ავტორი: მარიამ ხახუტაიშვილი
თურქეთში არაერთი ეთნიკურად აფხაზური წარმოშობის პოლიტიკოსია. მათ შორის გამორჩეულია ენგინ ოზქოჩი, რომელიც 1962 წლის 5 თებერვალს დაიბადა საქარიის პროვინციის სოფ. ქაიალარმემდუჰიეში. ოზქოჩმა ანადოლუს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა. ოზქოჩი თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ლობირებს. მისი მიზანია, რომ ანკარამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს და სოხუმთან ორმხრივი ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე დაამყაროს.
პოლიტიკური კარიერის დასაწყისი
მისი პოლიტიკური კარიერა საქარიის პროვინციაში თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) ახალგაზრდულ ორგანიზაციაში დაიწყო. პარტია ამჟამად თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიაა. ოზქოჩი მოგვიანებით საქარიის პროვინციაში მერის მოადგილედ და საკრებულოს წევრადაც მუშაობდა. იგი იყო ადაფაზარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი და საქარიას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეც.
საპარლამენტო კარიერა
2011-2023 წლებში იყო თურქეთის რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი. ოზქოჩი მთელი ამ წლების განმავლობაში წარმოადგენგდა საქარიის პროვინციას. იგი გარკვეული პერიოდი სახალხო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი იყო, 2017 წლის 26 ოქტომბერს კი თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს და 2023 წლის ივნისამდე პარტიის ლიდერის, ქემალ ქილიჩდაროღლუს ხელმძღვანელობით აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობდა.
არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა
2014 წელს აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. „არჩევნები“ ჩატარდა თურქეთის ტერიტორიაზეც, სტამბოლში, ქადიქოიში, „აფხაზთა ასოციაციების ფედერაციის“ შენობაში. კენჭისყრის მიმდინარეობის დროს შენობაში განთავსებული საარჩევნო ყუთის ჩამორთმევის მიზნით ადგილზე გამოცხადდა პოლიცია, რომელმაც ამის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას, თურქეთის სასამართლოს მიერ, თურქეთის ტერიტორიაზე მიმდინარე არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესიც უკანონოდ ჩაითვალა.
ენგინ ოზქოჩი იცავს „საარჩევნო“ ურნას სტამბოლში
ოზქოჩმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. მან სამართალდამცავებს განუმარტა, რომ „არჩევნების“ შესახებ ინფორმირებული იყო რაიონის გამგებლის ოფისი, ადგილობრივი პოლიცია და პოლიციის ეროვნული შტაბი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ სჩადიან დანაშაულს და მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ საარჩევნო ყუთის ჩამორთმევას.
ოზქოჩი სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ
ოზქოჩი თავისი შეხედულებებისა და ქმედებების გამო თურქეთის უშიშროების სამსახურების ყურადღების ცენტრშიც არის მოქცეული. თურქეთში გავრცელებული პრაქტიკით სპეცსამსახურებს სხვადასხვა პირების შესახებ მომზადებული აქვს დოსიეები და შემდეგ ამ პირებზე დაკვირვება ხდება. ოზქოჩის განცხადებით, მან აღმოაჩინა, რომ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის 15 წევრიდან იგი ერთ-ერთია, ვის შესახებაც მსგავსი დოსიე არსებობს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაში გავრცელებული სტატიიდან - „აქ არის CHP-ის პროფილები“, გახდა ცნობილი. სტატია 2023 წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. ოზგოჩი დოსიეების ავტორად თურქეთის ეროვნულ სადაზვერვო ორგანიზაციას (MİT) მიიჩნევს.
ამ თემაზე ოზქოჩიმ განაცხადა, რომ მისი მონაწილეობა აფხაზი მოქალაქეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და მისი პატივისცემა აფხაზური თემისადმი არასწორად და კრიმინალურად იყო მიჩნეული. მისი აფხაზური წარმომავლობისა და საქმიანობის გამო იყო შეყვანილია სადაზვერვო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში, თითქოს იგი დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადის. მან გამოხატა იმედგაცრუება იმის გამო, რომ უსამართლოდ მოექცნენ მისი აფხაზური მემკვიდრეობისა და აფხაზური თემისთვის გაწეული საქმიანობისთვის. მან ასევე დასძინა, რომ ის ყოველთვის ამაყობს თავისი აფხაზური იდენტობით და თავს თვლის თურქეთის თანასწორ და საპატიო მოქალაქედ. მან მთავრობა, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი, დაადანაშაულა, რომ თურქეთში მცხოვრებ ყველა აფხაზს არასამართლიანად უყურებენ დამნაშავეებად, მხოლოდ მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო.