ახალი ამბები

„კავკასიის საინვესტიციო ფორუმი-2024“

2024 / 07 / 17

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, გროზნოში, ჩატარდა „კავკასიის საინვესტიციო ფორუმი-2024“. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებმაც.

ფორუმის ორგანიზატორი იყო ფონდი „როსკონგრესი“, მხარდამჭერი კი - რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ფორუმში, რომელიც 15-17 ივლისს ჩატარდა, 4000 ადამიანი და 50 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ფორუმის მთავარი თემა იყო „დიდი კავკასია - ზღვიდან ზღვამდე“.

ფორუმის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტენდი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმაც მოინახულა.

აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა, დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა, ფორუმის ფარგლებში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვთან ხელი  მოაწერა „რუსეთისა და აფხაზეთის მთავრობას შორის საქონლის ვაჭრობის რეჟიმის შესახებ შეთანხმებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროტოკოლს. ცვლილებების შედეგად, რუსეთიდან აფხაზეთში ზოგიერთი საქონლის ექსპორტზე ხარჯები შემცირდება.

ცხინვალის რეგიონის დელეგაციას დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა, რომელიც ფორუმის ფარგლებში ასევე შეხვდა რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკს. ნოვაკი მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

ფორუმში მონაწილეობდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ოკუპირებული რეგიონების კურატორი, დიმიტრი ვოლვაჩიც, რომელმაც ინვესტორებს მოუწოდა ოკუპირებული რეგიონებისთვის ყურადღება მიექციეთ, დაინტერესების შემთხვევაში კი, მათ მხარდაჭერას დაპირდა.

Go BackGo Back