ავტორი: მარიამ ბოკუჩავა
1992-1993 წლების აფხაზეთის ომში რუსეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა სეპარატისტების გამარჯვებაში. „რუსეთის სამხედრო ჩართულობა აფხაზეთის ომში“ სტატიების სერიის მიზანია გამოიკვლიოს რა ტიპის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა რუსეთმა სეპარატისტებს ომის დროს და რა როლი შეასრულეს „მოხალისეებმა“ საომარ მოქმედებებში. აღნიშნული სტატია აფხაზეთის ომში უკრაინელი მოხალისეების მონაწილეობას ეხება.
აფხაზეთის ომში ქართველთა მხარეს 300-მდე უკრაინელი მოხალისე იბრძოდა. ომში ისინი 1993 წლის ივნისიდან ჩაერთნენ. უკრაინელი სამხედროები თითქმის ყველა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, ხოლო სოხუმის აღების შემდეგ, უკრაინის სახელმწიფომ ქართულ მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში დაეხმარა. ქართველი ჯარისკაცების ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ უკრაინელი მებრძოლები გამოირჩეოდნენ მკაცრი სამხედრო დისციპლინითა და ერთგულებით.
„უნა–უნსოს“ მებრძოლები
უკრაინის კანონი თავის მოქალაქეებს ქვეყნის გარეთ მიმდინარე კონფლიქტებში მონაწილეობას უკრძალავდა, ამიტომაც მოხალისეების ჩამოყვანის ორგანიზებას უკრაინული ეროვნული ასამბლეა - უკრაინული სახალხო თავდაცვა – „უნა–უნსო“ ახდენდა. ამ პერიოდში ორგანიზაციის ლიდერი იური შუხევიჩი იყო.
„უნა–უნსოს“ დროშა
„უნა–უნსოს“ ერთ–ერთმა მებრძოლმა ინტერვიუში განაცხადა, რომ როდესაც 1992 წლის აგვისტოში ომში ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები ჩაებნენ, ბევრ უკრაინელს გაუჩნდა სურვილი, რომ ქართველებს დახმარებოდა. თუმცა, უკრაინის მთავრობა არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით. ამიტომაც რამდენიმე ასეულმა უკრაინელმა „უნა–უნსოს“ მეშვეობით აფხაზეთში მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მებრძოლი აღნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციისთვის იოლი გადაწყვეტილება არ იყო, რადგან იცოდნენ, რომ აფხაზების მხარეს ბევრი სლავი იბრძოდა და მათთან შეტაკება მოუწევდათ.
„უნა–უნსოს“ მებრძოლები აფხაზეთში
თავდაპირველად, 1993 წლის ივნისში, უკრაინიდან თბილისში „უნა–უნსოს“ 11–კაციანი ჯგუფი ჩაფრინდა, რომლებიც მეორე დღეს სოხუმში გაფრინდნენ. მათი გამოჩენა ქართველი ჯარისკაცებისთვის უცხო იყო და დრო დასჭირდათ უკრაინელებთან მისაჩვევად. ქართველები უკრაინელებს სპეცრაზმელებად აღიქვამდნენ მათი მაღალი დონის დისციპლინისა და მოწესრიგებულობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ „უნო-უნსოს“ მებრძოლებს არ ჰქონდათ პროფესიული მომზადება. ფრონტზე იყო შემთხვევებიც, როდესაც უკრაინელები რუსებში ერეოდათ, რაც კურიოზულ სიტუაციებს იწვევდა.
მალე უკრაინელებისგან შეიქმნა სამთო–მსროლელი ბატალიონი „არგო“, ოლეგ ბაბროვიჩის მეთაურობით. ქვედანაყოფი საბრძოლო მოქმედებებში 1993 წლის ივლისიდან ჩაება. მათ აიღეს ოკუპირებული სოფ. შრომა, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა სოხუმის დაცვისთვის. შრომას სეპარატისტთა 600–მდე მებრძოლი იცავდა და ქართულმა სამხედრო შენაერთებმა რამდენჯერმე წარუმატებლად სცადეს სოფლის დაბრუნება. შემდეგ ეს სპეცოპერაცია „არგოს“ დაევალა. უკრაინელებმა მიაგნეს შემოვლით გზას სოფლამდე, რომელიც ნაკლებად იყო დაცული, რადგან იქამდე მისასვლელად 200 მეტრი სიმაღლის კლდიდან დაშვება იყო საჭირო, თანაც ეს ადგილი მოწინააღმდეგის თვალთახედვის არეალში იმყოფებოდა. უკრაინელმა მებრძოლებმა ღამით იმუშავეს, აბსოლუტურ სიბნელეში. მათ თოკებით მოახერხეს საბრძოლო მასალისა და ჯარისკაცების ჩამოყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ გავლილი სპეციალური ალპინისტური მომზადება. შედეგად მათ შეძლეს სოფლის აღება ორი მოხალისის სიცოცხლის ფასად. ეს იყო უკრაინელი მოხალისეების პირველი დანაკარგი და ასევე პირველი გამარჯვება აფხაზეთის ომში.
„არგოს“ ბატალიონი ასევე მონაწილეობას იღებდა გალში, ოჩამჩირესა და კოდორში სამხედრო ოპერაციებში, ისევე როგორც, სოხუმის გარშემო საკვანძო სამთო წერტილების დაცვაში. ორგანიზაციის მეთაურის, იური შუხევიჩის განცხადებით, მთლიანობაში აფხაზეთის ომში ბრძოლისას დაიჭრა 22 უკრაინელი მოხალისე და გარდაიცვალა 7. 2 უკრაინელი მებრძოლი საქართველოში, ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული, ხოლო რამდენიმე მათგანის გვარი თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალურ კედელზეა ამოტვიფრული.
ინტერნეტ–სივრცეში იძებნება მრავალი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას უკრაინელი მებრძოლების ჩართულობაზე აფხაზეთის ომში. მებრძოლებთან ჩაწერილი ინტერვიუები კი ნათელს ჰფენს მათი ომში ჩართვის მოტივაციას. განსაკუთრებით საინტერესოა ნაწყვეტი სერგეი ტკაჩუკთან ჩაწერილი ინტერვიუდან. ინტერვიუ ჩაწერილია 19 წლის ლეონიდ ტკაჩუკის, სერგეის ვაჟის, სოხუმში დასაფლავების შემდეგ, სადაც ის აღნიშნავს რომ ამ ომში ფრონტის ხაზი მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის კი არა, არამედ უკრაინასა და რუსეთს შორისაც გადის. „თუკი გაუძლებს საქართველო, გაუძლებს უკრაინაც. ამიტომ ვიბრძვით აქ“, თქვა სერგეი ტკაჩუკმა ინტერვიუში. ლეონიდ ტკაჩუკის ნეშტის უკრაინაში გადასვენება მხოლოდ 2021 წელს მოხერხდა. ის სამხედრო პატივით დაკრძალეს ლვოვში.
სოხუმში დაკრძალული ლეონიდ ტკაჩუკის გადასვენება ლვოვში
1994–96 წლებში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ რამდენიმე ათეული უკრაინელი მოხალისე დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის ორდენით, რომელიც საქართველოს უმაღლესი ჯილდოა სამხედრო სამსახურისთვის. წლების შემდეგ საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტმა მოძებნა ეს ადამიანები და ერთჯერადი ფულადი ჯილდოები შესთავაზა, თუმცა როგორც ირკვევა „უნა–უნსოს“ მებრძოლებმა ფულად ჯილდოზე უარი თქვეს.
დაღუპული უკრაინელი მებრძოლები:
მოსახლეობის ევაკუაცია
უკრაინელებმა ქართულ მხარეს ასევე გაუწიეს უდიდესი ჰუმანიტარული დახმარება. სწორედ უკრაინული გემებითა და ვერტმფრენებით გამოიყვანეს დევნილების ნაწილი სამშვიდობოს. რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში ელგუჯა ადამიამ, გენერალ გენო ადამიას შვილმა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს სამხედრო საავადმყოფოს ხელმძღვანელი იყო, გაიხსენა რომ სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე ქართულ მხარეს თითქმის გამოლეული ჰქონდა შეიარაღება. შესაბამისად საავადმყოფო დაჭრილებით გაივსო. მათი ევაკუაცია მოხდა მხოლოდ სევასტოპოლიდან გამოგზავნილი დიდი სადესანტო ხომალდებით. თითოეული გემი 15 000 კაცს იტევდა და სწორედ ამ გემებით გადაიყვანეს დაჭრილები და სხვა უამრავი დევნილი, ვინც იმ დღეებში სოხუმი დატოვა.
ევაკუაცია
ამასთანავე, უკრაინამ გამოგზავნა 17 ვერტმფრენი, რომელთა მეშვეობითაც მოხდა სვანეთისკენ მთებით მომავალი დევნილების ნაწილის ევაკუაცია. უკრაინელი პილოტები იხსენებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერტმფრენი 24 ადამიანზე იყო გათვლილი, ისინი 40 კაცს ისვამდნენ და ლოცულობდნენ, რომ აეროპორტებამდე მიეღწიათ. უკრაინელმა პილოტებმა 1993 წლის შემოდგომაზე 300–მდე რეისი შეასრულეს და შეძლეს 8000–მდე ადამიანის გადარჩენა.
ევაკუაცია
„რუსეთის სამხედრო ჩართულობა აფხაზეთის ომში“: