ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის ლობი გერმანიაში: კავშირები გერმანულ პოლიტიკურ პარტიებთან და რუსეთის საელჩოსთან

2024 / 07 / 12

ავტორი: მარიამ ბოკუჩავა

2022 წლის 22 ივნისს გამოქვეყნდა T-online–სა (გერმანული საინფორმაციო პორტალი) და Vice-ს (ამერიკული ჟურნალი) ერთობლივი კვლევა ოკუპირებული აფხაზეთის ლობისტების ქსელზე, რომელიც გერმანიის პარლამენტსა და პოლიტიკურ წრეებში ოკუპირებული რეგიონის ინტერესების დაცვას ცდილობს. ვლევის ავტორების თანახმად, მათ საქმიანობას ხელს უწყობს გერმანიაში რუსეთის საელჩო.

„გსურთ მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებზე დაკვირვებაში?” – კვლევის თანახმად, სწორედ ამ უწყინარი კითხვით იწყებენ ლობისტები გერმანელ პარლამენტარებთან კომუნიკაციას. ერთი შეხედვით უბრალო შეკითხვა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის მეტად მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება – საერთაშორისო საზოგადოების თვალში აფხაზური „არჩევნების“ ლეგიტიმაცია გერმანელი დამოუკიდებელი დამკვირვებლების მოწვევის გზით, რომელთა მიუკერძოებლობაშიც ეჭვს არავინ შეიტანს. ამ მიზნის მისაღწევად ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, წლების განმავლობაში ლობირებდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარებას. კვლევის მიხედვით, ისინი დახმარებას გერმანიაში რუსეთის საელჩოსგანაც იღებდნენ.

ხიბლა ამიჩბა და გერმანელი ნეონაცისტები 

ოკუპირებული აფხაზეთის ლობის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ეთნიკურად აფხაზი ხიბლა ამიჩბა. ამიჩბა, რომელიც პროფესიით კომპოზიტორია, 2012 წლიდან არის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სრულუფლებიანი წარმომადგენელი გერმანიაში და აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ინტერესების გამტარებელი. თუმცა, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს მისი, როგორც დიპლომატის სტატუსს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი საქმის კურსში არიან და იციან რომ ამიჩბა აფხაზეთის „წარმომადგენლის“ რანგში საქმიანობს გერმანიაში, თუმცა რადგან მას გერმანიის მთავრობისგან არანაირი ოფიციალური აღიარება არ აქვს, სამინისტრო ყურადღებას არ ანიჭებს ამიჩბას სტატუსსა და განცხადებებს. მიუხედავად ამისა, ამიჩბა სწორედ რომ დიპლომატივით იქცევა – ის სისტემატურად დადის და ორგანიზებას უკეთებს საჯარო ღონისძიებებს და გერმანელ პოლიტიკოსებთან ოკუპირებული აფხაზეთის ინტერესების ლობირებას ცდილობს.

ხიბლა ამიჩბა და ვოლფგანგ მაცკე ევრაზიის საზოგადოების საახალწლო საღამოზე, ბერლინი, 2023

სწორედ ამიჩბას ასახელებენ ოკუპირებული აფხაზეთის ერთ–ერთ მთავარ ლობისტად გერმანიის პარლამენტარებიც, რომლებსაც კვლევის ავტორები დაუკავშირდნენ. T-online-ისა და Vice-ს მტკიცებით, სეპარატისტები ხშირად ეკონტაქტებიან ქრისტიან–დემოკრატიული პარტიისა და მწვანეთა პარტიის დეპუტატებს, თუმცა ყველაზე ხშირად და აქტიურად ისინი AfD (Alternative für Deutschland/ალტერნატივა გერმანიისთვის) პარტიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობენ.

2013 წელს დაარსებული AfD რადიკალური მემარჯვენე და პოპულისტური პარტიაა გერმანიაში, რომელსაც გერმანული მედია, პოლიტიკოსები და საზოგადოება ხშირად ადანაშაულებს დასავლეთის ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებაში და ფაქტობრივად, ნეონაცისტური შეხედულებების ქონაში. საყურადღებოა, რომ პარტია ასევე შემჩნეულია კრემლთან ზედმეტ სიახლოვესა და პრორუსული პროპაგანდისტული კამპანიების გატარებაში. პარტიის დეპუტატები ბოლო წლების განმავლობაში ხშირად სტუმრობდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს, დონეცკსა და ლუჰანსკს, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც. AfD-ს პარლამენტარები ასევე ხშირად სტუმრებენ მოსკოვსაც. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, იგი მიესალმება AfD-ის კეთილგანწყობას რუსეთის მიმართ და მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც რუსეთთან თანამშრომლობა სურს.  

ურათი: Correctiv-ის კარიკატურა რუსეთისა და AfD-ს ურთიერთობების შესახებ

სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პარტიასთან კავშირების განვითარებას ცდილობდა ამიჩბა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სასარგებლოდ. AfD–ს ერთ–ერთმა პარლამენტარმა (ვინაობა ანონიმურია) ამიჩბას მცდელობები, რომ ის დაერწმუნებია მონაწილეობა მიეღო აფხაზეთის „არჩევნებში“ დამკვირვებლის სტატუსით, აღწერა როგორც „უწყვეტი“. მიუხედავად იმისა, რომ დასტურდება აფხაზი ლობისტების კონტაქტები AfD-ს პარტიასთან, ბუნდოვანებითაა მოცული თუ რეალურად რა საუბრები შედგა მათ შორის და რა ურთიერთობა აქვს პარტიას ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ლიდერებთან.

კავშირები სხვა გერმანულ პოლიტიკურ პარტიებთან

ამიჩბასა და ოკუპირებული აფხაზეთის ლობისტების საქმიანობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის დეპუტატი ქრისტიან ჰაასეც. ის სწორედ ამიჩბას ასახელებს, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ერთ–ერთ მთავარ ლობისტს, რომლის მიზანიც გერმანიაში პოლიტიკური კავშირების დამყარებაა. აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, ჰაასე 2017 წელს აფხაზეთს ესტუმრა და აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სხვადასხვა პოლიტიკოსებს შეხვდა. მას თან ახლდა თავისი ოფის–მენეჯერი და ფრაქციის საპარლამენტო მენეჯერი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მაშინდელი მრჩეველი, მანფრედ გრუნდი. ჯგუფს ასევე შეუერთდა მრჩეველი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, რომელსაც ბიზნეს ინტერესები აქვს რუსეთში.

ქრისტიან ჰაასე

T-online-სა და Vice-თან მიცემულ ინტერვიუში ჰაასემ ამ ვიზიტს თავისი დიპლომატიური ლაფსუსი უწოდა, რადგან თავიდანვე ვერ ამოიცნო სეპარატისტთა ნამდვილი მიზანი. მან ხაზი გაუსვა, რომ ამიჩბას საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეულ დისკომფორტს განიცდის. მისი განცხადებით, გერმანული დელეგაციის წევრები ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ იმით თუ რა იმიჯის შექმნას ცდილობდა ამიჩბა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა და ამიჩბა ნდობის დარღვევაში დაადანაშაულეს. ინტერვიუში ჰაასემ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანი „არაფორმალური გაცვლა“ და ერთგვარი კეთილგანწყობის გამოხატვა იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ამიჩბამ შეხვედრა გაასაჯაროვა, ის შეცდომას მიხვდა და მასთან კონტაქტი გაწყვიტა.

T-online და Vice ასევე დაუკავშირდნენ ერთ–ერთი მემარცხენე პარტიის დეპუტატსაც (ვინაობა ანონიმურია), რომელმაც აღნიშნა, რომ მას ამიჩბა, დაახლოებით 2012 წელს, დაუკავშირდა, რათა აფხაზეთში „არჩევნებზე“ დამკვირვებლის სტატუსით მიწვევაზე დაეთანხმებინა და მისგან უარი მიიღო. კვლევის ავტორები თავად ამიჩბასაც დაუკავშირდნენ კომენტარის გასაკეთებლად, თუმცა უშედეგოდ. 

ვოლფგანგ მაცკე და ე.წ. სავაჭრო–სამრეწველო პალატა გერმანიაში

2017 წელს ბერლინში გაიხსნა აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო–სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გერმანელი ადვოკატის, ვოლფგანგ მაცკეს ხელმძღვანელობით. იგი წლების განმავლობაში აქტიურად იცავს სეპარატისტთა ინტერესებს. „პალატის“ განცხადებით, მის შექმნას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი. თუმცა, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, ეს განცხადება ყალბია. „მსგავსი წარმომადგენლობითი ოფისის შექმნის საკითხზე საგარეო უწყებასთან დისკუსიები ან მოლაპარაკებები არ ყოფილა“, - აცხადებენ სამინისტროში. T-online–სა და Vice–თვის მიცემულ კომენტარში მათ ასევე აღნიშნეს, რომ „პალატას“ არ აქვს „საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღიარებული ტერიტორიის სტატუსი.” მიუხედავად ამისა, „პალატა“ აწყობს სხვადასხვა ეკონომიკურ და კულტურულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანიც გერმანული ბიზნესისა და აფხაზი პოლიტიკოსების ერთმანეთთან დაკავშირებაა.

ვოლფგანგ მაცკე და ხიბლა ამიჩბა „პალატის“ წარმომადგენლობის გახსნაზე

გერმანიასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის არსებული კავშირების მთავარი ავტორი ვოლფგანგ მაცკეა, რომელსაც აქტიური კონტაქტები აქვს რუსეთთან. მაცკე 2011 წელს დაჯილდოვდა რუსეთის ფედერაციის ორდენით გერმანია–რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. მისი ორგანიზებით ჩატარდა ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა პოტსდამის ინდუსტრიული კლუბის პირველი და მეორე რუსული კონფერენცია და პოტსდამის ინდუსტრიული კლუბის გაზპრომის საღამო. მაცკე ასევე ატარებს ლექციებს პოტსდამის ინდუსტრიულ კლუბში რუსეთის სპეციალურ ეკონომიკურ ზონებზე, რომლის სამეურვეო საბჭოს წევრიცაა. მაგალითად, 2013 წელს მოწყობილ კონფერენციას დაესწრო აფხაზი პოლიტიკოსი ბესლან ბუთბა, მაშინ ჯერ კიდევ „პრეზიდენტის წარმომადგენელი“, შემდგომში კი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (2014-2015).

ვოლფგანგ მაცკე

ამიჩბას მსგავსად, მაცკემაც უარი განაცხადა კვლევის ავტორებისთვის კომენტარის მიცემაზე.

კავშირები რუსეთთან

აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო–სამრეწველო პალატის გახსნას ესწრებოდა რუსეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი. ბოლო წლებში გერმანიაში რუსეთის საელჩოს სავაჭრო–ეკონომიკურმა ოფისმა მიიღო აფხაზეთის მაღალი რანგის დელეგაცია ბერლინში და მაცკესა და ამიჩბასთან თანამშრომლობით მოაწყო ორკვირიანი გამოფენა გერმანული კომპანიებისთვის. გამოფენაში აფხაზური დელეგაციაც მონაწილეობდა. კვლევის ავტორების აზრით, ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი სულ მცირე მხარს უჭერდა ოკუპირებული აფხაზეთის ლობისტების ძალისხმევას. ისინი აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის ეკონომიკა რუსეთის მიერ მიწოდებული ინვესტიიით ცოცხლობს და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება სწორედაც რომ რუსეთის ინტერესებში შედის.

ამასთანავე, მაცკეს მიერ ორგანიზებულ დისკუსიებსა და ლექციებს, რომლებსაც რეალურად აფხაზური დელეგაცია გერმანული ინვესტიციების მოზიდვის მიზნით იყენებდა, ესწრებოდა რუსეთის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური ოფისის უფროსის მოადგილე, პაველ რუბცოვი. ეს თანამდებობდა რუსეთის საელჩოებში საგარეო დაზვერვის თანამშრომლებისთვის პოპულარულ საფარად ითვლება და გამონაკლისი არც რუბცოვია. ის გერმანიის მთავრობამ 2022 წლის აპრილის დასაწყისში სავარაუდო სადაზვერვო საქმიანობის გამო ქვეყნიდან გააძევა. სწორედ T-online–ის გამოძიებამ გამოააშკარავა რუბცოვის საქმიანობა.

Go BackGo Back