ოკუპირებული რეგიონების „საგარეო პოლიტიკა“ რუსეთის პოლიტიკურ, დიპლომატიურ თუ ლოგისტიკურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. არსებობს ფორმალური დოკუმენტიც, რომელიც მოსკოვსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის „საგარეო პოლიტიკაში“ თანამშრომლობის სამართლებრივ ჩარჩოს განსაზღვრავს. 2023 წლის 3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“ მოაწერეს ხელი. მსგავს გეგმას ლავროვმა ხელი მოაწერა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთანაც.
აფხაზეთი
ბელარუსთან ურთიერთობა
2022 და 2023 წლებში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრებმა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან გააჩინა მოლოდინი, რომ ბელარუსი ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, თუმცა ამ მხრივ 2024 წელს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ დიპლომატიური გარღვევა არ მომხდარა და არც მაღალი დონის შეხვედრები გამართულა. როგორც ჩანს, მინსკი ჯერჯერობით ახერხებს მოსკოვის ზეწოლას გაუძლოს და ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისგან თავს იკავებს.
საინტერესოა, რომ 2024 წლის 13 ოქტომბერს ბელარუსის საგამოძიებო ცენტრმა გამოაქვეყნა გამოძიების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ 20 ჰექტარი მიწა გადაეცა მის მიერ კონტროლირებად კომპანიას („Жемчужина 2010”-ის) „დიდი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად“, რაც ითვალისწინებდა სანატორიუმისა და საკურორტო კომპლექსის მშენებლობას ოჩამჩირის რაიონის სოფ. კინდღში, შავი ზღვის სანაპიროზე. არსებული ინფორმაციით, ლუკაშენკოსთვის გადაცემულ ტერიტორიაზე ამ ეტაპისთვის არანაირი მშენებლობა არ დაწყებულა.
ლათინური და ცენტრალური ამერიკა
აფხაზური „დიპლომატია“ ტრადიციულად აქტიურობდა ვენესუელისა და ნიკარაგუის მიმართულებით. ეს ორი ქვეყანა აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას და სოხუმი ცდილობს მათთან კავშირები შეინარჩუნოს, თუმცა ეს კავშირები უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების კუთხით რაიმე წინსვლა არ შეინიშნებოდა. ამის მიზეზია მხარეების შეზღუდული რესურსი და გეოგრაფიული სიშორე.
ახლო აღმოსავლეთი – რა ბედი ელის სირიასთან ურთიერთობებს?
2024 წელს ახლო აღმოსავლეთში აფხაზური „დიპლომატიის“ მთავარი სამიზნე სირია იყო, თუმცა 8 დეკემბერს ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ გაურკვეველია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები. დიდია ალბათობა, რომ სირიის ახალმა მთავრობამ უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობები უფრო სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა და რეალური შედეგი არ მოჰყოლია, 2024 წელს აფხაზური „დიპლომატია“ სირიაში განსაკუთრებით აქტიურობდა. კერძოდ, სირიაში იანვარში აფხაზეთის „საელჩოში“ საკონსულო განყოფილება გაიხსნა, 1 თებერვალს კი სირიაში აფხაზეთის ახალი „ელჩი“ მუხამად ალი დაინიშნა. საინტერესოა, რომ ყოფილი „ელჩი“, ბაგრატ ხუტაბა, დე ფაქტო ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით სოხუმის საგარეო აქტივობა შემცირებული იყო.
მუხამად ალი რწმუნებათა სიგელს გადასცემს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს
2024 წელს მცირე აქტივობა შეინიშნებოდა ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე. ამ მხრივ ოფიციალურ დონეზე არანაირი შეხვედრა არ გამართულა.
BRICS - ახალი სამიზნე
2024 წელს ოკუპირებული აფხაზეთის „დიპლომატიის“ განსაკუთრებული სამიზნე იყო BRICS-ის ჯგუფი, რომლის თავმჯდომარეც 2024 წელს რუსეთი იყო. აფხაზეთი ცდილობდა ეს შესაძლებლობა BRICS-ის წევრ ქვეყნებთან კავშირების დასამყარებლად გამოეყენებინა. ამ მხრივ ყველაზე დიდი მიღწევა იყო რუსეთის ქ. ყაზანში 12-23 ივნისს „BRICS-ის თამაშებში“ მონაწილეობა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებმა მსგავსი მასშტაბის სპორტულ ღონისძიებაში საკუთარი „დროშით“ მიიღეს მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ღონისძიება არ იყო მასშტაბური და კონკურენტული, მსგავს ღონისძიებებს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებენ.
ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა
20 თებერვალს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი ჩრდილოეთ კორეიდან საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაციის - „მანგენბონ“ გენდირექტორს, იუნ გუკ ნამს, შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გარდა სოხუმსა და ფხენიანში სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის შესაძლებლობის საკითხი განიხილეს. ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ვიზიტი საყურადღებოა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე. ჩრდილოეთ კორეა რუსეთს სამხედრო აღჭურვილობით ეხმარება და სოხუმში მსგავსი ვიზიტიც ფხენიანსა და მოსკოვს შორის დაახლოების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ამ ეტაპისთვის ორმხრივ ურთიერთობაში რაიმე პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
ალექსანდრ ანქვაბის შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის დელეგაციასთან
ჩინეთთან ურთიერთობა
2024 წელს აფხაზეთს რამდენჯერმე სტუმრობდა ჩინეთში აფხაზეთის ე.წ. საპატიო კონსული კე ჭილი. 12 მარტს კე ჭილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა, 7 ნოემბერს კი – დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოდისეი ბიგვავას. ჭილი პერიოდულად სტუმრობს აფხაზეთს და ჩინეთში აფხაზეთის ინტერესების ლობირებას ცდილობს.
ინალ არძინბას შეხვედრა კე ჭილისთან
გერმანია და ვოლფგანგ მაცკე
გერმანიაში ტრადიციულად აქტიურობდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ვოლფგან მაცკე. 14 ივნისს მან პოტსდამში შეხვედრები გამართა გერმანიის სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენელ პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებთან. 29 ოქტომბერს ქ. ჰამბურგში, რუსეთ-გერმანიის სავაჭრო გილდიის სივრცეში, წიგნის - „ევრაზიული კომპლექსი“ პრეზენტაციის ფარგლებში, აფხაზეთის შესახებ ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ფილმის პრეზენტაციის ინიციატორი იყო ვოლფგანგ მაცკე. მაცკეს სტატუსს გერმანიის მთავრობა არ აღიარებს, შესაბამისად, მისი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც კერძო პირის და არა როგორც დიპლომატის ინიციატივად.
ვოლფგან მაცკე პოტსდამში გამართულ ღონისძიებაზე
ცხინვალის რეგიონი
„საგარეო-პოლიტიკური“ აქტივობის თვალსაზრისით, ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთთან შედარებით, უფრო პასიური იყო. ამისთვის მას შეზღუდული რესურსები და მოკრძალებული „საგარეო-პოლიტიკური“ მიზნები აქვს.
ბელარუსთან ურთიერთობა
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევის შეფასებით, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება არსებულ ვითარებაში რთული პროცესია. ბელარუსთან ურთიერთობის მხრივ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება უფრო მეტად აქტიურობს.
ნიკარაგუა და სანდინისტური რევოლუციის 45-ე წლისთავი
2024 წლის 19 ივლისს ნიკარაგუაში სანდინისტური რევოლუციის 45-ე წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმაც. ნიკარაგუა გაეროს წევრი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს. უნდა აღინიშნოს, რომ, აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების საგარეო ვიზიტები უფრო იშვიათია.
ახსარ ჯიოევის შეხვედრა ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრ დენის მონკადასთან
ჩინური კომპანია ცხინვალში
16 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინ ჯუსოევმა ჩინური კომპანიის „Fujian Tianrun Yongshun Supply Chain“ პრეზიდენტ უ კეგუანს უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს პერსპექტიული თანამშრომლობის სფეროები ტურიზმსა და სამთო მრეწველობაში, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონში ავტომობილების წარმოების შესაძლებლობაზე. აპრილში ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთი ჩინური საინვესტიციო კომპანიის – „საბრინა“ წარმომადგენელი ვუ ინგხუეი იმყოფებოდა. ამ ეტაპზე რთულია ვთქვათ, თუ რამდენად რეალურია ჩინური ინვესტიციების განხორციელება ოკუპირებულ რეგიონში. თუმცა, საყურადღებოა, რომ ჩინური კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტები იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ვითარდება.
უ კეგუანი ცხინვალში
ირანის ყოფილი ელჩი ცხინვალში
14 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ირანული საქველმოქმედო ასოციაციის გენერალურ დირექტორს – სეიედ მაჰმუდ რეზა საჯადის ცხინვალში უმასპინძლა. ირანელი სტუმარი რუსეთში მოღვაწე ოსური წარმოშობის ბიზნესმენ ალბერტ ჯუსოევთან ერთად ესტუმრა ცხინვალს. ვიზიტის ფარგლებში ირანულ ორგანიზაციასა და დე ფაქტო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. საჯადი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა.
საჯადი 2009-2013 წლებში რუსეთში ირანის ელჩი იყო. ყოფილმა ელჩმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ იგი შეძლებს ცხინვალის რეგიონს ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარებაში დაეხმაროს. საჯადის ვიზიტი იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ ეს არის ოკუპირებულ რეგიონში ასეთი მაღალი დონის ირანელის პირველი ვიზიტი, რაც შეიძლება მიუთითებდეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ თეირანის პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებზე.
სეიედ საჯადი და ალან გაგლოევი
ამონარიდი რონდელის ფონდის პუბლიკაციიდან.