6 აგვისტოს რუსეთის განათლების მინისტრი, სერგეი კრავცოვი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ეწვია. მან თავის „კოლეგასთან“, ინალ გაბლიასთან ერთად მოინახულა გაგრის მე-2 საშუალო სკოლა, სადაც მას საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც წელს ყირიმში. „არტეკის“ საერთაშორისო ბავშვთა ცენტრში გაატარეს ზაფხული.
კრავცოვმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზი მოსწავლეები კვლავ განაგრძობენ მონაწილეობის მიღებას რუსეთის განათლების სამინისტროსა და „რუსული სახლის“ მიერ ორგანიზებულ კონკურსებსა და ღონისძიებებში.
რუსეთის დელეგაციას ექსკურსია ჩაუტარეს აფხაზეთის ერთ-ერთ ყველაზე ძველ სკოლაში, რომელიც, აფხაზური წყაროების თანახმად, 1904 წელს პრინც ოლდენბურგის მიერ აშენდა. ამ სკოლის რეაბილიტაცია 2012 წელს, კრასნოდარის ოლქის იმდროინდელი გუბერნატორის, ალექსეი ტკაჩოვის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა.