ახალი ამბები

კრემლის „სანქციები“ - ბანქოს თამაში, ბჟანიას დასჯა თუ მწვანე შუქი თბილისს?

2024 / 09 / 05

ავტორი: არსენ არაქელოვი

29 აგვისტოს აფხაზურ  სოციალურ ქსელში სკანდალური შეხვედრის პროტოკოლი გავრცელდა. პროტოკოლის თანახმად, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებს და ულტიმატუმებს უყენებს, თუმცა სანამ თავად პროტოკოლის დეტალებს განვიხილავთ, საინტერესოა, თუ რა არის ის შესაძლო მიზეზები, რამაც კრემლი განარისხა.

კრემლის მკაცრი ტონის პირველი ნიშანი

აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება დაიწყო 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-16 წლისთავზე. 16 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირველად არ მიულოცა აფხაზ ხალხსა და ე.წ. პრეზიდენტს „დამოუკიდებლობა“. ასევე, პირველად მოხდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა რუსი მაღალჩინოსნების ტრადიციული მილოცვები.

მიუხედავად ამისა, აფხაზეთში „დამოუკიდებლობა“ განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსი ცნობილი რეპერის - „ბასტას“ კონცერტზე დასასწრები მოსაწვევები პირადად გაუგზავნა ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებს. კონცერტი სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და ღონისძიებაში მონაწილეობა ბჟანიამაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ აფხაზურ საზოგადოებაში განსახილველ საკითხად იქცა ბასტას ჰონორარის ოდენობა, თუმცა ბჟანიას მტკიცებით, რეპერის გამოსვლა არ დაფინანსებულა ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტით და ეს „რუსულ-აფხაზური თანამშრომლობის ფარგლებში შედგა“. საზეიმო ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს კონცერტი ბჟანიამ თავისი სააგიტაციო კამპანიისთვის გამოიყენა, რაც, როგორც ჩანს, მას მართლაც სჭირდებოდა.

სკანდალური პროტოკოლი - რამ გამოიწვია?

კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად ლობირებს რამდენიმე „კანონპროექტს“, რომლებსაც მოიცავს აფხაზეთსა და რუსეთს შორის „კანონმდებლობათა“ ჰარმონიზაციის პროგრამა. ერთ-ერთი მათგანი ე.წ. აგენტების კანონია, რომელიც მიუხედავად დე ფაქტო მთავრობის არაერთი მცდელობისა, ჯერჯერობით აფხაზეთში არ მიღებულა.

„აგენტების კანონის“ აქტიური ლობისტი ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა იყო, რომელიც თანამდებობიდან 2024 წლის მაისში გადადგა. არძინბას გადაყენებას წინ უსწრებდა სწორედ ე.წ. აგენტების კანონის განხილის დაწყების მორიგი წარუმატებელი მცდელობა ე.წ. პარლამენტში. აფხაზურ მედიაში მაისში აქტიურად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ არძინბა დაიბარეს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე. შემდეგში არძინბამ ეს უარყო და განაცხადა, რომ კარიერას პოლიტიკურ თოქშოუში გააგრძელებდა.

არძინბას ნაცვლად აგვისტოში ე.წ. მინისტრად აფხაზური საზოგადოებისთვისა და პოლიტიკისთვის კარგად ნაცნობი სერგეი შამბა დაინიშნა. ის მანამდე ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელიც აქამდე ორჯერ ეკავა.

ამ შიდაპოლიტიკური ბრძოლების პარალელურად, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში აგვისტოში ჩავარდა „კანონპროექტი აპარტამენტების“ შესახებ. რუსეთის მთავრობის მოთხოვნაა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა შეეძლოთ, ეს „კანონი“ კი სწორედ ამას ითვალისწინებდა.

ბჟანიას დიდი სურვილი იყო, რომ „კანონპროექტი“ დამტკიცებულიყო, რაც მის რეპუტაციას კრემლში კვლავ აამაღლებდა.  ე.წ. აპარტამენტების შესახებ „კანონპროექტს“ წარსულში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და ამჯერად დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 15 ივლისს, „კანონპროექტი“ ახალი ფორმით წარედგინა „პარლამენტს“. ბჟანიასადმი ლოიალურმა „დეპუტატებმა“ სახელი შეუცვალეს „კანონპროექტს“, ასევე შეამცირეს ის არეალი, რომელზეც გავრცელდებოდა „კანონპროექტი“. კერძოდ, დასახელდა, რომ უძრავი ქონების შეძენა რუსეთის მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ აღმოსავლეთ რაიონებში, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში, რათა მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე ამაღლებულიყო. მიუხედავად ამისა, ოპოზიციაში „კანონპროექტისთვის“ სახელის გადარქმევა შეფასდა, როგორც რიგითი ხრიკი და მოსახლეობის პროტესტის ფონზე, მიუხედავად ერთი წლის თავზე ბჟანიას მორიგი მცდელობებისა, „კანონპროექტი“ კვლავ ჩავარდა.

ე.წ. აპარტამენტების საკითხის გარდა, მწვავედ დგას აფხაზური ენერგოსექტორის რუსი კერძო ინვესტორებისთვის გადაცემის საკითხი, რაც, გავრცელებული მოსაზრებით, აფხაზური ენერგოსისტემის პრობლემებს მოაგვარებდა.

აფხაზური საზოგადოებისთვის მსგავსი საკითხები მგრძნობიარეა. საკუთარი ტერიტორიისა თუ ობიექტების სხვის მფლობელობაში გადაცემას „სუვერენიტეტის“ დაკარგვას უკავშირებენ. სავარაუდოდ, ბჟანიას კრემლში თავის გასამართლებლად სწორედ აფხაზური საზოგადოების ეს განწყობა მოჰყავს, თუმცა მაგალითად, ერთ-ერთ აფხაზურ ტელეგრამ არხზე ვკითხულობთ: „მოსკოვში სამართლიანად თვლიან, რომ ესეთი მიზეზები სასაცილოა. პრეზიდენტსა და მთავრობის თავმჯდომარეს საკმარისი პოლიტიკური და ადმინისტრაციული წონა აქვთ, რომ გაატარონ შესაბამისი გადაწყვეტილებები პარლამენტში. როგორც ჩვენი წყაროები გვამცნობენ, მოსკოვი კარგად ფლობს აფხაზეთში არსებულ სიტუაციას და ესმის, რომ ამ კანონების მიღებით არანაირ კატასტროფულ შედეგებამდე არ მივა სიტუაცია რესპუბლიკაში, რაზეც ოპოზიცია და პროდასავლური ბლოგერები ყვირიან“.

შესაძლოა, ეს ასეც არის და კრემლმა, საკუთარი ინტერესების გასატარებლად, ბჟანიასა და მისი ე.წ. მთავრობის დასჯა განიზრახა. ამას კი თან ერთვის ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ინფორმაციით, „სამთავრობათაშორისო შეხვედრების“ ფარგლებში, რუსეთის დელეგაციამ გააუქმა სოხუმში ვიზიტი იმის მიუხედავად, რომ სასტუმროს ნომრები უკვე ჰქონდა დაჯავშნილი.

რას მოიაზრებს სკანდალური პროტოკოლი?

აფხაზურ  სოციალურ ქსელში სკანდალური შეხვედრის პროტოკოლი 29 აგვისტოს გავრცელდა. შეხვედრა ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ოკუპირებული რეგიონების კურატორ დიმიტრი კოზაკს შორის 19 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა. პროტოკოლი 26 აგვისტოთი არის დათარიღებული და სოხუმის მიმართ ულტიმატუმის ფორმას ატარებს. პროტოკოლს კოზაკი აწერს ხელს, მასში კი ოთხი ძირითადი პუნქტია ჩამოწერილი.

პროტოკოლი

პირველი პუნქტის თანახმად, რუსეთი აჩერებს აფხაზეთის დახმარებას მანამ, სანამ აფხაზეთი შემდეგ ვალდებულებებს არ შეასრულებს: ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია; რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა და რუსი ინვესტორებისთვის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე შეზღუდვების მოხსნა (ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონის მიღება).

მეორე პუნქტის თანახმად, აფხაზეთში შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ კომერციული ფასით განხორციელდება. ამ პროტოკოლამდე რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმს ელექტროენერგია საშეღავათო ფასით მიეწოდებოდა.

მესამე - ბჟანიამ აიღო ვალდებულება 2024 წლის 20 სექტემბრამდე აფხაზეთის „პარლამენტის“ იმ „დეპუტატებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შესახებ, რომლებიც „პარლამენტში“ ე.წ. აპარტამენტების კანონის განხილვის წინააღმდეგ გამოდიან, მოსკოვს მიაწოდოს ინფორმაცია მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით. „დეპუტატების“ წინააღმდეგობა შეფასებულია, როგორც რუსეთის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებისთვის ზიანის მომტანი.

მეოთხე პუნქტში საუბარია, რომ რუსი დეპუტატების აფხაზ კოლეგებთან კავშირები მინიმალურ დონეზე უნდა შემცირდეს.

დე ფაქტო მთავრობის რეაქცია

ბჟანიას პრესსამსახურმა არ უარყო პროტოკოლის არსებობა, თუმცა გაავრცელა განცხადება, რომ, ბჟანიას „არ აუღია ვალდებულება დეპუტატებისა და ოპოზიციის ლიდერების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდების შესახებ“.

3 სექტემბერს კი, ბრიფინგი გამართა სერგეი შამბამ და ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, რაულ ლოლუამ.

შამბას პრესკონფერენცია აფხაზური საზოგადოებისთვის კომიკური აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ შამბამ არ დაადასტურა იურიდიულად ამ პროტოკოლის რომელიმე „საჯარო უწყებაში“ მიღების ფაქტი და აღნიშნა, რომ ე.წ. მთავრობა ვერ ადასტურებს პროტოკოლის ავთენტურობას. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა და სანქციები მართლაც ამოქმედდა დე ფაქტო მთავრობის მხრიდან ვალდებულებების არ შესრულების გამო.

გარდა ამ ჩამონათვალისა, რასაც ითვალისწინებს პროტოკოლი, რუსეთმა შეწყვიტა აფხაზი „საჯარო მოხელეების“, ექიმების, მასწავლებლებისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების ხელფასების თანადაფინანსება. შამბას პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ თუ ეს პროტოკოლი არ გავრცელდებოდა ღია წყაროებში ჟურნალისტების მიერ, როგორ გაიგებდა მოსახლეობა ან დე ფაქტო მთავრობა ამ შეზღუდვების შესახებ. შამბას პასუხი კი იყო, რომ ე.წ. პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს 1 სექტემბრიდან დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია მოსკოვმა 2 სექტემბერს აცნობა. შამბას ეს პასუხი აფხაზურ ტელეგრამ არხებში პოპულარული გახდა.

გარდა ამისა, შამბა ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ ბჟანიასა და კოზაკს შორის შეხვედრა 19 აგვისტოს შედგა, თავად პროტოკოლი კი, 26 აგვისტოთი თარიღდება და მისი შედგენის პროცესს ბჟანია არ ესწრებოდა.

შამბამ აფხაზი „დეპუტატებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე ცხინვალის რეგიონის მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, მოქალაქეობის ჩამორთმევა რუსეთის პრეროგატივაა. ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც ამა წლის 9 ივნისს გაიმართა, მოსკოვმა 3 „დეპუტატს“, რომელთა საქმიანობა, მათი შეფასებით, რეგიონში კრემლის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.

შამბამ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ განსხვავებით 2008 წლისგან, რუსეთის დამოკიდებულება აფხაზეთისადმი შეცვლილია. მან განაცხადა, რომ მსოფლიო წყობა ცვლილებებს განიცდის, „ბევრი ბირთვულ ომსაც პროგნოზირებს, იცით თქვენ. ჩვენ ამ სიტუაციაში უნდა გამოვავლინოთ სიბრძნე“ - განაცხადა მან.

ლოლუამ კი ყურადღება ბრიფინგზე დაუთმო იმას, რომ ძალოვანი სტრუქტურები დაიწყებენ იმის გამოძიებას, თუ როგორ გავრცელდა ეს პროტოკოლი ტელეგრამ არხზე და რა მოტივით. ლოლუამ, მსგავსად შამბასი, განაცხადა, რომ ვერ ადასტურებს პროტოკოლის ავთენტურობას.

„უსაფრთხოების საბჭოს“ თავმჯდომარის თქმით, აფხაზეთის ინტერესია რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, თუმცა ამასთან, ასეთი ტიპის პუბლიკაციები და სხვადასხვა სააგენტოს მიერ გავრცელებული რიგი განცხადებები, ამას ხელს არ უწყობენ.

ლოლუას თქმით, ბჟანიას არ აუღია პასუხისმგებლობა გააზიაროს ინფორმაცია აფხაზი „დეპუტატების“ შესახებ, თუმცა სხვა ყველა საკითხი დღის წესრიგში დგას და იგეგმება მსჯელობა კანონპროექტების თაობაზე. მისი თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არის საპროტესტო გამოსვლებში და თუ ოპოზიციას არ სურს აღნიშნული კანონების მიღება, ეს გარკვეულწილად რუსეთისთვის უარის თქმას ნიშნავს. ამასთან, მან განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკას აქვს დასამტკიცებელი, რომ იგი სანდო და კარგი პარტნიორია.

4 სექტემბერს შამბა რუსეთში აფხაზეთის „ელჩს“, ალხას კვიცინიასაც შეხვდა. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს „გავრცელებული დაუდასტურებელი პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხებისა“ და შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. მოცემული განცხადებით დე ფაქტო სამინისტრომ კვლავ არ დაადასტურა საბოლოოდ პროტოკოლის ავთენტურობა.

შამბასა და კვიცინიას შეხვედრა

გამოხმაურება აფხაზურ საზოგადოებაში

ოკუპირებულ აფხაზეთში არ ცხრება კრიტიკა ბჟანიას მიმართ. საქმე ისაა, რომ მიუხედავად დე ფაქტო რესპუბლიკაში მწვავე ვითარებისა, ბჟანია არ იმყოფება აფხაზეთში. ეს მოცემულობა აფხაზებისთვის კომიკურ მდგომარეობადაც იქცა, რადგან ძალიან ხშირია ბჟანიას სოხუმში არყოფნა მაშინ, როდესაც ამას გარემოება მოითხოვს. აფხაზი ჟურნალისტის, ინალ ხაშიგის ინფორმაციით, ბოლოს ბჟანია 31 აგვისტოს რუსეთში, უფაში რესტორანში შენიშნეს, ამის შემდეგ კი ის არსად გამოჩენილა და მის მაგრივრად სკოლის მოსწავლეებს სკოლის დაწყება მისი სახელით პრესსამსახურმა მიულოცა, რაც ერთადერთი განცხადება იყო მიმდინარე მოვლენების პარალელურად.

საზოგადო მოღვაწემ, ადგურ ლაგვილავამ თავის ტელეგრამარხზე მიმართვა დაწერა, რომლის თანახმადაც რუსეთის წინაშე რიგი იურიდიული პასუხისმგებლობები არ აუღია აფხაზ ხალხს, არამედ ეს ბჟანიამ და მისმა „ადმინისტრაციამ“ გააკეთა, რის გამოც მხოლოდ ისინი უნდა ისჯებოდნენ და არა აფხაზი ხალხი ან ოპოზიცია. 

თავის ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა „აფხაზეთის გმირმა“, ასლან კობახიამაც. მისი თქმით, ეს პროტოკოლი შანტაჟია და ის არ ურჩევს ვინმეს ისე იქცეოდეს „თითქოს აფხაზეთი ბანქოს თამაშში მოიგო“. ზოგიერთმა ჟურნალისტმა მოუწოდა ბჟანიასა და ანქვაბს გადადგომისაკენ, რადგან „2020 წელს ხელისუფლებაში მოსვლით გაბრუებულებმა შეუსრულებელი ვალდებულებები აიღეს“. მეტიც, ზოგიერთმა ბჟანიას პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებაც განაცხადა.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, აფხაზურ ტელეგრამარხებში გავრცელდა დიმიტრი ვოლვაჩის, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის 2022 წლის ინტერვიუ რუსულ გამოცემა „ТАСС“ - თან, რომელშიც ის ამბობს, რომ დე ფაქტო მთავრობამ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა 2025 წლამდე თავად უზრუნველყო „საჯარო მოხელეების“ ხელფასები. მოსახლეობა აკრიტიკებს დე ფაქტო მთავრობას იმისთვის, რომ ისინი არ დახვდნენ ამ პერიოდს მომზადებულები და არავინ იცის, ექნებათ თუ არა „მოხელეებს“ შესაბამისი გასამრჯელო. ამის საშიშროებას შამბაც ხედავს და ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ მთავარი საშიშროება აფხაზეთისთვის არის ის, რომ შესაძლოა ადამიანებმა ვერ შეძლონ დამოუკიდებლად არსებობა.

ამავე საკითხზე აკრიტიკებენ დე ფაქტო მთავრობას აფხაზი ეკონომისტები. მათი თქმით, შამბა არასწორად უწოდებს პროტოკოლით გაწერილ ნაბიჯებს „სანქციებს“, რადგან ეს წინასწარ იყო გაწერილი რუსეთის მიერ დაფინანსებული დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2022-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის ხელშეკრულებაში. დე ფაქტო მთავრობას უნდა აეღო 2025 წლისთვის პასუხისმგებლობა ხელფასების „ბიუჯეტიდან“ გაცემაზე, ხოლო ელექტროენერგიის ფასის მატების შესახებ დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი მოსახლეობას გასულ წელსაც აფრთხილებდა.

4 სექტემბერს კი, 12 საათზე ოპოზიციურად განწობილი აფხაზი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ. შეხვედრის შემდეგ, მათ გაასაჯაროვეს ვიდეო მიმართვა, რომელშიც ამბობენ, რომ „კონსტიტუციის“ შესაბამისი მუხლების საფუძველზე, მოითხოვენ ბჟანიას თანამდებობიდან გადაყენებას. მათი თქმით, ბჟანიამ უღალატა დადებულ ფიცს და არ დაიცვა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოებრიობა. ამ განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რაში ხედავენ ისინი გამოსავალს და როგორ აპირებენ რუსეთთან შემდგომ თანამშრომლობას. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ განვითარდება ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტობის თანამდებობიდან ვადამდელი გადადგომის მოთხოვნის საკითხი.

გარდა კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისა, არიან ადამიანებიც, რომლებიც იცავენ მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებას. მათი რიცხვი არ არის დიდი და შესაძლოა, ისინი „მთავრობასთან“ დაახლოებული პირებიც არიან. ასეთ ტელეგრამ არხებში დღემდე განიხილება რიგი კონსპირაციული თეორიები პროტოკოლის ავთენტურობის შესახებ. მაგალითად, შედარებულია კოზაკის 2020 წლის ხელმოწერა, რომელიც დასმულია აფხაზეთსა და რუსეთს შორის „კანონმდებლობების“ ჰარმონიზაციის შეთანხმებაზე და ამჟამინდელ პროტოკოლზე არსებული ხელმოწერა. პოსტის ავტორის აზრით, კოზაკის ხელმოწერა არ არის იდენტური და შესაბამისად, მათი აზრით, პროტოკოლის ავთენტურობაც სადავოა.

კოზაკის ხელმოწერები

მიუხედავად კონსპირაციული თეორიებისა, რუსეთის მთავრობას არ განუცხადებია საწინააღმდეგო, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პროტოკოლი ავთენტურია, რასაც, ფაქტობრივად არც დე ფაქტო მთავრობა უარყოფს.

აფხაზურ საზოგადოებაში ყველაზე სკანდალურად მაინც აფხაზი „დეპუტატებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი მიიჩნიეს, რადგან ეს იმ ადამიანების დასჯას ითვალისწინებს, რომლებმაც დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. მიუხედავად ამისა, არ ცხრება ლაპარაკი იმაზეც, თუ როგორ შეძლებს ე.წ. ბიუჯეტი გაუმკლავდეს ხელფასების გაცემას, ზამთარში ელექტროენერგიის შეძენას და ყველაზე მნიშვნელოვანი - სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნებას რუსეთთან, რაც უშუალოდ უსაფრთხოების საკითხიცაა. ამის ფონზე მოსახლეობა ბჟანიას მის ძალიან ხშირ მივლინებებზე და პირად უსაფრთხოებაზე დახარჯულ თანხებს ახსენებს, რაც მოიცავს ე.წ. პარლამენტის შემოღობვას, სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას, ე.წ. შსს-სთვის ტოიოტას მარკის ავტომობილების შეძენასა და ა.შ.

4 სექტემბრის საღამოს კი, ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე „აფხაზეთის მოქალაქეების“ დაკითხვა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დაკითხვები მიმდინარეობს იმის გასარკვევად, თუ ვინ გაავრცელა აფხაზურ ტელეგრამ არხზე სკანდალური პროტოკოლი, თუმცა აფხაზეთში ეჭვობენ, რომ პროტოკოლზე წვდომა მხოლოდ კრემლის ადმინისტრაციაში მყოფ პირს შეეძლო ჰქონოდა და რომ გასაჯაროვდა დოკუმენტი სწორედ მოსკოვის ნებართვით.

გავლენები თბილისიდან

არსებობს მოსაზრება, რომ კრემლის ეს ნაბიჯი კავშირშია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიასთან და მმართველი პარტიის გადადგმულ რიგ ნაბიჯებთანაც, რაც დასავლეთში უკმაყოფილებას, ხოლო რუსეთის მთავრობაში დადებით შეფასებებს იწვევს.

ჯერ კიდევ 2024 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად.“

20 აგვისტოს კი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. „ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად“ - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ოპოზიცური ძალების გამარჯვების შემთხვევაში, „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგებიან {ოპოზიცია}“.

ამის შემდეგ, 26 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემას - „Известия“. გაგლოევმა შეაფასა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების განცხადებები და ილაპარაკა დიალოგის პირობების შესახებ. მან განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება 2008 წლის შემდეგ არ აწერს ხელს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ხელს უშლის ნდობის აღდგენას. ასევე, გაგლოევი უკმაყოფილოა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რითიც „საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბლოკადა ხდება“. გაგლოევმა აღნიშნა, რომ კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად, დე ფაქტო რესპუბლიკა „იღებს სპეკულაციურ შეთავაზებებს 2030 წელს საქართველოსთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანდეს“.

შესაძლოა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადება კონსტიტუციის შეცვლის შესახებ ითვალისწინებს სწორედ ამ ორ რამეს - კანონის გაუქმებას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ამოღებას, რომლის თანახმადაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

მსგავსი დაპირება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ შემდეგში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ ახსენა მმართველი ძალის რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ამას გამოეხმაურა შამბაც თავის ბრიფინზე პროტოკოლის შესახებ. „მე არ მჯერა, რომ რუსეთს შეუძლია უკან გაიწვიოს აფხაზეთის აღიარება“ - განაცხადა მან და დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ კრემლის ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიასთან არის კავშირში.

შამბას თქმით, პირველ რიგში აფხაზებს უნდა ეშინოდეთ იმის, რომ ადამიანები ვერ შეძლებენ დამოუკიდებლად გადარჩენას, „ჩვენ სწორედ ამის უნდა გვეშინოდეს პირველ რიგში და არა მეზობლებს შორის ნორმალური ურთიერთობების, რაც ნებისმიერი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია. თუ საქართველოში გაიმარჯვებს ოპოზიცია, რომელიც კონფრონტაციულად არის განწყობილი, მე არ მგონია, რომ ეს ჩვენს ინტერესშია“ - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

კრემლმა საქართველოს პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონის განხილვის დროსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არაერთხელ დაუჭირა მხარი. მოსკოვში აღინიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რიტორიკა მმართველი პარტიისთვის „ეშმაკის მიერ ნაკარნახევი მსჯელობაა“, თუმცა, მათი თქმით, მთავარი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის „ადამიანები, რომლებსაც უცხო სახელმწიფოები ინახავენ და ეწევიან პოლიტიკურ და საინფორმაციო საქმიანობას, იყვნენ კანონით განსაზღვრული“.

აღნიშნული საკითხი აღნიშნა თავის ბრიფინგზე ლოლუამაც. მისი თქმით, თბილისში დაძაბული ვითარებაა. „ჩვენ არ შეგვიძლია იგნორირება მოვახდინოთ ან ყურადღება არ მივაქციოთ იმას, რაც იქ {თბილისში} ხდება“ - ამბობს ლოლუა. მანვე აღნიშნა, რომ სოხუმი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ამჟამინდელი ცენტრალური ხელისუფლების ქმედებებს და იცის, რომ „ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობა რუსეთთან, ასე თუ ისე, სტაბილურია“, რომ საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და რომ საქართველოში ამოქმედდა ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც რუსმა მაღალჩინოსნებმა მხარი არაერთხელ დაუჭირეს. ამ გარემოების გათვალისწინებით, ლოლუამ აღნიშნა, რომ აფხაზეთმა რუსეთთან კონსოლიდირებულად უნდა იმოქმედოს.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა არაერთხელ აღნიშნა გამოსვლისას, რომ რეგიონში ომი (უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია) უახლოეს მომავალში დასრულდება და რომ ამის შემდეგ საქართველოს მთავრობას ხელს არაფერი შეუშლის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.  „რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. შესაბამისად, მთავარია, ეს რამდენიმე თვეც გავძლოთ, საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ დავუშვათ, ქვეყანა შევინარჩუნოთ და როგორც კი ომი დასრულდება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაემუქრება“ - თქვა ივანიშვილმა 21 აგვისტოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში.

სოხუმში აკვირდებიან თბილისის განცხადებებს და შიშობენ, რომ მოსკოვის მხრიდან ბჟანიაზე ზეწოლა და ეს ულტიმატუმი სწორედ თბილისსა და მოსკოვს შორის დაახლოებას შეიძლება უკავშირდებოდეს. მიუხედავად ბჟანიასადმი უკმაყოფილებისა, აფხაზური საზოგადოების ნაწილს არ სჯერა, რომ კრემლისთვის ბჟანიას არაეფექტურობა საკმარისი მიზეზი იყო ამ გადადგმული ნაბიჯისთვის. მაგალითისთვის, ბჟანიას ქმედებებით დაუდასტურებია კრემლის ერთგულება, რაც თუნდაც „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა“ და მიმდებარე ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემაა. 2023 წლის 28 დეკემბრის ნაცვლად, რიგგარეშე სესია 27 დეკემბრის ღამეს ჩაინიშნა, რა დროსაც 25-მა „დეპუტატმა“, მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, მალულად მხარი დაუჭირა აგარაკის რუსეთის მთავრობისთვის გადაცემას.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ კრემლს, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნოდ გასაძლიერებლად, სურს, რომ სოხუმმა მეტი ლეგიტიმაცია შესძინოს ივანიშვილის ამ დაპირებას და ეს გამოიხატოს კონკრეტულ ქმედებებსა და განცხადებებში თბილისის მიმართ. ვარაუდობენ, რომ ბჟანიას მიმართ ეს მკაცრი ტონი და ულტიმატუმი სწორედ ამ ფაქტორითაცაა ნაკარნახევი, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, სოხუმი ელექტროენერგიისა და „ხელფასების“ გარეშე ზამთარში აღარ დარჩება, თუმცა ბჟანიას პოლიტიკური მდგომარეობისა და აფხაზური საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, თბილისისთვის ხელშესახები განცხადებები შესაძლოა მისთვის ფატალური აღმოჩნდეს.

შეფასება

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ელის ბჟანიასა და მის „ადმინისტრაციას“ და როგორ შეძლებს სოხუმი საკუთარი რესურსებით გაუმკლავდეს ზამთარს. ამ ვითარებას კი აფხაზურ სოციალურ გვერდებზე ხუმრობითა და ირონიით ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთს, ასევე საქართველოს თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რუსეთთან და აშშ-სთან ურთიერთობა დაეძაბათ.

ფაქტია, რომ კრემლი ამ გარემოებას, თბილისში გაჟღერებულ განცხადებებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ბჟანიას არაეფექტურობას სათავისოდ იყენებს და, როგორც „აფხაზეთის გმირმა“, ასლან კობახიამ შეაფასა, აფხაზეთს, როგორც ბანქოში მოგებულ ნივთს ეპყრობა.

ერთი მხრივ, ამავე მოვლენების პარალელურად, 4 სექტემბერს რუსეთის დუმაში ისმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვიქტორ ვოდოლაცკის განცხადება იმის შესახებ, რომ „თუ აფხაზეთის მოსახლეობას სურს რუსეთში ინტეგრაცია, ეს სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე გვარდება. მხოლოდ მოცემული სახელმწიფოს ხალხს აქვს უფლება მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება ინტეგრაციასთან დაკავშირებით და არა ხელმძღვანელებს... თუ ადამიანები გამოთქვამენ სურვილს შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში, შემდეგ იწყება იურიდიული პროცედურა“ - ნათქვამია აფხაზეთის შესახებ ვოდოლაცკის განცხადებაში. აღნიშნულმა განცხადებამ უკვე ჰპოვა რეზონანსი აფხაზურ ტელეგრამარხებში სათაურებით - „სანქციების ფინალი“.

მეორე მხრივ კი, კრემლი მხარს უბამს საქართველოში მისთვის მისაღები პოლიტიკის მქონე  „ქართულ ოცნებას“ და წინასაარჩევნოდ ოკუპირებული ტერიტორიებით მანიპულაციისთვის სივრცეს უტოვებს.

Go BackGo Back