2 ივლისს ცხინვალის რეგიონს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი, რომელიც ოკუპირებული რეგიონების კურატორია და ხშირად სტუმრობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.
მისი მოვალეობაა რუსეთის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის კონტროლი. ეს წელს ვოლვაჩის პირველი ვიზიტია ცხინვალის რეგიონში.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაციაში შედიოდნენ: სპეციალური პროგრამებისა და პროექტების სამმართველოს უფროსი ანტონ მელნიკი, „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკაში საბიუჯეტო ინვესტიციებისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის განყოფილების უფროსი მაქსიმ სმირნოვი და სპეციალური პროექტების რეალიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პეტრ ვორონცოვი.
2 ივლისს რუსეთის დელეგაციამ შეამოწმა ჯავის რაიონში „მზიუგომის“ საბავშვო ბანაკის მშენებლობა. ასავე შეხვედრა გაიმართა დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან. შეხვედრაზე ვოლვაჩმა აღნიშნა, რომ უახლოეს 3 წელიწადში პროექტების განსახორციელებლად რუსეთის ბიუჯეტში ფინანსები გათვალისწინებულია.
3 ივლისს სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე დე ფაქტო მთავრობაში გაფართოებული შეხვედრა ჩატარდა. ვოლვაჩის განცხადებით, რეგიონში მუშაობენ სპეციალისტები განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან, რომლებიც გამოცდილებას უზიარებენ ადგილობრივებს. მისი თქმით, უახლოეს 2 წელიწადში წყლის მომარაგებასთან დაკაშირებით ურთულესი სამუშაოები ჩატარდება. მან ასევე აღნიშნა, რომ დაიწყო „ლეგენდარული N2 სკოლის მშენებლობა“. ვოლვაჩმა მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა ცხინვალის რეგიონის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ადმინისტრირების სტანდარტებზე გადასვლას.