2023 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსულ საინფორმაციო პორტალზე „Известия“ გამოქვეყნდა ბჟანიას ინტერვიუ, სადაც გაჟღერდა საკითხები, რომლებიც, სავარაუდოდ, პუტინთან შეხვედრაზეც განიხილეს. ამ მხრივ ყველაზე ხმაურიანი ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნის შესახებ გაკეთებული განცხადება იყო. პუნქტის გახსნა იგეგმება უკვე არსებულ პორტში, რომელსაც რუსი სამხედროები 2009 წლიდან იყენებენ.
სად მდებარეობს ოჩამჩირის პორტი?
ოჩამჩირის პორტი ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე მოქვსა და ჯუყმურს შორის ხელოვნურად შექმნილ ყურეში მდებარეობს. ამჟამინდელი მონაცემებით, პორტს, ჯამში, 10 საპატრულო გემის (პორტში 10-მდე „სობოლისა“ და „მანგუსტის“ კლასის სანაპირო დაცვის გემი/კატერი დგას) მიღება შეუძლია. 2009 წლის აპრილში რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაიდო შეთანხმება საერთო „სახელმწიფო“ საზღვრის დაცვის შესახებ, ხოლო ამავე წლის ბოლოს პორტში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს საპატრულო ხომალდები განთავსდა, რომლებსაც ოკუპირებული აფხაზეთის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებათ.
ოჩამჩირის პორტი საოკუპაციო ხაზიდან 38 კმ-ში, ანაკლიიდან კი – 41 კმ-ში მდებარეობს.
დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებები
შამბამ ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება 8 აგვისტოს გააკეთა. მან ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემას „ТАСС“. შამბას განცხადებით, „ოჩამჩირეში არ იგეგმება არანაირი (რუსეთის) სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა“. მისი თქმით, პორტში განთავსებულია სასაზღვრო კატერები და დე ფაქტო რესპუბლიკა ყველანაირი სცენარისთვისაა მომზადებული. შამბამ აღნიშნა, რომ შავი ზღვა კვლავ ხდება დაძაბულობის რეგიონი, რადგან სულ უფრო ხშირად ჩანს ნატოს საზღვაო ხომალდები და დაზვერვითი ტიპის თვითმფრინავები, რაც უკმაყოფილებასა და სიფრთხილეს იწვევს დე ფაქტო მთავრობაშიც.
ინფრასტრუქტურული სიახლეები
ბოლო პერიოდში დასავლურ მედიაში პერიოდულად ჩნდება ცნობები ოჩამჩირის პორტში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ ახალი ინფრასტრუქტურა რამდენად უკავშირდება ახალი სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მშენებლობას, მაგრამ ფაქტია, რომ 2024 წლისთვის პორტის ტერიტორიაზე გარკვეული სამუშაოები შეიმჩნევა.
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ოჩამჩირის პორტში გარკვეული ცვლილებები მოხდა, რაც შესამჩნევია სატელიტურ სურათებზეც, რომლის მიხედვითაც, 2023 წლისთვის პორტში სამი ახალი ინფრასტრუქტურა დაემატა.
ოჩამჩირის პორტი 2021 და 2023 წლების სატელიტურ სურათებზე. წყარო: BBC
2024 წლის 10 ივლისს საზღვაო თავდაცვის საკითხებზე მომუშავე ონლაინ გამოცემამ Naval News გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო ხომალდი, პროექტ 22870 ტიპის გემი, გაჩერდა. გავრცელებული სატელიტური ფოტოების მიხედვით, სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში დააფიქსირეს, 4-5 ივლისს კი – ოჩამჩირის პორტში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პორტში მსგავსი ტიპის რუსული სამხედრო ხომალდი დაფიქსირდა. ხომალდი საბუქსირო-სამაშველო ხომალდად ითვლება, თუმცა ხშირად გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვისაც, სადესანტო გემების გასაცილებლად და საომარი მოქმედებების დროს სარაკეტო სისტემის გადასატანად. მსგავსი ტიპის გემი (SB-739), რომელსაც ანტისაჰაერო რაკეტები გადაჰქონდა, 2022 წლის 17 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინის კუნძულთან ჩაძირეს.
გემის ადგილმდებარეობა სატელიტური ფოტოს მიხედვით
2024 წლის 30 ივლისს ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოების შესახებ სტატია გამოაქვეყნა ონლაინ საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-მა. მიუხედავად იმისა, რომ პორტში მშენებლობის შესახებ ოფიციალური წყაროებით ინფორმაცია არ გავრცელებულა, სატელიტური რუკების ანალიზის შედეგად ჩანს, რომ 2024 წელს პორტის ტერიტორიაზე აშენდა ახალი შენობები და შეიმჩნევა პერიმეტრის გაფართოების სამუშაოები. ჯერ რთულია იმის თქმა, თუ აღნიშნული სამუშაოების მიზანი რამდენად არის სამხედრო-საზღვაო ბაზირების პუნქტის მშენებლობა, მაგრამ უდავოა, რომ წლის დასაწყისში პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა.
მიმდინარე სამუშაოების ამსახველი სატელიტური რუკა. წყარო: Bellingcat
რატომაა მნიშვნელოვანი?
ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნის საკითხი ყურადსაღებია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის კონტექსტში. არსებული ცნობების მიხედვით, რუსეთის ფლოტის ნაწილი გადაყვანილია ნოვოროსიისკისა და ფეოდოსიის (რომელიც ყირიმში მდებარეობს) პორტებში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პორტებიც უკვე დაუცველია უკრაინული შეიარაღების მიმართ, როგორც რუსეთში მიაჩნიათ, ოჩამჩირის პორტი შეიძლება შავიზღვისპირეთის ფლოტის განთავსებისთვის ახალი უსაფრთხო ადგილი გახდეს. ამ ეტაპზე დიდი ზომის გემების მიღება შეუძლებელია, მაგრამ არსებული ინფრასტრუქტურის პირობებშიც კი, შესაძლებელია შედარებით მცირემასშტაბიანი სამხედრო-საზღვაო ოპერაციების წარმართვა. ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო პუნქტის მშენებლობის გაჭიანურება და ამ მიმართულებით არსებული გაურკვევლობა შეიძლება მიუთითებდეს მოსკოვის შეცვლილ პოზიციაზე, რომ მოსკოვი აღარ გეგმავს დიდი რესურსის ჩადებას ახალი პორტის მშენებლობაში, რადგან იგი უკრაინული პოტენციური იერიშების მიმართ დაუცველია.
ამონარიდი რონდელის ფონდის პუბლიკაციიდან.