ახალი ამბები

დიმიტრი ვოლვაჩმა ცხინვალში კონსერვების ქარხანა გახსნა

2024 / 10 / 14

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ცხინვალის რაიონის სოფ. ფრისში რუსი კერძო ინვესტორებისა და რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით კონსერვების ქარხანა გაიხსნა.

ქარხნის საზეიმო გახსნას დაესწრო დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი. ვოლვაჩი ოკუპირებული რეგიონების კურატორია. რეგიონში დიდ იმედებს ამყარებენ ამ საინვესტიციო პროექტზე და გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოში ამ ეტაპზე 200 ადამიანი დასაქმდება.

გარდა ამისა, ვოლვაჩმა მოინახულა ის ობიექტები, რომელთა მშენებლობაც რუსეთის მიერ დაფინანსებული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ვოლვაჩმა ყურადღება გაამახვილა კომპანია „ირ-ბაზალტის“ ქარხნის მუშაობაზე. ქარხანა რუსული დაფინანსებით აშენდა, თუმცა წარმოება ჯერ არ დაუწყია.

2012 წელს გეოლოგიური კვლევების შედეგად, სოფელ წრუსა და კროზაში (ორივე მდებარეობს ოკუპირებულ ჯავის რაიონში) ბაზალტის საბადოს არსებობა დადასტურდა. 2014 წელს კომპანიამ ცხინვალთან ახლოს, სოფ. ფრისში ქარხნის მშენებლობის ნებართვა მიიღო. პროექტის მიხედვით, კომპანიას უნდა აეშენებინა „ბაზალტის უწყვეტი ბოჭკოს საწარმოო ქარხანა“, სადაც უწყვეტი ბოჭკოს გარდა შესაძლებელი იქნებოდა არმატურისა და ბაზალტის საარმირე თოკების წარმოება. პროექტში ჩადებული ინვესტიციების რაოდენობიდან გამომდინარე პროექტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორც ცხინვალში, ასევე მოსკოვში და რუსეთის ფედერაციის დელეგაციები ხშირად სტუმრობენ ქარხანას.

გარდა ამისა, გაგლოევმა და ვოლვაჩმა იმსჯელეს დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის სამთავრობათაშორისო კომისიის 23-ე შეხვედრაზე, რომელიც წლის ბოლომდე მოსკოვში გაიმართება. ყურადღება დაეთმო დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგომომარაგების საკითხს, საბაჟო რეგულაციებისა და საშემოსავლო „კანონმდებლობების“ ჰარმონიზაციას. 

Go BackGo Back