ავტორი: მარიამ ბოკუჩავა
ვოლფგანგ მაცკე არის გერმანელი ადვოკატი და გერმანიაში ოკუპირებული აფხაზეთის ლობისტების მიერ ჩამოყალიბებული ქსელის ერთ–ერთი მთავარი ფიგურა (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია გერმანიაში ოკუპირებული აფხაზეთის ლობისტების საქმიანობაზე). იგი წლების განმავლობაში იცავს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ინტერესებს გერმანიაში და ცდილობს გერმანელი ბიზნესმენებისა და სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას. მაცკეს თაოსნობით 2017 წელს გაიხსნა აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო–სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა ბერლინში, რომელიც აწყობს სხვადასხვა კულტურულ და ეკონომიკურ ღონისძიებებს აფხაზეთში ინვესტორების მოსაზიდად.
ვინ არის ვოლფგანგ მაცკე
ინფორმაცია ვოლფგან მაცკეს ბიოგრაფიასა და საქმიანობაზე მოძიებულია მისი LinkedIn–ის ვებ–გვერდისა და იურიდიული კომპანია LTC Alliance MNB Legal–ის საიტზე, სადაც მაცკე მითითებულია, როგორც მმართველი დირექტორი. საინტერესოა, რომ არც LinkedIn-სა და არც თავისი კომპანიის საიტზე არაფერი არ არის ნახსენები მაცკეს კავშირებზე ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობასთან და მის ჩართულობაზე ე.წ. სავაჭრო–სამრეწველო პალატის საქმიანობაში.
LTC Alliance MNB Legal
მაცკემ სამართლის ბაკალავრის ხარისხი მიიღო რურის უნივერსიტეტში (ბოხუმი, გერმანია), მაგისტრატურა დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ხოლო იურიდიული სტაჟირება ჩრდილოეთ რაინ–ვესტფალიასა და სანკტ–პეტერბურგში გაიარა. 1992–97 წლებში ის მუშაობდა ე.წ. ნდობის სააგენტოში (გერმანიის გაერთიანების შემდეგ ამ ორგანიზაციას ევალებოდა ყოფილი გდრ–ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების კერძო საკუთრებაში გადაცემა) მკვლევარი–ასისტენტის პოზიციაზე და ასევე იყო იურიდიული მრჩეველი და ადამიანური რესურსების მენეჯერი ლითონის სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანია „Anhaltiner Stahl und Anlagenbau AG“–ში.
1997 წლიდან მუშაობს როგორც ადვოკატი, ხოლო 2001 წლიდან მისი სპეციალობა მოიცავს შრომის სამართალს. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაცკე კონსულტაციას უწევს კომპანიებს ინდივიდუალური და კოლექტიური დასაქმების კანონმდებლობასთან, კორპორაციულ სამართალთან, მმართველი დირექტორის, საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე საერთაშორისო და ეროვნულ რესტრუქტურიზაციისა და კომპანიების გაერთიანებებისა და შესყიდვების პროექტების შესახებ. მაცკე არის „LTC Alliance MNB Legal“-ის მმართველი დირექტორი, რომლის საქმიანობის ძირითად არეალი არის შრომისა და კომერციული სამართალი და კონსალტინგი. კომპანიას ოფისები აქვს ბერლინში, შონეფელდში (გერმანია), პოზნანში (პოლონეთი), შცეჩინში (პოლონეთი), გდანსკსა (პოლონეთი) და სანკტ–პეტერბურგში (რუსეთი). საინტერესოა, რომ კომპანიის საიტზე ხაზგასმულია მაცკეს პერსონალური დამსახურება სანკტ–პეტერბურგის ფილიალის გახსნაში.
მაცკე ასევე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორც ლექტორი და ორგანიზატორი. ის ლექციებს ატარებს პოტსდამის სავაჭრო–სამრეწველო პალატაში, პოტსდამის ინდუსტრიულ კლუბში რუსეთის სპეციალურ ეკონომიკურ ზონებზე, ბრანდერბურგ–ბერლინის მეწარმეთა ასოციაციაში, „Commerzbank“-ში, „Deutsche Bahn“-ში და ა.შ. მაცკე არის ბერლინ-ბრანდენბურგის მეწარმეთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და რუსული ბიზნეს კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ამასთანავე ის ხელმძღვანელობს გერმანიაში რუსული ბიზნესის ასოციაციის კომპანიების გაერთიანებებისა და შესყიდვების კომიტეტს.
მაცკეს ხელმძღვანელობით ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: პოტსდამის ინდუსტრიული კლუბის პირველი და მეორე რუსული კონფერენცია, პოტსდამის ინდუსტრიული კლუბის „გაზპრომის“ საღამო და პოტსდამის ინდუსტრიული კლუბის ვისკის წვეულება. ამ უკანასკნელის ორგანიზებაში მაცკეს დახმარებას უწევდა გერმანიაში რუსეთის საელჩოს სავაჭრო–ეკონომიკური ოფისი.
მაცკე საუბრობს 5 ენაზე: გერმანული, რუსული, ინგლისური, ფრანგული და ესპანული. 2011 წელს გერმანიასა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მაცკე დაჯილდოვდა რუსეთის ფედერაციის ორდენით გერმანია-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.
მაცკეს ლობისტური საქმიანობა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლის კომპეტენციის ფარგლებში მაცკე რეგულარულად სტუმრობს აფხაზეთს და გერმანიაში აწყობს კულტურულ და ეკონომიკურ ღონისძიებებს. ამ ღონისძიებების დროს ხდება აფხაზური პროდუქციის პრეზენტაცია, აფხაზეთის ისტორიის, ადათ-წესებისა და ტრადიციული სამზარეულოს გერმანელებისთვის გაცნობა. ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მაცკეს ლობისტური საქმიანობის მიზანია ოკუპირებული რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და ინვესტორების მოძიება.
გერმანიის ეკონომიკური დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთში, სოხუმი, 07.05.2015
აღსანიშნავია, რომ მაცკეს ორგანიზებულ ღონისძიებებს ხშირად ესწრება ხიბლა ამიჩბა, გერმანიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენელი (გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ამიჩბას „დიპლომატიურ“ სტატუსს). ამიჩბასა და აფხაზი პოლიტიკოსების მონაწილეობა მაცკეს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში (როგორც აფხაზეთში, ასევე გერმანიაში) ცხადყოფს, რომ ამ ღონისძიებების რეალური მიზანი არა კულტურული მიმოცვლა, არამედ სეპარატისტი პოლიტიკოსების გერმანიის ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებაა, რაც გაზრდის აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საერთაშორისო ლეგიტიმაციას.
ამის ერთ–ერთი ნათელი მაგალითია თავად მაცკეს მიერ დაწერილი მოხსენება სახელწოდებით „ანგარიში აფხაზეთზე – უცნობი ევროპა რუსეთსა და საქართველოს შორის”. ანგარიში გამოქვეყნდა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ეგიდით 2020 წელს, რომელიც აკვირდება და აანალიზებს სამართლებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
ანგარიში იწყება აფხაზეთის ბუნებისა და პროდუქციის ზოგადი დახასიათებით. დასაწყისშივე აფხაზეთი მოხსენიებული როგორც ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყნის სტატუსი. აფხაზეთის ღირსშესანიშნაობების აღწერისას მაცკე ხაზს უსვამს კონკრეტულად იმ კულტურულ მემკვიდრეობას რაც აფხაზეთს რუსეთთან აკავშირებს: სტალინის აგარაკი რიწის ტბასთან, პრინც ოლდენბურგის სასახლე (იმპერატორ ალექსანდრე I-ის დისშვილი), ხოლო გაგრა მოხსენიებულია როგორც „რუსული მონაკო”.
ანგარიშის შემდეგი ნაწილი ეთმობა აფხაზეთის პოლიტიკური სიტუაციის შეფასებას. მაცკე ხაზს უსვამს, რომ 2019 წელს „Freedom House“-ის „თავისუფლების ინდექსის“ შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთზე თითქმის 2–ჯერ უკეთესი შეფასება ჰქონდა და ხასიათდება, როგორც ნაწილობრივ–თავისუფალი „ქვეყანა“. საყურადღებოა, რომ მაცკე შედარებას აკეთებს რუსეთთან და არა საქართველოსთან ან კავკასიის რომელიმე სხვა რესპუბლიკასთან, აფხაზეთის პოლიტიკური მდგომარეობის უკეთეს ფერებში წარმოსაჩენად. მაცკეს რწმუნებით, აფხაზეთში არის აქტიური პოლიტიკური ცხოვრება პოლიტიკური პარტიებითა და სოციალურ–კულტურული ორგანიზაციებით, რომლებიც ერთ რამეში თანხმდებიან – რომ, აფხაზეთი არც რუსეთის ნაწილია და არც საქართველოსი. მაცკეს შეფასებით, აფხაზი ხალხიც ამ აზრზეა.
პოლიტიკურ შეფასებებს მოსდევს აფხაზეთ–საქართველოს ისტორიის აღწერა, რომელიც ზუსტად იმეორებს რუსულ ნარატივს ქართველების მიერ აფხაზთა ეთნიკური უმცირესობის შევიწროების შესახებ. საინტერესოა რომ აფხაზეთ–საქართველოს ურთიერთობის შეფასება იწყება მე–19 საუკუნის მეორე ნახევრიდან და საერთოდ არ არის ნახსენები მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ამ მოვლენებს უსწრებდა. ასევე, თითქმის არ არის წარმოჩენილი რუსეთის როლი აფხაზეთ–საქართველოს კონფლიქტსა და ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, როდესაც საქართველო (და შესაბამისად აფხაზეთიც) რუსეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ანგარიშის ეს ნაწილი ემსახურება საქართველოს როგორც აგრესორის, ხოლო რუსეთის, როგორც აფხაზეთის ეკონომიკური და პოლიტიკური მფარველის წარმოჩენას.
ანგარიშის ბოლო ნაწილი ემსახურება აფხაზეთის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენასა და სავარაუდო მომგებიანი ბიზნეს სექტორების აღწერას, სადაც ღირს ინვესტიციის ჩადება. მაცკე აღნიშნავს რომ ევროკავშირის ხისტი პოლიტიკის წყალობით, რომელიც მოიცავს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის არაღიარებას, რთული იქნება მსხვილი ინვესტორების მოზიდვა. თუმცა საშუალო ბიზნესის სექტორს მსგავსი შეზღუდვები არ აქვს და აფხაზეთის „მთავრობამაც“ აქეთ უნდა მიმართოს ყურადღება. მაცკე ანგარიშს ამთავრებს იმაზე ხასგასმით, რომ აფხაზეთის „მთავრობას“ გერმანიასთან პარტნიორობის დიდი ინტერესი აქვს.
სწორედ ასე არის წარმოლჩენილი აფხაზეთ–საქართველოსა კონფლიქტი, ისტორია და ურთიერთობა აფხაზი ლობისტების მიერ გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ლობისტების რუსული ნარატივი მაინც საზიანოა საქართველოსთვის. მათი მეშვეობით უცხოელი ბიზნესმენები და მოქალაქეები, რომლებსაც ცოტა ინფორმაცია აქვთ საქართველოსა და აფხაზეთის შესახებ, ისმენენ რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს, რაც გავლენას ახდენს მათ დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებაში.