რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ვოლვაჩმა შეაფასა რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებს შორის მიმდინარე პროგრამა, რომელიც მოიცავს „კანონმდებლობების“ ჰარმონიზაციას.
პროგრამამ ფუნქციონირება 2021 წელს დაიწყო და ბოლო ღონისძიებები 2025 წელსაა ჩანიშნული. აღნიშნული პროგრამის მიზანია რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და რუსი კერძო ინვესტორებისთვის შესაბამისი საინვესტიციო პირობების შექმნა.
ვოლვაჩის თქმით, 2024 წელს რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 16 მლრდ რუსულ რუბლს გადააჭარბა. 2023 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის შემოსავალმა 9.8 მლრდ რუბლი შეადგინა, რამაც წლიურ გეგმას 36.5%-ით გადააჭარბა. ასევე, მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის მშპ-მ 69.4 მლრდ რუბლი შეადგინა, რითიც გადააჭარბა რუსეთის მიერ შემუშავებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამით დამტკიცებულ მაჩვენებელს.
გარდა ამისა, ვოლვაჩმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი კერძო ინვესტორების პროექტები უკვე რეალიზდება და ინვესტიცია 17 მლრდ რუბლს აჭარბებს.