ახალი ამბები

კურატორები: 2024 წლის ძირითადი ცვლილებები

2025 / 01 / 26

2024 წელს რუსეთის ხელისუფლებაში ოკუპირებული რეგიონების კურატორების უმრავლესობამ შეინარჩუნა თანამდებობა. 2020 წლიდან ოკუპირებული რეგიონების კურატორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკია, რომელიც ამ ეტაპზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საჯარო მოხელეა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება სწორედ კოზაკთან უწევთ.

2022 წლის 1 ნოემბრიდან რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების მთავარი კურატორი რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკია. იგი „რუსეთისა და აფხაზეთის და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის“ თანათავმჯდომარეა. ნოვაკი ოკუპირებულ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტების განხორციელებასა და რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის კონტროლზეა პასუხისმგებელი.

რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებიდან ოკუპირებული რეგიონების ყველაზე ხშირი სტუმარი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩია. ვოლვაჩი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელებას კურირებს და მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით პერიოდულად სტუმრობს ოკუპირებულ რეგიონებს.

ანტონ მელნიკი 2024 წლის 24 იანვრიდან ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების სამმართველოს უფროსია. მელნიკი ერთ-ერთი ის საჯარო მოხელეა, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების განხორციელებაზე. იგი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთის სამთავრობო დელეგაციების წევრის რანგში ხშირად სტუმრობს. 2015-2019 წლებში იგი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი იყო. 2020 წლის იანვარში ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს გაუქმების შემდეგ მელნიკი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გადავიდა.

2024 წლის 20 აგვისტოდან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელია გენერალ-მაიორი სერგეი შჩედრინი. შჩედრინმა შეცვალა ანდრეი კუდიმოვი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2021 წელს დაინიშნა. რუსეთის სასაზღვრო სამსახური საოკუპაციო ხაზზე ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია „ბორდერიზაციის“ პროცესზეც.

დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენელი სოხუმში 2024 წლის სექტემბრიდან ვლადისლავ კულიკოვია, რომელიც ადრე სლოვაკეთში რუსეთის საელჩოში პირველი მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. მან ამ თანამდებობაზე დმიტრი ფედოტოვი შეცვალა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების კურატორების შესახებ დეტალურად იხ. რონდელის ფონდის კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

 

ამონარიდი რონდელის ფონდის პუბლიკაციიდან.

 

Go BackGo Back