ავტორი: მარიამ ბოკუჩავა
1992-1993 წლების აფხაზეთის ომში რუსეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა სეპარატისტების გამარჯვებაში. „რუსეთის სამხედრო ჩართულობა აფხაზეთის ომში“ სტატიების სერიის მიზანია გამოიკვლიოს რა ტიპის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა რუსეთმა სეპარატისტებს ომის დროს და რა როლი შეასრულეს „მოხალისეებმა“ საომარ მოქმედებებში.
აფხაზეთის ომში რუსეთის ჩართულობის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა მეომარი მხარეების იარაღითა და სამხედრო ტექნიკით მომარაგება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული და აფზახური მხარე ორივე რუსულ იარაღს იყენებდა საომარ მოქმედებებში, განსხვავებული იყო მათი მოპოვების გზები და იარაღის მიწოდების დროს რუსეთის მოტივები.
ქართული მხარის შეიარაღება
Human Rights Watch-ის თანახმად ქართული მხარის შეიარაღების უდიდესი ნაწილი სამი გზით იყო მოპოვებული. პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის ნაწილი. ამასთანავე, ამას დაემატა ის იარაღი, სამხედრო ბაზები, სამხედრო ტრანსპორტი და სხვა სამხედრო მასალა, რომლის გადაცემაზეც რუსეთი შეუთანხმდა საქართველოს, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა და უარი თქვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებაზე (საქართველო ბოლოს მაინც იძულებული გახდა შესულიყო დსთ–ში აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, ხოლო რუსეთმა გარკვეული პერიოდი შეინარჩუნა სამხედრო ბაზები საქართველოში). ამ შეთანხმების საფუძველზე იარაღის გადაცემა ქართული მხარისთვის სწორედ აფზახეთში ომის პერიოდში ხდებოდა. შეიარაღებისა და სამხედრო მარაგების მოპოვების მესამე გზა კი გასამხედროებული ჯგუფების მიერ საქართველოში არსებული რუსული სამხედრო ბაზებიდან იარაღის დატაცება იყო. სწორედ ქართული გასამხედროებული ჯგუფების რეიდები გახდა ერთ–ერთი საბაბი, რომელიც რუსეთმა გამოიყენა კონფლიქტის ესკალაციისთვის. 1992 წლის 26 ოქტომბერს მოსკოვმა აფხაზეთში მყოფ რუს სამხედროებს საპასუხო ცეცხლის გახსნის უფლება მისცა, რაც მოჰყვა ქართველების მიერ ეშერაში რუსული სამხედრო ლაბორატორიის ხშირ დაბომბვას (სხვადასხვა მტკიცებულებების თანახმად ამ ადგილიდან მოსკოვი სამხედრო დახმარებას უწევდა სეპარატისტებს).
ეშერას სამხედრო ლაბორატორიის მიტოვებული შენობა
მთლიანობაში ქართული მხარისთვის გადაცემული შეიარაღება მოიცავდა შემდეგი კატეგორიის სამხედრო ტექნიკას: მოიერიშე შაშხანები (ე.წ. „კალაშნიკოვები“), ყუმბარმტყორცნები (RPG-7), მსუბუქი და მძიმე ტყვიამფრქვევები, საბჭოთა ქვეითი და ტანკსაწინააღმდეგო სახმელეთო ნაღმების მრავალი სახეობა, მსუბუქი/მძიმე ნაღმტყორცნები და არტილერია, Grad რაკეტები მობილურ გამშვებებზე, სხვადასხვა ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი და ტანკები, მათ შორის T-72, რაკეტებითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული ვერტმფრენები და ბომბებით, რაკეტებითა და ქვემეხებით შეიარაღებული სუ-25 გამანადგურებელ-ბომბდამშენები. ქართული მხარისთვის იარაღის გადაცემა არ იყო დამალული არც რუსეთისა და არც საქართველოს მხარის მიერ და, თუ არ ჩავთვლით ქართული გასამხედროებული ჯგუფების რეიდებს რუსულ ბაზებზე, უმეტესწილად მიმდინარეობდა საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით. იარაღის გადაცემის ეს ფაქტები საჯაროდ აღიარებულია ორივე მხარის მიერ.
Human Rights Watch აფხაზეთის ომის დროინდელი სამართალდარღვევების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში (1995) გამოთქვამს ეჭვებს იმის თაობაზე, თუ რატომ აგრძელებდა რუსეთი საქართველოსთვის იარაღის გადაცემას (თუნდაც ოფიციალური გზებით) აფხაზეთის ომის მიმდინარეობისას, მაშინ როდესაც ეს იარაღი დიდი ალბათობით გამოყენებული იქნებოდა ქართული მხარის მიერ სამხედრო მოქმედებებისთვის და ხელს შეუწყობდა ომის გამწვავებას. ამის საპასუხოდ, ორგანიზაციისთვის მიცემულ ინტერვიუებში, რუსეთის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ისინი ომამდე არსებული შეთანხმებით ვალდებულები იყვნენ სამხედრო ტექნიკა გადაეცათ და საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობა შელახავდა მათ რეპუტაციას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების თვალში, რომლებთანაც მსგავსი შეთანხმებები ჰქონდა დადებული რუსეთს.
აფხაზური მხარის შეიარაღება და რუსეთის დახმარება
ბევრად უფრო მეტი კითხვის ნიშანი არსებობს ომის პერიოდში აფხაზი სეპარატისტების შეიარაღების თაობაზე. საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, რთულია იმის იდენტიფიცირება თუ კონკრეტულად საიდან მიიღო აფხაზურმა მხარემ სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა. თუმცა, ცნობილი ფაქტები ამ საქმეში რუსეთის ჩართულობაზე მიუთითებს.
ცნობილია, რომ ომის დაწყებამდე აფხაზ სეპარატისტებს საკმაოდ ცოტა შეიარაღება ჰქონდათ და თითქმის საერთოდ არ ფლობდნენ მძიმე ტექნიკასა და არტილერიას. მათ ასევე არ გააჩნდათ საჰაერო და საზღვაო ძალები. თუმცა, ამის მიუხედავად, აფხაზური მხარე ხშირად ბომბავდა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. 1993 წლის დასაწყისში სეპარატისტებმა სწორედ გემების მეშვეობით განახორციელეს სოხუმზე წარუმატებელი შეტევა. შესაბამისად ჩნდება კითხვა თუ ვინ აწვდიდა სეპარატისტებს იარაღს? ყველა არსებულ მტკიცებულებას რუსეთთან მივყავართ. როგორც ამერიკელმა ჟურნალისტმა თომას გოლცმა აღნიშნა, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო 90 000 აფხაზს მოეხერხებინა 4 მილიონი ქართველის ასე დაჯაბნა რუსეთის სამხედრო დახმარების გარეშე.
საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 1992 წლის შემოდგომაზე დაადანაშაულა რუსი სამხედროები აფხაზი სეპარატისტებისთვის ბომბორას სამხედრო ბაზიდან (მდებარეობს გუდაუთას მახლობლად) აღჭურვილობის, კერძოდ კი T-72 და T-80 ტანკების მიწოდებაში. თუმცა, ქართულმა მხარემ თავი შეიკავა რუსეთის მთავრობის ღიად დადანაშაულებისგან და განაცხადა, რომ რუსი გენერლები საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ.
ყველაზე რთული იმის დამტკიცებაა თუ ვინ გადასცა აფხაზებს არტილერია და ჯავშანტექნიკა. დიდი ალბათობით, ქართული მხარის მსგავსად, აფხაზმა სეპარატისტებმაც აღჭურვილობის ნაწილი ხელში ჩაიგდეს მოპარვის, რეიდებისა და არალეგალური შესყიდვების გზით. თუმცა, ის სისწრაფე და რაოდენობა, რომლითაც 120მმ–იანი იარაღი და სხვა მძიმე არტილერია გაჩნდა აფხაზური მხარის ხელში, მიუთითებს იმაზე, რომ მძიმე იარაღის, ტრანსპორტისა და საწვავის ნაწილი მაინც მიწოდებული იყო რუსული სამხედრო ძალების მიერ.
სეტარატისტების საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერა
ნაკლები ეჭვები არსებობს რუსეთის მიერ სეპარატისტების საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერის თაობაზე. აფხაზებს არ ჰქონდათ თავიანთი სამხედრო გემები და ლოგიკურად მათი უზრუნველყოფა მხოლოდ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული ბრძანებების გაცემის დამადასტურებელი საბუთები, მაღალი დონის ჩართულობა იქნებოდა საჭირო რუსული გემების, პერსონალისა და შეიარაღების გამოსაყენებლად. რომ არა რუსული მხარდაჭერა, 1993 წლის დასაწყისში სეპარატისტები სოხუმზე (წარუმატებელ) იერიშს ვერ განახორციელებდნენ. ამასთანავე, ამ პერიოდში უკრაინულმა ხელისუფლებამ გამოთქვა პროტესტი რუსეთის მიმართ, როდესაც ამ უკანასკნელმა 9 გემი გამოყო შავი ზღვის ფლოტიდან ადმირალ იგორ კასატონოვის მეთაურობით. ფლოტი მიემართებოდა სოხუმის მიმართულებით, რომესლაც იმ დროს ქართული მხარე აკონტროლებდა. უკრაინამ გამოთქვა შეშფოთება მოსკოვის ბრძანებით აფხაზეთის ომში შავი ზღვის ფლოტის გემების გამოყენების თაობაზე, რადგან ფლოტში უკრაინელებიც მსახურობდნენ. რუსეთის წარმომადგენლების განცხადების თანახმად, გემები გამოყენებული იქნებოდა სოხუმიდან მხოლოდ ლტოლვილების ევაკუაციისთვის.
რაც შეეხება რუსული საჰაერო ძალების გამოყენებას ომში, ეს არის ერთ–ერთი ყველაზე აშკარა გამოხატულება რუსეთის მიერ სეპარატისტებისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარებისა. რუსები სხვადასხვა თვითმფრინავებს იყენებდნენ ქართული მხარის წინააღმდეგ, მათ შორის სუ-27, სუ-25–ებსა და ვერტმფრენებს. სუ-25 ბომბდამშენები, რომლებითაც ხშირად იბომბებოდა სოხუმი, პირდაპირ რუსეთის შავი ზღვის საჰაერო თავდაცვის ზონებში დაფრინავდნენ, რაც მიუთითებს რუსეთის მხრიდან მაღალი დონის ჩართულობაზე სეპარატისტთა მხარეს. რამდენიმე შემთხვევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პაველ გრაჩოვმა აღიარა რომ სწორედ რუსული თვითმფრინავები ახორციელებდნენ სოხუმზე შეტევას და ეს თავდასხმები გაამართლა როგორც საპასუხო შეტევა ქართველების მიერ ეშერას მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვაზე.
რუსი მედესანტე აფხაზეთში ომის დროს
გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ ქართველების მიერ 1993 წლის 19 მარტს ჩამოგდებული სუ-27 საბრძოლო–ბომბდამშენის პილოტი რუსული საჰაერო ძალების მაიორი იყო. შემდგომში რუსეთმაც დაადასტურა ეს ფაქტი და განაცხადა, რომ ბომბდამშენის დანიშნულება იყო ომის პერიოდში აფხაზეთში რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის დაცვა.
1993 წლის 19 მარტს ჩამოგდებული სუ-27 საბრძოლო–ბომბდამშენი
ამასთანავე იარაღით მოვაჭრე რუსეთის მოქალაქემ, რომელიც სოხუმში ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდა, Helsinki Watch-ს მოუთხრო რუსული ჯარების სამხედრო კამპანიებში უშუალო მონაწილეობისა და რუსული სამხედრო ტექნიკის გამოყენების შესახებ, მათ შორის სპეციალური სამხედრო რაკეტების, რომლებიც თვითმფრინავების ჩამოგდებისთვის გამოიყენება და ა.შ. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო-სადესანტო ჯარების ფსკოვის დივიზიამ, თავისი იარაღი აფხაზურ მხარეს უფასოდ გადასცა.
„რუსეთის სამხედრო ჩართულობა აფხაზეთის ომში“: