ახალი ამბები

ახალი კურატორის ვიზიტი აფხაზეთში

2025 / 02 / 01

31 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო ეწვია. კირიენკო რუსეთის ხელისუფლებაში გავლენიანი ფიგურაა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი იქნება ოკუპირებული რეგიონების ახალი კურატორი. საინტერესოა, რომ კირიენკო 1962 წელს სოხუმში დაიბადა.

აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების ხელმძღვანელებს. ასევე მოინახულა რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ ზოგადი ინფორმაცია გავრცელდა, ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე საუბრისა და საჩუქრების გადაცემის შესახებ. თუმცა, დიდი ალბათობით, განხილვის თემა იქნებოდა ბოლო პერიოდში სოხუმსა და მოსკოვს შორის გაუარესებული ურთიერთობებისა და მოახლოებული არალეგიტიური საპრეზიდენტო არჩევნების საკითხებიც.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა

კირიენკო აფხაზეთში რუსეთის „ელჩ“ მიხაილ შურგალინთან ერთად შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ვალერი ბგანბას. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

სერგეი კირიენკოს შეხვედრა ვალერი ბგანბასთან

კირიენკო ასევე შეხვდა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს, ლაშა აშუბას. აღნიშნულ შეხვედრაზეც ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

სხვა შეხვედრები

დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრების გარდა, სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს, კირიენკომ საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებებიც მოინახულა.

კირიენკო ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორ ალეკო გვარამიას შეხვდა. მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც სამეცნიერო ინიციატივები განიხილეს.

სერგეი კირიენკოს შეხვედრა ალეკო გვარამიასთან

კირიენკომ ასევე მოინახულა პუშკინის სახელობის სოხუმის N2 საშუალო სკოლა. მან სკოლაში დაათვალიერა სპეციალური „ატომკლასი“, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია, „როსატომის“ მხარდაჭერით გაიხსნა.

იგი ეწვია აფხაზეთის „სახელმწიფო სურათების გალერეას“, რომელსაც იგორ პანჩეკოს სურათი, „სოხუმის ანგელოზი“ აჩუქა. გალერეა გასული წლის იანვარში ძლიერი ხანძრის შედეგად დაზიანდა და ამჟამად შენობის აღდგენა მიმდინარეობს. დაზიანებული ნახატების რესტავრაციაში რუსი სპეციალისტები მონაწილეობენ.

კირიენკომ ასევე მოინახულა სოხუმში მდებარე სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი.

აეროპორტში ვიზიტი

კირიენკომ ვიზიტის  ფარგლებში სოხუმის აეროპორტიც მოინახულა, რომლის რეაბილიტაციას რუსული კომპანია ახორციელებს. მან მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც „პრეზიდენტობის“ კანდიდატი ბადრა გუნბაც ესწრებოდა. გუნბა აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელია. კირიენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ აეროპორტმა 1 მაისისთვის შეძლოს ამუშავება.  

შეხვედრა აეროპორტში

კირიენკოსა და გუნბას შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დე ფაქტო  პრეზიდენტის ვებგვერდმა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუნბას არ ჰქონდა კირიენკოსთან შეხვედრის უფლება, რადგან იგი „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობს და „პრეზიდენტის“ მოვალეობას აღარ ასრულებს, რადგან იმყოფება შვებულებაში. ამის გამო, მას არ აქვს უფლება შეასრულოს „ვიცე-პრეზიდენტის“ ფუნქციები და ასევე უხელმძღვანელოს საკოორდინაციო შტაბს.

ვიზიტი „ბრეხალოვკაზე“

ვიზიტის მეორე დღეს კირიენკო სოხუმის სანაპიროზე მდებარე ცნობილ კაფე „ბრეხალოვკას“ ესტუმრა, სადაც მასპინძლებთან ერთად ყავა დალია. კირიენკომ აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელს, აპოლონ დუმაას ჭადრაკი აჩუქა. კაფეში ასევე იმყოფებოდნენ დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი, სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ეშბა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე ახრა ავიძბა, რომელიც ინტერნაციონალური ბრიგადა „პიატნაშკას“ მეთაურია.

ვიზიტი "ბრეხალოვკაზე"

სხვა ღონისძიებები

კირიენკომ სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს მოინახულა ცენტრალური კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო და საბავშვო რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო მოედანი. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ეტაპზე დაფინანსება შეჩერებულია, კირიენკომ გამოთქვა მზადყოფნა საკითხის გადაწყვეტაში დაეხმაროს აფხაზურ მხარეს. კირიენკო ასევე შეხვდა დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრს, ედუარდ ბუთბას, რომელსაც აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევების გადაწყვეტაში დახმარება დაპირდა.

იგი ასევე ესტუმრა სოფ. პრიმორსკოეში N1 საშუალო სკოლას, რომელიც ადიღეს რესპუბლიკის მხარდაჭერით აშენდა.

მან ასევე პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა და დაღუპულ მშვიდობისმყოფელთა ხსოვნას. მათი მემორიალური ძეგლები კირიენკომ ყვავილებით შეამკო. გარდა ამისა, კირიენკომ ახრა ავიძბასთან ერთად პატივი მიაგო 1992-1993 წლების ომში დაღუპულთა ხსოვნასაც.

 

Go BackGo Back