24 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზინდეტმა, ასლან ბჟანიამ სოხუმში სანქტ-პეტერბურგის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა. რუსეთის დელეგაციას სანქტ-პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორი, კირილ პოლიაკოვი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ბჟანიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ის სანქტ-პეტერბურგში ორჯერ იმყოფებოდა და მოხარული იყო ადგილობრივი მთავრობის თბილი დახვედრით. მან დაადასტურა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სანქტ-პეტერბურგს შორის სამომავლო თანამშრომლობის განვითარების მზაობა.
პოლიაკოვის თქმით, ის პირველად იმყოფებოდა აფხაზეთში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ქალაქს შორის განვითარდეს თანამშრომლობა ბიზნესის სფეროშიც და აფხაზეთში რუსი კერძო ინვესტორების დაფინანსებით პროექტები განხორციელდეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სოხუმის ე.წ. მერი, ბესლან ეშბა და დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ე.წ. ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი, რომელმაც ასევე აღნიშნა შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა.