ავტორი: არსენ არაქელოვი
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის მხარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებიც იბრძვიან. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მებრძოლები ომში მონაწილეობენ, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის, ისე მოხალისის სტატუსით. მათი დიდი ნაწილი, ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე ჩართულია სამხედრო მოქმედებებში, ხოლო ნაწილი კი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის.
ღია წყაროებით დადასტურებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში ცხინვალის რეგიონიდან დაიღუპა 56 მებრძოლი, მათ შორის, 2024 წლის სექტემბერში - 1, აფხაზეთიდან კი - 28, მათ შორის, 2024 წლის სექტემბერში - 1. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დაღუპული მებრძოლების შესახებ დეტალურად იხ.: ინტერაქტიური რუკა.
აგვისტოში კურსკის ოლქში უკრაინელთა იერიშის მოსაგერიებლად დონბასში მებრძოლი მოხალისეთა ბატალიონების - „პიატნაშკა“ და „სარმატი“ წევრებიც გადაისროლეს, რომელთა რიგებშიც ოკუპირებული რეგიონების არაერთი წარმომადგენელი ირიცხება. შედეგად, ამ კონტექსტში სექტემბერი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის აქტუალური იყო.
ვინ დაიღუპა?
აფხაზეთიდან სექტემბერში დაღუპული მებრძოლი იგორ რემზიკის ძე ხეცია, მეტსახელად „პინოჩეტია“. ის უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მოხალისეთა ბრიგადა „პიატნაშკას“ რიგებში მონაწილეობდა. ხეცია წარმოშობით აფხაზეთიდან იყო. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 8 სექტემბერს გავრცელდა. „პინოჩეტი“ რუსეთში, კურსკის ოლქის სოფ. კირეევკასთან მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ქ. კურსკში კლინიკაში გარდაიცვალა.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან კურსკში პირველი დაღუპული მებრძოლი სწორედ „პინოჩეტია“. 1993 წელს დაბადებული „პინოჩეტი“ „პიატნაშკასთვის“ მძიმე დანაკარგია. რუსული პროპაგანდისტული მედიის თანახმად, 2024 წლის 20 იანვარს, „პიატნაშკას“ ერთ-ერთი მეთაურის, ვლადიმირ ხარაბუას („მიკიჩი“) დაღუპვის შემდეგ, სწორედ „პინოჩეტმა“ აიღო საკუთარ თავზე მეთაურობა და დაღუპული მებრძოლების ცხედრებიც საბრძოლო ველიდან მან გაიტანა. „დონბასის დახმარების ერთიანი შტაბის“ გადაწყვეტილებით, მას სიკვდილის შემდეგ „აფხაზეთის შავი ზღვის კაზაკთა არმიის“ უმაღლესი ჯილდო - I თადარიგის გეორგიევსკის ოქროს ჯვარი გადაეცა. პინოჩეტი აფხაზეთში 18 სექტემბერს დაკრძალეს.
იგორ ხეცია (პინოჩეტი)
ცხინვალის რეგიონიდან სექტემბერში დაღუპული მებრძოლი კი, ტიმურ (ტემო) რუსლანის ძე არსოევია. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 22 სექტემბერს გავრცელდა. არსოევი დაიღუპა რუსეთში, კურსკის ოლქში. არსოევი „ახმატის“ რიგებში იბრძოდა და ის საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან კურსკში დაღუპული მეორე მებრძოლია. 44 წლის არსოევი 23 სექტემბერს ვლადიკავკაზში, სოფ. ოქტიაბრსკაიაში დაკრძალეს.
ტიმურ არსოევი
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში ჩართული მებრძოლების რაოდენობა
6 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალიმბეგ სიუკაევმა განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინაში ცხინვალის რეგიონიდან 2 000-მდე მებრძოლი იბრძვის. სიუკაევი ამ კონტექსტში არაერთ საკითხს შეეხო, მათ შორის, მან აღნიშნა, რომ ე.წ. პარლამენტში რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობით განიხილება ომში ჩართული ოსი მებრძოლებისთვისა და მათი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარებისა და შეღავათების დაწესება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხს განიხილავდა დე ფაქტო რესპუბლიკის წინა მოწვევის ე.წ. პარლამენტიც, თუმცა დადგენილება არ მიღებულა.
18 სექტემბერს კი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა, ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დაიღუპა 47 ეთნიკურად აფხაზი მებრძოლი. მისივე თქმით, აფხაზეთში შესაძლებელი გახდა მხოლოდ 27 მებრძოლის ნეშტის გადმოსვენება. ღია წყაროებში დადასტურებული ინფორმაციით, ამჟამად აფხაზეთიდან 28 დაღუპული მებრძოლია. აღსანიშნავია, რომ გასულ პერიოდში კვიცინიასვე მტკიცებით, დაღუპულთა რაოდენობა საგრძნობლად ნაკლები იყო და ღია წყაროებში გავრცელებულ ნიშნულს უტოლდებოდა, თუმცა ამჯერად მან მოიხსენია ის მებრძოლებიც, რომლებიც რუსეთში ცხოვრობდნენ და იქ დაკრძალეს, რაც დაღუპულთა სტატისტიკაზეც ისახება.
კვიცინიამ ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის განმავლობაში აფხაზეთიდან დონბასში 200 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა, 2023-ში - 80, ხოლო წელს 10 ტონაზე მეტი. კურსკის ოლქზე უკრაინელთა შეტევის შემდეგ, ჰუმანიტარული ტვირთი ძირითადად, სწორედ ამ ოლქში იგზავნება.
პროპაგანდისტული ღონისძიებები
რადისლავ ხუგაევის ძეგლი
„ჩე გევარა“ და ალან გაგლოევი