ კითხვებს აჩენს, თუ რეალურად ვინ იყო პასუხისმგებელი რუსეთის სამხედრო ჩართულობაზე აფხაზეთის ომში.
ელცინის პოლიტიკა
აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ყველაზე კარგად ჩანს რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ პაველ გრაჩოვის ურთიერთსაპირისპირო განცხადებებში. 1992 წლის 27 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ, ელცინმა აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური პოზიციის შესახებ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეეცდებოდა შეეჩერებინა შეიარაღებული ჯგუფების გადინება რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში. ომის პერიოდში რუსეთს არ უღიარებია აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ხოლო ელცინი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი კოზირევი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საქართველოს მთავრობასა და აფხაზ სეპარატისტებთან ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების თაობაზე.
ელცინის ძალისხმევის შედეგი იყო, 1993 წლის 27 ივლისს, სოჭში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა. როდესაც სეპარატისტებმა 1993 წლის სექტემბერში სოხუმზე იერიში მიიტანეს და დაარღვიეს შეთანხმება, რუსეთის მთავრობა გაკვირვებული ჩანდა. მათ დაგმეს სეპარატისტთა ქმედება და მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები და შეუწყვიტეს ელექტროენერგიისა და სატელეფონო სერვისის მიწოდება. ომის დასრულების შემდეგ კი რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ აფხაზეთზე დაწესებულ სანქციებს შეუერთდა, რითაც სეპარატისტები პრაქტიკულად იზოლაციაში მოექცნენ.
ერთი შეხედვით, ეს ქმედებები და ელცინის პოზიცია ომთან დაკავშირებით, სულ მცირე, აფხაზეთის ომში კრემლის ნეიტრალურობაზე მაინც მიუთითებს. მაშინ, როგორ შეგვიძლია ავხსნათ ის ფაქტი, რომ აფხაზი სეპარატისტები შეიარაღებულნი იყვნენ რუსული საბრძოლო მასალით და მათ მხარეს იბრძოდნენ რუსეთიდან ჩასული მებრძოლებიც. ამაზე პასუხი რუსეთის სამხედრო ელიტაში არსებულ განწყობებში უნდა ვეძებოთ.
ანტიქართული განწყობა რუსულ არმიაში
მკვლევართა ნაწილი ამ ურთიერთსაპირისპირო განწყობებს ხსნის იმდროინდელი საყოველთაო ქაოსით, რომელიც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო გაბატონებული. პოლიტიკური არასტაბილურობა კავკასიის რეგიონში ყველაზე კარგი ფარი გამოდგა სეპარატისტებისთვის, რომ ხელში ჩაეგდოთ რუსული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, როგორც ძალის გამოყენების გზით, ასევე თავად რუსული მხარის ინიციატივითაც. მყარი მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, არ არსებობს კონსესუსი იმის თაობაზე, თუ ვინ გასცემდა ბრძანებებს რუსული მხარიდან: ადგილობრივი რუსი სამხედროები, რუსეთის მთავრობა თუ ცალკეული ჯგუფები თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. პოსტსაბჭოთა სივრცის უსაფრთხოების საკითხების ექსპერტ დოვ ლინჩის შეფასების თანახმად, აფხაზეთის ომში რუსეთის ქაოტური სამხედრო ჩართულობა ყველაფერზე უფრო მეტად მიუთითებს რუსეთის მთავრობის უუნარობაზე ეკონტროლებინათ ფრონტზე განვითარებული სიტუაცია.
თუმცა, რაც არ უნდა მარტივი იყოს აფხაზეთის ომში რუსეთის სამხედრო ჩართულობის ადგილობრივი ოფიცრების თვითნებობისთვის დაბრალება, რუსეთის სამხედრო ელიტის ანტიპათია თბილისის მიმართ და თავდაცვის მინისტრის, პაველ გრაჩოვის განცხადებები, ბადებს ეჭვებს, რომ სეპარატისტების დახმარებას ბევრად უფრო ორგანიზებული და წინასწარგანზრახული ხასიათი ჰქონდა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი პაველ გრაჩოვი (1992-1996 წლები)
რუსეთის პარლამენტსა და საზოგადოებაში ქართული მხარისადმი არაკეთილგანწყობა განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც 1992 წლის 14 დეკემბერს ჩამოაგდეს რუსული სამხედრო ვერტმფრენი, რომელიც ალყაში მოქცეული ტყვარჩელიდან გუდაუთაში მიფრინავდა. დაღუპულებს შორის სამოქალაქო პირებიც იყვნენ. ვერტმფრენის ჩამოგდებაში ქართული მხარე დაადანაშაულეს. რუსი ნაციონალისტები სახელმწიფო დუმაში აქტიურად უტევდნენ ელცინის ნეიტრალურ პოზიციას. სულ მალე უთანხმოებამ სამხედრო განზომილებაში გადაინაცვლა. გრაჩოვის განცხადებით, რუსული არმია შეეწინააღმდეგებოდა საქართველოში არსებული რუსული სამხედრო ბაზების, იარაღისა და აღჭურვილობის ქართული მხარისთვის გადაცემას (სსრკ-ის დაშლის შემდეგ ამის თაობაზე შეთანხმებები რუსეთმა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან დადო), ხოლო თუ ქართველები ძალის გამოყენებით მოინდომებდნენ რუსი ჯარიკაცების საცხოვრებელი ადგილებიდან გაძევებას, ამას დაპირისპირება მოჰყვებოდა. რუსი სამხედროები სიმპათიას აფხაზთა (და ანტიპათიას ქართველთა) მიმართ აფიქსირებდნენ თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ გაზეთ „კრასნაია ზვეზდა“-შიც და ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ ელცინზე.
ვინ გასცემდა ბრძანებებს?
რუსული იარაღით სეპარატისტების მომარაგება 1992 წლის შემოდგომიდან გახშირდა. თუმცა, რუსეთის მთავრობა პასუხისმგებლობას არ იღებდა მათი იარაღით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებზე. შეკითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა რუსული იარაღი სეპარატისტების ხელში, შემდეგი პასუხი იყო: ბრალი აფხაზებს მიუძღოდათ იარაღის მოპარვას ან არალეგალურად შეძენაში. 1993 წლის თებერვალში რუსული „Su-25“ თვითმფრინავებით სოხუმზე შეტევის შემდეგ გრაჩოვმა ქართულ მხარეს დააბრალა საკუთარი მოქალაქეების დაბომბვა და დანაშაულის რუსეთისთვის გადაბრალების მცდელობა. თუმცა შემდეგ აღიარა, რომ ეს შეტევა რუსების შურისძიება იყო ქართველების მიერ რუსეთის სამხედრო ობიექტების დაბომბვაზე.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მსგავსი განცხადებები, ასევე, სეპარატისტების იარაღით მომარაგებასა და მათ მხარეს მებროლი „მოხალისეების“ მობილიზებაში სისწრაფე და ორგანიზებულობა, ეჭვს აჩენს, რომ აფხაზური მხარისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების ბრძანება რუსი სამხედროებიდან მოდიოდა. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 1995 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც აფხაზეთის ომში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებს ეხება. მსგავსი აზრი აქვს ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტ თომას გოლცსაც, რომელიც ომის პერიოდში აფხაზეთში სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა. მისი ინტერვიუები საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ცხადყოფს, რომ ქართული მხარეც ამ მოსაზრებას იზიარებდა ომის დროს. გოლცის შეკითხვებზე თუ საიდან მოფრინავდნენ ვერტმფრენები, რომლებიც სოხუმს ბომბავდნენ, შევარდანძემ მას უპასუხა, რომ რუსეთის გარდა არ იყო სხვა ადგილი საიდანაც ისინი შეიძლება მოსულიყვნენ. გოლცის აზრით, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ აფხაზთა მხარეს მებრძოლი თვითმფრინავები სურვილისამებრ დაფრინავდნენ შავი ზღვის საჰაერო სივრცეში, შეგვიძლია რუსეთის არმია სეპარატისტთა მხარდამჭერად მივიჩნიოთ. თუმცა, კონკრეტულად ვინ გასცემდა ბრძანებებს, ამის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის.
თომას გოლცი (მარჯვნივ), ვერტმფრენში გადაღებული ფოტოსურათი სოხუმთან ახლოს, 1993. წყარო: hughpope.com
აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, საქართველო იძულებული გახდა გაწევრიანებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, შესაბამისად, გაიზარდა რუსეთის პოლიტიკური გავლენაც საქართველოზე. ასევე, ქართულმა მხარემ რუსეთს უფლება მისცა შეენარჩუნებინა სამი სამხედრო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე, რუსი სამხედროები განთავსდნენ კონფლიქტის ხაზზეც. შესაბამისად, საბოლოოდ გრაჩოვის სურვილი შესრულდა, რუსეთმა შეინარჩუნა სამხედრო ძალები საქართველოში, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან აფხაზეთის რეგიონშიც, რომელსაც 1993 წლის სექტემბრიდან ვეღარ აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.
„რუსეთის სამხედრო ჩართულობა აფხაზეთის ომში“:
1.რუსეთის სამხედრო ჩართულობა აფხაზეთის ომში