30 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინამ ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა საინვესტიციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში რუსული კომპანიები აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტებს განახორციელებენ.
რეშეტნიკოვის განცხადებით, შეთანხმება აფხაზეთის ეკონომიკაში დამატებითი რუსული ინვესტიციების მოზიდვას წაახალისებს და ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ტურიზმის განვითარებას, ასევე განვითარდება ინფრასტრუქტურა. ოზგანის განცხადებით, ბოლო ოთხ წელიწადში ინვესტიციების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა და 11 მლრდ რუბლი შეადგინა. შეთანხმების რატიფიკაცია დე ფაქტო პარლამენტმა უნდა მოახდინოს.
აღნიშნული საკითხი აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების მოწინააღმდეგეების კრიტიკას იწვევს, რადგან შეთანხმებას აფხაზეთისთვის საზიანოდ მიიჩნევენ. მათი აზრით, რუსი ინვესტორები ზედმეტად კომფორტულ გარემოს იღებენ, რაც ადგილობრივ ბიზნესს დააზიანებს. იმის გამო, რომ შეთანხმება ამ დრომდე არ არის რატიფიცირებული, მოსკოვმა პრაქტიკულად სანქცია დაუწესა სოხუმს და 1 სექტემბრიდან აფხაზეთს ნაწილობრივ შეუჩერა დაფინანსება. რუსეთი დე ფაქტო ხელისუფლებას ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.