ახალი ამბები

ასლან ბჟანიას ვიზიტი სანქტ-პეტერბურგში

2024 / 08 / 05

1 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ის შეხვდა სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორს, ალექსანდრ ბეგლოვს. შეხვედრაზე იმსჯელეს ტურიზმის, ვაჭრობისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე.

ბჟანიამ აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ტურიზმი ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია და ამ სფეროში სანქტ-პეტერბურგთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. გარდა ამისა, განიხილეს 2024 წლის შემოდგომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში სანქტ-პეტერბურგიდან დელეგაციის ვიზიტის დეტალები, რაც მოიცავს სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას. „რესპუბლიკა სანქტ-პეტერბურგთან თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორობად მიიჩნევს“ - ნათქვამია ბჟანიას ვებ-გვერდზე.

სანქტ-პეტერბურგში ვიზიტის ფარგლებში, 2 აგვისტოს ბჟანიამ მონაწილეობა მიიღო რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების დაარსებიდან 94-ე წლისთავის აღნიშვნის საზეიმო ცერემონიაში. მან აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული აღინიშნება ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რადგანაც „საჰაერო-სადესანტო ძალები ჩვენი საერთო, დიდი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ელიტაა“.

საზეიმო ღონისძიების შემდეგ, ბჟანიამ საჰაერო-სადესანტო ძალების 345-ე პოლკის ვეტერანთან, ალექსანდრ გერაშჩენკოსთან ერთად პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ქვემეხებიდან შუადღის ზალპური ცეცხლი გახსნა.

Go BackGo Back