ახალი ამბები

ახალგორის რაიონში რუსული ენის სწავლება გაძლიერდება

2024 / 08 / 15

14 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სერგეი კომისაროვი ახალგორის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მურთაზ ვალიევს შეხვდა.

კომისაროვის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს ახალგორის რაიონში რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციისათვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

კომისაროვმა შეხვედრა გამართა რეგიონში რუსეთის საელჩოს მრჩეველთან, მაქსიმ ერშოვთანაც. შეხვედრის შემდეგ, ახალგორში „ღია განათლების ცენტრის“ დირექტორმა, სერგეი ბაგრინცევმა განაცხადა, რომ პროექტის „რუსი მასწავლებელი საზღვარგარეთ“ ფარგლებში რაიონში ორი პროგრამა რეალიზდება. პროგრამები ხელს შეუწყობენ ახალგორში რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას.

რუსული ენის შემსწავლელი „ღია განათლების ცენტრი“ ოკუპირებულ ახალგორისა და გალის რაიონში 2023 წელს გაიხსნა. ოკუპირებულ რეგიონებში პროექტი განხორციელებულია სამხრეთ რუსეთში მდებარე არმავირის პედაგოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თავად ცენტრებში დასაქმებულები კი, უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან.

ახალგორის რაიონსა და გალის რაიონში მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგორის რაიონში 2024 წლის სექტემბრიდან ქართულად სწავლება სრულად გაუქმდება.

Go BackGo Back