ახალი ამბები

რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში?

2024 / 11 / 13

ავტორი: არსენ არაქელოვი

11 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც „დეპუტატებმა“ მიიღეს „აფხაზეთის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ საკონსტიტუციო კანონი“. „კანონის“ თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენა შეეძლებათ.

ამასთან, 30 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა საინვესტიციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი ე.წ. პარლამენტში 15 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ შეთანხმების ფარგლებში რუსული კომპანიები აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტებს განახორციელებენ.

აღნიშნულმა მოვლენებმა აფხაზეთში არეულობა გამოიწვია, რადგან აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ მიღებული „კანონი“ და ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება აფხაზეთისთვის საზიანოა. ხელისუფლების მოწინააღმდეგეების აზრით, საინვესტიციო შეთანხმებით რუსი ინვესტორები ადგილობრივი მოსახლეობის ბიზნესს დააზიანებენ. ამასთან, აფხაზები შიშობენ, რომ მიღებული კანონი დე ფაქტო რესპუბლიკის „სუვერენიტეტისთვისაც“ იქნება დამაზიანებელი.

რას ითვალისწინებს საინვესტიციო შეთანხმება და მიღებული „კანონი“?

ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ინვესტორებისთვის საჭირო ბიზნეს კლიმატის შექმნა და შედეგად, ინვესტიციების მოზიდვაა. ოზგანის განცხადებით, შეთანხმება ე.წ. დამცავ მექანიზმსაც მოიცავს, რაც მოიაზრებს იმას, რომ რუსი ინვესტორი ვალდებული იქნება აფხაზეთში ინვესტიციის სახით არანაკლებ 2 მლრდ რუსული რუბლი (დაახლ. 20 მლნ აშშ დოლარი) ჩადოს. „დეპუტატების“ განცხადებით, მათი სურვილი ამ მიჯნის 5 მილიარდამდე აწევა იყო, რაც, საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ საკონსტიტუციო კანონი“ კი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენის უფლებას აძლევს, რაც რუსეთის მთავრობისთვის იმდენად პრიორიტეტული საკითხი იყო, რომ დე ფაქტო მთავრობის მიმართ ულტიმატუმადაც იქცა.

მიღებული „კანონი“

რა უძღოდა წინ?

აფხაზების შიში, რომ რუსი კერძო ინვესტორები ან გაძლიერებული რუსული გავლენები აფხაზეთის „სუვერენიტეტს“ საფრთხის ქვეშ დააყენებს, ახალი არ არის. აღნიშნული პროტესტი ხშირად იჩენდა თავს სხვადასხვა საკითხის განხილვისას.

კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად ლობირებს რამდენიმე „კანონპროექტს“, რომლებსაც მოიცავს აფხაზეთსა და რუსეთს შორის „კანონმდებლობათა“ ჰარმონიზაციის პროგრამა. ერთ-ერთი მათგანი ე.წ. აგენტების კანონიცაა, რომელიც მიუხედავად დე ფაქტო მთავრობის არაერთი მცდელობისა, ჯერჯერობით აფხაზეთში არ მიღებულა.

გარდა ამისა, მწვავედ დგას აფხაზური ენერგოსექტორის რუსი კერძო ინვესტორებისთვის გადაცემის საკითხი, რაც, გავრცელებული მოსაზრებით, აფხაზური ენერგოსისტემის პრობლემებს მოაგვარებდა.

აფხაზური საზოგადოებისთვის მსგავსი საკითხები მგრძნობიარეა. ისინი საკუთარი ტერიტორიისა თუ ობიექტების სხვის მფლობელობაში გადაცემას „სუვერენიტეტის“ დაკარგვას უკავშირებენ.

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში აგვისტოში ჩავარდა „კანონპროექტი აპარტამენტების“ შესახებაც. რუსეთის მთავრობის მოთხოვნაა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა შეეძლოთ, ეს „კანონპროექტი“ სწორედ ამას ითვალისწინებდა, ხოლო 11 ნოემბერს მიღებული „კანონი“ კი სწორედ ამ შინაარსის მატარებელია.

აგვისტოში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ „აპარტამენტების კანონპროექტი“ დამტკიცებულიყო, რაც მის რეპუტაციას კრემლში კვლავ აამაღლებდა.  ე.წ. აპარტამენტების შესახებ „კანონპროექტს“ წარსულში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და ამჯერად დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 15 ივლისს, „კანონპროექტი“ ახალი ფორმით წარედგინა „პარლამენტს“.

ბჟანიასადმი ლოიალურმა „დეპუტატებმა“ სახელი შეუცვალეს „კანონპროექტს“, ასევე შეამცირეს ის არეალი, რომელზეც გავრცელდებოდა „კანონპროექტი“. კერძოდ, დასახელდა, რომ უძრავი ქონების შეძენა რუსეთის მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ აღმოსავლეთ რაიონებში, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში, რათა მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე ამაღლებულიყო. მიუხედავად ამისა, ოპოზიციაში „კანონპროექტისთვის“ სახელის გადარქმევა შეფასდა, როგორც რიგითი ხრიკი და მოსახლეობის პროტესტის ფონზე, მიუხედავად ერთი წლის თავზე ბჟანიას მორიგი მცდელობებისა, „კანონპროექტი“ კვლავ ჩავარდა.

სხვადასხვა „კანონისა“ და ამ „კანონპროექტის“ კიდევ ერთი ჩავარდნა ბჟანიას აღარ აპატიეს მოსკოვში და სოხუმს პრაქტიკულად სანქცია დაუწესეს.

29 აგვისტოს აფხაზურ  სოციალურ ქსელში სკანდალური შეხვედრის პროტოკოლი გავრცელდა. რუსეთი დე ფაქტო ხელისუფლებას ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა. პროტოკოლის თანახმად, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებდა და ულტიმატუმებს უყენებდა.

პროტოკოლი

პროტოკოლის თანახმად, დე ფაქტო მთავრობა ვალდებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა უზრუნველყო და რუსი ინვესტორებისთვის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე შეზღუდვები მოეხსნა.

აღსანიშნავია, რომ პროტოკოლის თანახმად, აფხაზეთში შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ კომერციული ფასით განხორციელდებოდა. ამ პროტოკოლამდე რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმს ელექტროენერგია საშეღავათო ფასით მიეწოდებოდა. ამით კრემლმა ბჟანია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგანაც მოსახლეობაში შიშმა ამ საკითხთანაც დაკავშირებით იმატა.

სავარაუდოდ, გარკვეული დროის განმავლობაში, ბჟანია მოსკოვში თავს იმართლებდა აფხაზი ხალხის განწყობით, თუმცა „კანონპროექტის“ მეორედ ჩავარდნის შემდეგ, ერთ-ერთ აფხაზურ ტელეგრამ არხზე შემდეგი მოსაზრების წაკითხვა შეიძლებოდა: „მოსკოვში სამართლიანად თვლიან, რომ ესეთი მიზეზები სასაცილოა. პრეზიდენტსა და მთავრობის თავმჯდომარეს საკმარისი პოლიტიკური და ადმინისტრაციული წონა აქვთ, რომ გაატარონ შესაბამისი გადაწყვეტილებები პარლამენტში. როგორც ჩვენი წყაროები გვამცნობენ, მოსკოვი კარგად ფლობს აფხაზეთში არსებულ სიტუაციას და ესმის, რომ ამ კანონების მიღებით არანაირ კატასტროფულ შედეგებამდე არ მივა სიტუაცია რესპუბლიკაში, რაზეც ოპოზიცია და პროდასავლური ბლოგერები ყვირიან“.

როგორც ჩანს, მოსკოვს მართლაც აღარ სჯეროდა ბჟანიას ცრემლების და რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილმა ბჟანიამ და ე.წ. პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, 11 ნოემბერს საბოლოოდ მაინც მიიღეს მსგავსი შინაარსის კანონი.

როგორ განვითარდა მოვლენები?

11 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა, რომელზეც უნდა განეხილათ „მრავალფუნქციური კომპლექსების კანონი“. პარალელურად, „პარლამენტის“ მიმდებარედ აქცია დააანონსა ოპოზიციამ.

დაახლოებით, დღის 3 საათზე ე.წ. პარლამენტმა „კანონი“  მიიღო, 5 საათისკენ კი „კანონს“ ხელი ბჟანიამ მოაწერა.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროტესტის პარალელურად, აფხაზურ ტელეგრამ არხებში საღამოს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ე.წ. შსს-ს სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის, „სობრ“ - ის მებრძოლებმა ავტომობილით მიმავალი ხუთი ოპოზიციონერი, ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან ბაგათელია დააკავეს. ეს პირები აქტიურად ეწინააღმდეგებიან ამ „კანონსა“ და ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას.

ოპოზიციის წევრების დაკავება

ამ დაკავებამ აფხაზურ საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი პროტესტი გამოიწვია და საღამოს ათი საათისკენ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დემონსტრანტების სიმრავლე მოგროვდა. ისინი მოითხოვნდენ ჭიშკრის გაღებას და დაკავებული პირების გათავისუფლებას. ამას მოჰყვა ის, რომ დემონსტრანტებმა ავტომობილის მეშვეობით ჭიშკრის შენგრევა და შენობაზე შტურმი სცადეს. „სამართალმდამცველები“ გაუმკლავდნენ დემონსტრანტებს, რომლებმაც  „თავისუფლების მოედანზე“ გადაინაცვლეს. პარალელურად, ღამის 12 საათისკენ სოხუმის ქუჩებში გამოჩნდა სამხედრო ტექნიკაც, რომელიც მობილიზდა ბჟანიას „ადმინისტრაციის“ შენობასთან.

შტურმი ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე

დილის 2 საათისკენ გავრცელდა ცნობები და ვიდეოკადრები, რომლის თანახმადაც დემონსტრანტებმა სოფ. აძიუბჟასთან გადაკეტეს კოდორის ხიდი და კვლავ მოითხოვდნენ დაკავებულთა გათავისუფლებას.

ამავდროულად, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. გენერალურმა პოკურორმა, ადგურ აგრბამ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ დაკავებულია არა ხუთი, არამედ ოთხი პირი: გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, ომარ ხმირი და რამაზ ჯოპუა.

მისი თქმით, ამ პირებმა 11 ნოემბერს, „კანონის“ განხილვის შემდეგ, „პარლამენტის“ ეზოში ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ ჩაიდინეს „მართლსაწინააღმდეგო ქმედებები“, რასაც თან ახლდა „უცენზურო ლანძღვა“. ამის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც ასახულია „კანონის“ მხარდამჭერი ე.წ. დეპუტატის (სავარაუდოდ, ალმას აქაბა) და ოპოზიციის წარმომადგენლების დაპირისპირება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ინციდენტის შემდეგ, ეს პირები გაემგზავრნენ გუდაუთაში „საზოგადოებრივ შეკრებაზე“, ღამე დაბრუნებისას კი, სოხუმის შესასვლელში ისინი „სობრ“-მა დააკავა.

პარალელურად, დაახლოებით, დილის 2 საათზე, ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომაზე ბჟანიას სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებმა მოხსენება ჩააბარეს. ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, რაულ ლოლუამ „რესპუბლიკური მნიშვნელობის გზების“ გადაკეტვას სამართალდარღვევა უწოდა. ბრიფინგზე გავრცელებული განცხადებებით ჩანს, რომ „სამართალდამცავი ორგანოები“ იდენტიფიცირებას ახდენდნენ იმ პირების, რომლებიც ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე შტურმს ცდილობდნენ.

დილის 5 საათისთვის დემონსტრანტებს გადაკეტილი ჰქონდათ სოხუმში მიმავალი ყველა გზა - გუმისთის ხიდი, ქვედა გუმისთის ხიდი და კოდორის ხიდი. ღამით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქში დაორგანიზდებოდა ტრანსპორტი, რომელიც უზრუნველყოფდა დემონსტრანტების გადაადგილებას ქალაქის ცენტრისაკენ, „თავისუფლების მოედანზე“.

დილის 8 საათისკენ კოდორის ხიდზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დემონსტრანტებსა და „სამართალდამცველებს“ შორის. ამის გამო აქტივისტები მოუწოდებდნენ გულრიფშის რაიონის მოსახლეობას, რომ სწორედ კოდორის ხიდისკენ წასულიყვნენ.

დილიდან „პროსახელისუფლებო“ მედიები აქტიურად წერდნენ იმის თაობაზეც, რომ დემონსტრანტები არ აძლევდნენ საშუალებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს გაევლოთ ხიდზე. ამის შესახებ განაცხადა ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა, ედუარდ ბუთბამაც, რასაც ოპოზიციამ დეზინფორმაცია უწოდა და საპასუხოდ ვიდეო-კადრები გაავრცელა.

გადაკეტილი გუმისთის ხიდი

დილის 11 საათზე ბჟანიამ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ მისი თხოვნის შემდეგ, სოფ. აძიუბჟას მოსახლეობამ გახსნა კოდორის ხიდი. ამასთან, ბჟანიამ მოუწოდა მოსახლეობას არ აჰყვეს პროვოკაციებს და განაცხადა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალმდამცავ ორგანოებს აქვთ საკამარისი ძალა და რესურსი იმისთვის, რომ უზრუნველყონ ქვეყანაში უსაფრთხოება და წესრიგი“.

მიუხედავად ბჟანიას ამ განცხადებისა, ერთ საათში ცნობილი გახდა, რომ მოსახლეობამ კოდორის ხიდი კვლავ გადაკეტა. როგორც გაირკვა, აქციის მონაწილეებთან მივიდნენ ე.წ. პარლამენტის წევრი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის გამგებელი ბესლან ბიგვავა. ისინი დაკავებული ოპოზიციონერების ახლობლებს დაჰპირდნენ, რომ მათ უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ. იმ მიზეზით, რომ „ხელისუფლებამ“ არ შეასრულა პირობა და დათქმულ დროს არ გაათავისუფლა ოპოზიციის დაკავებული წევრები, კოდორის ხიდი დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს.

დღის სამ საათზე ოპოზიციის დაკავებულ წევრებთან დროებითი მოთავსების იზოლატორში შეუშვეს ადვოკატები, რომლებმაც შემდგომში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. საღამოს 5 საათისთვის კი ცნობილი გახდა, რომ სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა სამართალწარმოება, 6 საათისთვის კი ყველა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. შედეგად, დემონსტრანტებმა გადაკეტილი ხიდები გაათავისუფლეს და სოხუმისაკენ მიმავალი გზა გაიხსნა.

რას უნდა ველოდოთ?

ასლან ბჟანია კრემლის მიერ დაწესებული „სანქციების“ შემდეგ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას ერთი მხრივ ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება ადანაშაულებდა რუსეთის წინაშე შეუსრულებელი და „ანტისახელმწიფოებრივი“ პასუხისმგებლობების აღებაში. ასევე, თავს იჩენდა მოსახლეობის უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთარში აფხაზეთი ელექტროენერგიას ვეღარ მიიღებდა შეღავათიან ფასში, რაც ენერგოკრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებდა. მეორე მხრივ კი, ბჟანია კიდევ ერთი ჩაგდებული „კანონპროექტით“ კრემლში ნდობასა და მხარდაჭერას სულ უფრო მეტად კარგავდა. როგორც ჩანს, გამოსავლის სახით ბჟანიამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არ გაენაწყენინებინა კრემლი და მიუხედავად პროტესტისა, მოსკოვისთვის სასურველი „კანონი“ მიიღო.

ე.წ. პარლამენტს ჯერ კიდევ წინ აქვს 15 ნოემბერს ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი, რაც საზოგადოებაში ასევე დიდ წინააღმდეგობას იწვევს. გავრცელებული ინფორმაციით, 13 ნოემბერს ე.წ. დეპუტატები სასტუმროში სოხუმის მოსახლეობას შეხვდებიან და განიხილავენ ამ საინვესტიციო შეთანხმებას, რის შემდეგაც უფრო ნათელი გახდება, თუ როგორ წარიმართება პროცესი. ამის გათვალისწინებით,  მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, აფხაზეთში კვლავ გაგრძელდეს საპროტესტო გამოსვლები, თუ ამან არ მიიღო მასშტაბური სახე,  დიდი ალბათობით ამის დასასრული არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, რომელიც რამდენიმე თვეში, 2025 წლის მარტში ჩატარდება.

ამ მხრივ აღსანიშნავია „პრეზიდენტობის“ ერთ-ერთი კანდიდატის, ოლეგ ბარციცის კომენტარი მიმდინარე მოვლენების თაობაზე. მან განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არეულობისგან თავის ასარიდებლად პირველ რიგში პროცესები სამართლებრივ ჩარჩოს უნდა დაუბრუნდეს. ამასთან, ბარციცმა განაცხადა, რომ „ქვეყნის“ შიდაპოლიტიკურმა პროცესებმა არ უნდა იქონიონ გავლენა დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ურთიერთობაზე“.

რთულია იმის წინასწარმეტყველება, რამდენად მძიმე დარტყმა იქნება აღნიშნული „საკანონმდებლო ინიციატივა“ და შეთანხმება ადგილობრივი ბიზნესისთვის და ზოგადად, რამდენად გამართლდება აფხაზების შიში „სუვერენიტეტის“ დაკარგვის თაობაზე. ამის მიუხედავად, ნათელია, რომ რუსეთის გავლენები ამ შეთანხმების შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდება აფხაზეთში და იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სფეროებს, რაც აფხაზებისთვის მაგალითად ტურიზმია, შესაძლოა რუსი კერძო ინვესტორები მომავალში სრულად დაეუფლონ. არალეგიტიმურ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს კი ცხადია, დასჭირდება კრემლის მხარდაჭერა, იქნება ეს ბჟანია, ბარციცი, თუ სხვა, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ კრემლის ეს ულტიმატუმი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიმართ საბოლოოდ პასუხგაცემული და შესრულებულია.

 

Go BackGo Back