ახალი ამბები

საკონტეინერო ტერმინალი ოჩამჩირეში

2025 / 01 / 26

2024 წელს ოჩამჩირის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მრჩევლის ოქტაი ხაზირიშის განცხადებით, პრაქტიკულად დასრულებულია ოჩამჩირეში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა.

ოჩამჩირის პორტთან ინტერმოდალური საკონტეინერო ტერმინალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით შენდება. მშენებლობა შეღავათიანი კრედიტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის მხარდაჭერით ახორციელებს. ტერმინალს აშენებს „ტრანსეკოსისტემა“, რომლის გენდირექტორის მოადგილე ოკტაი ხაზირიშია. იგი ასევე არის ეკონომიკის „მინისტრის“ მრჩეველი, ადრე კი „აფხაზეთის რკინიგზაში“ მუშაობდა.

ხაზირიშის თქმით, მათი მიზანია უზრუნველყონ ტვირთების სწრაფი მიწოდება რუსეთიდან მესამე ქვეყნებში, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. ხაზირიშს იმედი აქვს, რომ ოჩამჩირის პორტი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების სისტემაში საკვანძო რგოლი გახდება. ხაზირიშის განცხადებით, დიდია ინტერესი საკონტეინერო გადაზიდვების კომპანია-ოპერატორებისგან.

ხაზირიშის განცხადებით, პირველი ტვირთი რუსეთიდან (46 ვაგონი) უკვე მიიღეს, ასევე იღებენ შეკვეთებს უცხოეთის კომპანიებისგანაც. ხაზირიშის შეფასებით, ოჩამჩირის პორტს რუსულ პორტებთან შედარებით უპირატესობა აქვს, რადგან ნაკლები შტორმიანი დღეებია რუსეთის პორტ ნოვოროსიისკთან შედარებით, ასევე უფრო იაფია ტრანსპორტირება თურქეთის პორტებში. ამ მხრივ საინტერესოა ხაზირიშის განცხადება, რომ ივლისში ქარხნისთვის საჭირო მოწყობილობებით დატვირთული 8 კონტეინერი მიიღეს, რომლის გაგზავნაც იგეგმებოდა თურქეთიდან რუსეთში (ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით, უცნობია გაიგზავნა თუ არა ტვირთი).

ტერმინალის სიგრძე 250 მეტრია, სიგანე – 500 მეტრი. ტერმინალთან დაკავშირებული იქნება სარკინიგზო ხაზი და ვაგონებიდან ტვირთის ჩამოცლისთვის მოეწყობა პლატფორმები. ტერმინალის ტერიტორიაზე ერთდროულად შესაძლებელი იქნება 1200 კონტეინერის განთავსება. პროექტის ფარგლებში შესყიდულია ჩინური წარმოების („Zoomlion“) თვითმავალი ამწე, რომლის ტვირთამწეობა 450 ტონაა. ამწის საშუალებით შესაძლებელი იქნება კონტეინერების ხომალდზე ჩატვირთვა.

საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა და ბოლო წლებში „აფხაზეთის რკინიგზის“ გაზრდილი შემოსავლები (2023 წელს სარკინიგზო მომსახურების შედეგად შემოსავალმა შეადგინა 490 მლნ რუბლი მაშინ, როდესაც 2022 წელს ეს შემოსავალი შეადგენდა 250 მლნ რუბლს, 2021 წელს – 175 მლნ რუბლს, 2020 წელს – 68 მლნ რუბლს) მიუთითებს, რომ ოჩამჩირის პორტი ტვირთების ტრანსპორტირებისთვის აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით რუსეთსა და თურქეთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ცალკეული თურქული კომპანიების გემები ჩართული არიან ტვირთების გადაზიდვაში და ოკუპირებული აფხაზეთის აკვატორიაში თევზჭერაში. თავის მხრივ, რუსეთი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სანქციების ქვეშ იმყოფება, სანქციების გვერდის ავლის მიზნით აფხაზეთის ინფრასტრუქტურას არალეგალური ვაჭრობისთვის იყენებს.

 

ამონარიდი რონდელის ფონდის პუბლიკაციიდან.

Go BackGo Back