ავტორი: მარიამ ბოკუჩავა
1992-1993 წლების აფხაზეთის ომში რუსეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა სეპარატისტების გამარჯვებაში. „რუსეთის სამხედრო ჩართულობა აფხაზეთის ომში“ სტატიების სერიის მიზანია გამოიკვლიოს რა ტიპის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა რუსეთმა სეპარატისტებს ომის დროს და რა როლი შეასრულეს „მოხალისეებმა“ საომარ მოქმედებებში.
აფხაზეთის ომის პერიოდში სეპარატისტების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ე.წ. „მოხალისე“ მებრძოლებმა და სამხედრო დაჯგუფებებმა. ამათგან ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და თვალსაჩინო კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია იყო, კერძოდ კი, ეთნიკურად ჩეჩენი შამილ ბასაევის „აფხაზური ბრიგადა“. სხვა დაჯგუფებებთან შედარებით ყველაზე მეტი „მოხალისე“ მებრძოლი აფხაზეთში კონფედერაციის წარმომადგენელი იყო (დაახლოებით 2000 მებრძოლი) და შესაბამისად მათ დიდი როლი მიუძღვით სეპარატისტთა გამარჯვებაში.
კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის მოკლე ისტორია
კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის შექმნის იდეა პირველად თურქეთში წასულ ჩრდილოკავკასიელ მიგრანტებს შორის მე–19 საუკუნის შუა პერიოდში გაჩნდა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ერთობის იდეამ მრავალი ტრანსფორმაცია განიცადა. საბჭოთა პერიოდში კავკასიის პატარა ეთნიკური ჯგუფების გაერთიანების საბოლოო მიზანი იყო სსრკ–ის მე–16 რესპუბლიკად ჩამოყალიბება. სწორედ ეს იდეა გაჟღერდა 1989 წლის 25 აგვისტოს სოხუმში კავკასიის მთიელ ხალხთა პირველ ყრილობაზე, როდესაც ჯერ დაარსდა კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა, რომელიც კონფედერაციად გარდაიქმნა მესამე ყრილობაზე, რომელიც სოხუმში 1991 წლის ნოემბერში ჩატარდა.
ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის ხელმძღვანელობა თურქეთის არმიის ლიდერებთან, ჩრდილოეთ კავკასია, 1919.
კონფედერაცია ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური გაერთიანება თავისი თავდაცვის კომიტეტითა და სამხედრო დანაყოფებით, რათა „იმპერიისგან“ თავის დაცვა შესძლებოდა. კონფედერაციის ფარგლებში ჩამოყალიბდა პარლამენტი - კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა, რომელმაც პრეზიდენტად აირჩია ყაბარდოელი მუსა შანიბოვი, ხოლო პარლამენტის თავჯდომარედ ჩეჩენი იუსუფ სოსლამბეკოვი. კონფედერაციის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა ყაბარდოელი სულთან სოსნალიევი, რომელიც შემდგომში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად მსახურობდა 1993–1996 და 2005–2007 წლებში.
კონფედერაციის დედაქალაქად გამოცხადდა სოხუმი, მიუხედავად იმისა, რომ მასში შემავალი ერების უმრავლესობა ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდა. როგორც ჩანს კონფედერაციის ლიდერების ერთ–ერთი მთავარი მოტივი აფხაზეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებისა შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება იყო, რაც ნაწილობრივ ხსნის მათ მონაწილეობას აფხაზეთის ომში სეპარატისტთა მხარეს.
მუსა შანიბოვი
სულთან სოსნალიევი
იუსუფ სოსლამბეკოვი
საინტერესოა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დამოკიდებულება კონფედერაციის მიმართ თავიდანვე ნეგატიური იყო. მისი შეფასებით, ორგანიზაცია გახდებოდა კიდევ ერთი იმპერიალისტური ინსტრუმენტი რუსეთის ხელში, რომლითაც ის ჩრდილოეთ კავკასიის გაკონტროლებას შეძლებდა. მართლაც, კონფედერაციის სამხედრო ძალების ჩარევამ კავკასიის რეგიონში სხვადასხვა კონფლიქტში (მათ შორის აფხაზეთის ომში) ფაქტობრივად გაანადგურა კავკასიის ერთობის იდეა.
კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის მონაწილეობა აფხაზეთის ომში
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდეც კი კონფედერაციის წევრები ანტიქართული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. აფხაზი ნაციონალისტები ამ პლატფორმას საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო განწყობების გასაჟღერებლად იყენებდნენ. მაგალითად, სერგეი შამბას, აფხაზეთის ნაციონალური მოძრაობა „აიდგილარას“ ლიდერის მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დაშლისას „ცენტრის ავტორიტარულ-ტოტალიტარული რეჟიმები ჩანაცვლდა ახლად დამოუკიდებელი რესპუბლიკების დიქტატორული რეჟიმებით”.
1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასაწყისში, კონფედერაციამ ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს. მათ ქართულ მხარეს აფხაზეთის ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანა მოსთხოვეს და დაემუქრნენ, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ისინი კონფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ ქართველებს ტყვედ აიყვანდნენ და მოხალისე მებრძოლებს აფხაზთა დასახმარებლად გაგზავნიდნენ. აგვისტოშივე დაიწყო აფხაზეთში „მოხალისე“ სამხედრო დანაყოფების ორგანიზებული ჩაყვანა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან და ასევე სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებიდან. სავარაუდოა, რომ მხოლოდ 1992 წლის შემოდგომის პერიოდში ასობით კონფედერაციის მებრძოლი გადაისროლეს აფხაზეთის ტერიტორიაზე.
კონფედერაციის მოხალისეების პირველი ჯგუფები ომის დაწყებიდან მეორე დღესვე, 15 აგვისტოს, შეუერთდნენ სეპარატისტთა ძალებს, რომელსაც სოსნალიევი მეთაურობდა. 15 აგვისტო ოკუპირებულ აფხაზეთში აღინიშნება როგორც მოხალისეთა დღე. 1992 წლის ოქტომბერში თავად შანიბოვი ჩავიდა აფხაზეთში და გუდაუთაში შექმნა კონფედერაციის ოპერატიული შტაბი (24 ოქტომბერი, 1992), საიდანაც იმართებოდა მათი სამხედრო დანაყოფების საბრძოლო ოპერაციები.
მუსა შანიბოვი კონფედერაციის „მოხალისეებთან“, აფხაზეთი, 1993.
Human Rights Watch მიიჩნევს, რომ კონფედერაციის მოხალისეების ომში ჩართვის მოტივები განსხვავდებოდა. ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების ნაწილი მაინც, მათი ხედვით, აფხაზთა მხარეს იბრძოდა ანტიიმპერიალისტური მოტივებით და სოლიდარობას გრძნობდნენ აფხაზთა მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ მებრძოლებს, Human Rights Watch–ის ჩატარებული ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ ისინი იბრძოდნენ იარაღისა და ნადავლის ხელში ჩასაგდებად. ასევე არ არის გამორიცხული, რომ „მოხალისეების“ ნაწილი დაქირავებული იყო კონკრეტულად სეპარატისტთა მხარეს საბრძოლველად.
„მოხალისეები“ კონფედერაციის ოპერატიული შტაბის წინ, გუდაუთა, 1992–93.
კონფედერაციის ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფებების აფხაზეთის ომში მონაწილეობამ კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ სეპარატისტთა გამარჯვების ერთ–ერთი მთავარი ხელშემწყობი გახდა. ოფიციალური თბილისის მტკიცებით, „საქართველოს ტერიტორიაზე მთიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელობის დავალებით კონკრეტული ტერორისტული აქტები მოეწყო“ ომის პერიოდში. შევარდნაძემ 1992 წლის 7 ოქტომბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე კონფედერაციას ტერორისტული დაჯგუფებაც კი უწოდა. კონფედერაციის სამხედრო დანაყოფები მონაწილეობდნენ გაგრასა და სოხუმზე განხორციელებულ იერიშებში. ქართული მხარის მტკიცებით, კონფედერაციის მებრძოლები ომის პერიოდში მრავალ სამართალდარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი.
მთლიანობაში, სეპარატისტთა მხარეს კონფედერაციის რიგებში იბრძოდა დაახლოებით 2000 „მოხალისე“ და ამათგან რამდენიმე ასეული დაიღუპა ბრძოლაში.
შამილ ბასაევის მონაწილეობა აფხაზეთის ომში
კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციასა და აფხაზეთის ომში ერთ–ერთი მთავარი ფიგურა იყო შამილ ბასაევი. 1965 წელს სოფელ ვედენოში დაბადებული ბასაევი მიეკუთვნებოდა გარუსებული ჩეჩნების თაობას, რომლებშიც ძლიერად იყო ჩეჩნური ნაციონალიზმი გამოხატული. სტუდენტობისას რადიკალი ბასაევი შემდგომში სასტიკ მებრძოლად და ტერორისტად იქცა. აფხაზეთის ომში ჩართვამდე ის იბრძოდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს და ერთ–ერთმა უკანასკნელმა დატოვა სომხების მიერ გარშემორტყმული ქ. შუშა 1992 წლის მაისში.
შამილ ბასიევი
აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ ბასაევი კონფედერაციის საბრძოლო ნაწილებს ჩაუდგა სათავეში. ის 1990–იან წლებში ასევე მსახურობდა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. ბასაევი და მისი ბრიგადა მონაწილეობდნენ 1993 წლის სექტემბერში სოხუმზე შეტევასა და ქალაქის დარბევაში. ქართული მხარის მტკიცებით, სოხუმის დაცემის შემდეგ ბასაევი და კონფედერაციის მებრძოლები ასევე იღებდნენ მონაწილეობას აფხაზეთის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დარბევებსა და მკვლელობებში. ბასაევი წლების მანძილზე იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ აფხაზეთის ომში სამხედრო დანაშაულების ჩადენის გამო.
აფხაზეთში მონაწილე ჩეჩენი საველე მეთაურები (მათ შორის სოსლამბეკოვი და ბასაევი)
არსებობს ეჭვები, რომ ბასაევი რუსეთის მთავრობასთანაც თანამშრომლობდა, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს. 2008 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთი დაადანაშაულა საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად ბასაევის გაგზავნაში. ამასთანავე, 2020 წლის 2 ივლისს, YouTube არხის, „რედაქციის“, ჟურნალისტ ალექსეი პივოვაროვისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სერგეი სტეპაშინმა განაცხადა, რომ ბასაევი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ინტერვიურის კითხვაზე თუ სად და როდის შედგა ეს თანამშრომლობა, სტეპაშინი შემდეგი პასუხით შემოიფარგლა – „საქართველო, 1992“.
„რუსეთის სამხედრო ჩართულობა აფხაზეთის ომში“: