ახალი ამბები

სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური ფრენა განხორციელდა - რა ვიცით „პირველი მერცხლის“ შესახებ?

2025 / 02 / 21

ავტორი: არსენ არაქელოვი

2025 წლის 7 თებერვალს „ვ. არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ რუსული ავიაკომპანიის - „აერო“-ს თვითმფრინავი დაჯდა. 32 წლის შემდეგ, სოხუმის აეროპორტმა სამოქალაქო რეისი პირველად მიიღო. რეისით იმგზავრა 21-მა მგზავრმა, მათ შორის, ბადრა გუნბამ, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ფავორიტია.

სოხუმის აეროპორტის შესახებ

სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში გაიხსნა და სოხუმიდან 18 კილომეტრის მოშორებით, სოფ. ბაბუშარაში მდებარეობს. ზაფხულში, საკურორტო სეზონზე, ის 5 000-მდე მგზავრს ემსახურებოდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, სოხუმის აეროპორტს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასაფრენი ბილიკი ჰქონდა. 1980-იან წლებში, ის დაგრძელდა 3.64 კმ-მდე კოსმოსური ხომალდის -„ბურანი“ მიღებისთვის, რაც საბოლოოდ არ შედგა.

1993 წელს აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების შედეგად აეროპორტი დაიხურა. 2000 წელს აეროპორტის რეაბილიტაცია განხორციელდა და მას შიდა ფრენებისთვის იყენებდნენ. აეროპორტი საერთაშორისო ფრენებისთვის დახურულია. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს აეროპორტში რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა დესანტი და სამხედრო ტექნიკა გადმოსხეს. 2008 წლის 14 სექტემბერს კი, სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავი დაეშვა.

ამის შემდგომ, დე ფაქტო რესბუბლიკაში წლების განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა აეროპორტის რეკონსტრუქციისა და გახსნის თაობაზე. 2019 წლის 26 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის აეროპორტის აეროდრომს ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული სტატუსი სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის მიერ აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

2019 წლის დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება აეროპორტისთვის კოდის - URAS მინიჭების შესახებ. აეროპორტს კოდი მიენიჭა აფხაზეთის ე.წ. საჰაერო კოდექსისა და აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2010 წლის 17 თებერვალს დადებული შეთანხმების საფუძველზე. აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონის ნაწილად გამოცხადდა. თუმცა, რეალურად კოდი აეროპორტისთვის არავის მიუნიჭებია, რადგან ამის უფლებამოსილება მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) აქვს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. იმ დროს აფხაზურ საზოგადოებაში როსტოვის საჰაერო ზონისადმი  მიკუთვნებამ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, რაზეც მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა: „როგორც კი გაჩნდა სიტყვა „როსტოვი“, თავში მოგდის აზრი - „ხომ არ ნიშნავს ეს სუვერენიტეტის დაკარგვას?“ რუსეთმა ჩვენ თავად გვაღიარა და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ შევდგეთ“.

აეროპორტის აღდგენა მუდმივი განხილვის საგნად რჩებოდა წლების განმავლობაში და ეს თანამდებობიდან ახლახანს გადამგდარი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას წინასაარჩევნო ერთ-ერთ დაპირებადაც იყო ქცეული. რუს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, ბჟანია აცხადებდა, რომ „ის, ვინც აეროპორტის რეკონსტრუქციაში შეიტანს წვლილს, აფხაზი ხალხის მადლიერებას სამუდამოდ დაიმსახურებს“.

2021 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის გამნაღმველებმა სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაც კი შეამოწმეს და განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების თხოვნით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირველად აღნიშნული საკითხი საჯაროდ 2020 წლის ნოემბერში სოჭში განიხილა. პუტინთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან 2023 წლის 3-4 ოქტომბრის შეხვედრის შემდგომ კი, ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენები დაიწყება არაუგვიანეს 2024 წლის ივლისისა, ხოლო სრულ ფუნქციონირებას აეროპორტი დაიწყებს 2024 წლის 31 დეკემბრიდან, თუ „საერთაშორისო სამხედრო სიტუაცია არ გამწვავდება“.

აეროპორტის რეკონსტრუქცია

პირველი ცნობები კომპანიის შესახებ, რომელიც აღადგენდა სოხუმის აეროპორტს, 2022 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი, რა დროსაც ოკუპირებულ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი, მაქსიმ რეშეტნიკოვი ეწვია. იმ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროპორტის აღდგენაში რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას კომპანია - „Базовый элемент“ ჩაერთვებოდა. ამის შესახებ რეშეტნიკოვს ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენელმა, ალექსეი ვასილჩენკომ მიაწოდა. ვასილჩენკოს თქმით, აეროპორტი 10 ათასს კვ/კმ ფართობზე გაშენდებოდა და საათში 435 ადამიანის მიღებას შეძლებდა.

როგორც ჩანს, გარკვეულ მიზეზთა გამო, კომპანიასთან დე ფაქტო მთავრობამ მოლაპარაკებები შეწყვიტა და არჩევანი „ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე“ შეაჩერა, რასაც შესაძლოა, პოლიტიკური მიზეზებიც გააჩნდა.

2023 წლის სექტემბერში ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიგ რუსულ კომპანიებს არ სურდათ მონაწილეობა მიეღოთ სოხუმის აეროპორტის აღდგენაში. ეს შესაძლოა აიხსნას იმ ფაქტორით, რომ სოხუმის აეროპორტს არ აღიარებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და შემოსავლის მხრივ, ეს შესაძლოა კომპანიებისთვის წამგებიანი ყოფილიყო, რადგანაც უცნობია, თუ რამდენად იქნება პოპულარული ოკუპირებული აფხაზეთი ტურისტულად.

აეროპორტების მსხვილმა რუსულმა ჰოლდინგებმა, როგორიცაა „რეგიონების აეროპორტები“, „აეროდინამიკა“, „ნოვაპორტი“ და მოსკოვის „შერემეტიოევო“ და „ვნუკოვო“, უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში. ამის შესახებ სექტემბერში იტყობინებოდა რუსული გამოცემა „Ведомости“ და ინფორმაცია ეყრდნობოდა, როგორც ჰოლდინგების წარმომადგენლების განცხადებებს, ასევე კომპანიებთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არ გაავრცელა კონკურსში მონაწილე კომპანიების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, გარდა ცნობილი ჰოლდინგებისა, კონკურსში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ: „დარტ“ და შემდგომში გამარჯვებულმა - „ინფრასტრუქტურული განვითარება“.

„ინფრასტრუქტურული განვითარება“ და მისი მფლობელი

შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“ დარეგისტრირდა 2023 წლის 10 ივლისს, მისი იურიდიული მისამართი მოსკოვში მდებარე საცხოვრებელი სახლია, საწესდებო კაპიტალი კი 100 ათასი რუბლია. მისი ხელმძღვანელი სერგეი გრიბკოვია, რომელიც მანამდე  Airport Management Company Limited-ში მუშაობდა. აღნიშნული კომპანია დაკავშირებულია „დომოძედოვოს“ აეროპორტის სტრუქტურებთან. „ინფრასტრუქტურული განვითარების“ მფლობელი კი რაშიდ რაშიდის ძე ნურგალიევია, რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ამჟამინდელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილი.

უფროსი ნურგალიევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გავლენიანი საჯარო მოხელეა. მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს უკავშირდება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნურგალიევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხშირი სტუმარია, როგორც შს მინისტრის, ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რანგში. მას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ძალოვანი უწყებების საქმიანობის ერთგვარი კოორდინაციის ფუნქციაც აკისრია. იგი პერიოდულად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შიდა პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში „კრიზისების მენეჯერადაც“ გვევლინება. უფროს ნურგალიევს აქტიური კავშირები აქვს ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტთან, ბჟანიასთან.

უმცროს ნურგალიევს აქვს დამთავრებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სკოლა, რის შემდეგაც ჰოკეის კლუბის „ფენიქსი“ შემტევი იყო. ამის შემდგომ კი, იგი ხდება სხვადასხვა კომპანიის მეწილე.  იგი „ეკოსტრუქტურის“ 85%-იანი მეწილეა. ეს კომპანია ეკოლოგიურ პრობლემებზე მუშაობს და ნარჩენების გადამუშავებით არის დაკავებული. ნურგალიევი ასევე „ბაზის“-ის 33% ფლობს, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საქმიანობის ბიზნესთან. უმცროსი ნურგალიევი „რუსეთის ეკოლოგიური მოძრაობისლიდერიცაა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არ აკმაყოფილებდა კონკურსში გამოცხადებულ მოთხოვნებს და კომპანიას არანაირი გამოცდილება არ აქვს აეროპორტების ექსპლუატაციასთან, დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის მთავრობებმა სწორედ რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანიაზე შეაჩერეს არჩევანი.

რაშიდ რაშიდის ძე ნურგალიევი

რას ითვალისწინებს პროექტი?

შეთანხმების დადების ცერემონიალზე, რაშიდ ნურგალიევმა მადლობა გადაუხადა დე ფაქტო მთავრობას მის კომპანიაზე არჩევანის გაკეთებისთვის. მან განაცხადა, რომ გარდა თავად აეროპორტის რეკონსტრუქციისა, მისი კომპანია ააშენებს ახალ, უნიკალურ ტერმინალის კომპლექსს. მისი თქმით, ტურისტები და ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლები შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილები დარჩებიან. ნურგალიევმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ ტურისტული ინტერესი ყოველ წელს იზრდება.

შეთანხმების მიხედვით, უნდა განახლებულიყო აეროდრომი, რეკონსტურქცია ჩატარებოდა ასაფრენი ბილიკისთვის, რომელიც იქნებოდა 3 100 მეტრი სიგრძეში, 45 მეტრი კი სიგანეში, რაც მისცემდა აეროპორტს საშუალებას მიიღოს თანამედროვე თვითმფრინავები. გარდა ამისა, ასაფრენ ბილიკზე დამონტაჟდებოდა სხვადასხვა ტექნოლოგია, რაც თვითმფრინავების პილოტებს მისცემდა საშუალებას დაეშვან ბილიკზე სხვადასხვა მეთოდით. დამონტაჟდებოდა სხვადასხვა შუქნიშანი ICAO-ს პირველი კატეგორიის ფრენების შესასრულებლად. გარემონტდებოდა სამგზავრო გზა და სამგზავრო პერონის ნაწილი, აშენდებოდა პერონის ახალი მონაკვეთი დამატებითი თვითმფრინავების განსათავსებლად.

ასევე, შეთანხმების თანახმად, აეროდრომზე აშენდებოდა ახალი საავარიო-სამაშველო სადგური, დამონტაჟდებოდა სანიაღვრე და სადრენაჟო სისტემა, გამწმენდი დანადგარები და აშენდებოდა სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა თვითმფრინავების დამუშავება სპეციალური, ყინვის საწინააღმდეგო სითხით. ამასთან, აშენდებოდა მგზავრთა მიღების ტერმინალი, აშენდებოდა ან განახლდებოდა აეროპორტის ადმინისტრაციული შენობები და რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა აეროპორტის ისტორიულ შენობას.

შეთანხმების თანახმად, სოხუმის აეროპორტი საათში შეძლებს 1 300 მგზავრის მომსახურებას. კომპანია  მოგებისა და ქონების გადასახადებისგან თავისუფლდება 25 წლამდე, აეროდრომი და ტერმინალი რჩება „სახელმწიფო საკუთრებაში“, თუმცა ინვესტორს გამოსაყენებლად 49 წლამდე ვადით გადაეცემა.

სოხუმის აეროპორტი რეკონსტრუქციის დაწყებამდე

რა გაკეთდა?

აეროპორტის რეკონსტრუქციამ დაგეგმილზე დიდ ხანს გასტანა. „ინფრასტრუქტულ განვითარებასთან“ მოწერილი ხელშეკრულების შემდეგ, ადგილობრივებში კვლავ ჩნდებოდა განცდა, რომ პროცესი ჩიხში შედიოდა. დე ფაქტო მთავრობას პრობლემები ჰქონდა სოფ. ბაბუშერას მოსახლეობასთანაც, სადაც მდებარეობს აეროპორტი. ამის მოსაგვარებლად, დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მიუხედავად ამისა, პერიოდულად გრძელდებოდა რეკონსტრუქციისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, მონტაჟდებოდა სატრანსფორმატორო ქვესადგური, ელექტროგადამცემი ხაზი და ა.შ.

მიუხედავად დაბრკოლებებისა, რეკონსტრუქციის პროცესი საბოლოოდ, აქტიურად დაიძრა, თუმცა ჯერჯერობით სრულად არ არის დამთავრებული. მედიასთან ყველაზე ხშირად ჩანს სოხუმის აეროპორტის საჰაერო მოძრაობის მართვის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი ჩაპლიგინი და სწორედ მისგან ვიცით, თუ რა რეკონსტრუქცია ჩატარდა და კიდევ რა სამუშაოები იგეგმება აეროპორტში.

ჩაპლიგინის თქმით, აეროპორტის აღდგენის პირველი ეტაპი დასრულებულია. ამ ეტაპის ფარგლებში, აშენდა დროებითი ტერმინალი, რომელიც მგზავრებს მოემსახურება. ინვესტორების პროგნოზით, აეროპორტი პირველ ეტაპზე შეძლებს დღეში 400-მდე მგზავრის მომსახურებას, წელიწადში კი - 1 მილიონის. პერსპექტივაში, აეროპორტს შეეძლება წელიწადში 2 მილიონ მგზავრს მოემსახუროს.

ამ ეტაპზე დასრულებულია ასაფრენი ბილიკის  ბეტონირება, აეროდრომის მარკირება და დაგეგმარება. ასევე, დასრულებულია სატრანსპორტო გზისა და პერონის ბეტონირება. დამონტაჟდა და ექსპლუატაციაში შევიდა მეტეოროლოგიური აღჭურვილობა, მოეწყო საკონტროლო ცენტრი - მართვისა და კონტროლის ცენტრი - „კოშკი“, ამოქმედდა სახმელეთო რადიოტექნიკური საფრენოსნო და საკომუნიკაციო მხარდაჭერის საშუალებები.

აეროპორტი აღჭურვილია აეროდრომისათვის ყველა საჭირო აღჭურვილობით: სახანძრო მანქანებით, აეროდრომისთვის განკუთვნილი სპეც. ავტომობილებით, ბარგის ურიკებით, პანდუსებით, ავტობუსებითა და ასევე, სასწრაფო დახმარების მანქანებით.

აეროპორტის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილია თანამედროვე საჰაერო ტერმინალის აშენება მთელი საწარმოო და მომსახურების ინფრასტრუქტურით, ასევე, ახალი პერონით. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენისათვის ინვესტიცია 12 მლრდ რუბლზე მეტს შეადგენს. ამ ეტაპზე კი, ინვესტორმა უკვე ჩადო 5,5 მლრდ რუბლზე მეტი ინვესტიცია პირველი ეტაპის განხორციელებაში.

ჩაპლიგინის განცხადებით, არსებული რადიოტექნიკური და მეტეოროლოგიური აღჭურვილობა სოხუმის აეროპორტს აძლევს საშუალებას მიიღოს ყველა ტიპის თვითმფრინავი. მისი თქმით, პერსონალმა, რომელიც მუშაობს აეროპორტში, როგორიცაა, ინჟინრები, მეტეოროლოგები და სხვა, გაიარა შესაბამისი ტრენინგი და უკვე შეუდგა მუშაობას. მისი თქმით, გასულ კვირას აეროპორტმა გამოსცადა განათების აღჭურვილობაც, რაც საშუალებას აძლევს აეროპორტს მიიღოს თვითმფრინავი დღის ნებისმიერ დროს.

სოხუმის აეროპორტის რეკოსტრუქციის პროექტი

აეროპორტის გახსნა

2025 წლის 31 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ოკუპირებული რეგიონების ახალი კურატორი, სერგეი კირიენკო ეწვია. კირიენკო რუსეთის ხელისუფლებაში გავლენიანი ფიგურაა. საინტერესოა, რომ კირიენკო 1962 წელს სოხუმში დაიბადა.

ვიზიტის ფარგლებში, კირიენკომ ბადრა გუნბასთან ერთად მოინახულა სოხუმის აეროპორტი. ამას აფხაზურ საზოგადოებაში უკმაყოფილებაც მოჰყვა, რადგან, საზოგადოების ნაწილის აზრით, გუნბას, როგორც „პრეზიდენტობის“ კანდიდატს და როგორც შვებულებაში მყოფ „ვიცე-პრეზიდენტს“, რომელიც მანამდე ხელმძღვანელობდა აეროპორტის მშენებლობის საკოორდინაციო საბჭოს, არ ჰქონდა უფლება შეხვედროდა კირიენკოს. მიუხედავად ამისა, მათი შეხვედრა შედგა, რითიც ასევე დადასტურდა გუნბას მიმართ კრემლის მხარდაჭერა.

მიუხედავადა ამისა, კირიენკომ ვიზიტისას განაცხადა, რომ მოსკოვისთვის აფხაზი ხალხის ნებისმიერი არჩევანი იქნება მისაღები, ხოლო რაც შეეხება სოხუმის აეროპორტს, მისი თქმით, მას ასეთი ლამაზი პროექტი მანამდე არ უნახავს. კირიენკომ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო თებერვალში სატესტო ფრენის ჩატარება, რათა ტურისტული სეზონისთვის აეროპორტს შესძლებლოდა სრულად ფუნქციონირება. მისი თქმით, სოხუმის აეროპორტი გააჩენს ახალ შესაძლებლობას რუსეთისა და აფხაზეთის „მოქალაქეებისთვის“.

პირველი „მერცხალი“

კირიენკოს ვიზიტის დასრულების შემდეგ, მალევე, 2025 წლის 7 თებერვალს, თბილისის დროით 14:30 სთ-ზე, 32 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სატესტო ფრენა შედგა. თვითმფრინავი აფრინდა მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან. ფრენის ხანგრძლივობამ 3 საათი და 50 წუთი შეადგინა, ხოლო საცდელი ფრენა რუსეთის სანქცირებულმა ავიაკომპანიამ -  UVT Aero-მ განახორციელა.

UVT Aero დაფუძნდა 2015 წელს თათრეთის რესპუბლიკაში. ის ამჟამად ფლობს 9 საფრენ აპარატს, კერძოდ, 8 კანადური წარმოების Bombardier CRJ200-ს და ერთ ამერიკულ ვერტმფრენს - Bell 429 GlobalRanger. ღია წყაროების თანახმად, კომპანიას შეკვეთილი აქვს 4 ცალი რუსული წარმოების - Ту-204. იმის გათვალისწინებით, რომ ამ თვითმფრინავის მოდიფიცირებული ვერსია, Ту-214 იწარმოება სწორედ კაზანში და 2030 წლამდე დაგეგმილია 70 ახალი თვითმფრინავის ექსპლუატაციაში ჩაშვება, მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში ავიაკომპანიის რესურსი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

სოხუმში UVT Aero-ს პირველ „მერცხალს“ საზეიმოდ და ტრადიციული ცეკვებით შეხვდნენ. მოსკოვი-სოხუმის რეისზე 21 მგზავრი იყო, მათ შორის, აფხაზი სტუდენტები და ბადრა გუნბა, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდებოდა მისი კანდიდატურის მიმართ კრემლის მხარდაჭერა.

პირველი რეისი

აღსანიშნავია, რომ პირველ რეისს აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა, რადგან სოციალურ ქსელებში გავრცელდა რეისის ბილეთის ფოტოსურათი, რომელშიც სოხუმი აღნიშნული იყო, როგორც - Sokhumi. აფხაზები სოხუმს მოიხსენიებენ, როგორც - სუხუმ (Sukhum). მიუხედავად ამისა, შემდგომში აფხაზურ გვერდებზე გავრცელდა ბილეთების სხვა სურათებიც, რომელშიც დე ფაქტო რესპუბლიკის „დედაქალაქი“ იყო მოხსენიებული, როგორც - Sukhum, მანამდე გავრცელებულ სურათებს კი „პროსახელისუფლებო“ ძალებმა და გუნბას ამომრჩევლებმა ოპოზიციის პროვოკაციად და ე.წ. ფეიკად შეაფასეს.

რეისის ბილეთები (მარცხენა მხარეს-Sokhumi, მარჯვენა - Sukhum)

გამოხმაურებები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 32 წლიანი პაუზის შემდეგ აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენას არ გამოხმაურებია ოფიციალური თბილისი. აეროპორტის აღდგენის ფაქტს გამოეხმაურნენ საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მათ აღნიშნეს, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენა საფრთხის შემცველია და გააკრიტიკეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმილის გამო.

ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც აღვნიშნეთ, აეროპორტის გახსნა სხვადასხვაგვარად შეაფასეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილი იყო იმ გარემოებით, რომ აეროპორტი ფაქტობრივად, რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი კომპანიის ხელში იქნება. აეროპორტის გახსნის საკითხიც, ფაქტობრივად, იქცა ე.წ. პროსახელიფლებო და ოპოზიციური ძალების შეფასების საკითხად, რომელთა განწყობებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია. საზოგადოების ნაწილი ხედავს აეროპორტში შესაძლებლობებს, ნაწილი კი, ამასთან ერთად, „სუვერენიტეტის“ დაკარგვისა და რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდის საფრთხეს.

ამ ეტაპზე, კირიენკოს გარდა, სოხუმში აეროპორტის გახსნას არ გამოხმაურებიან სხვა რუსი მაღალჩინოსნები. ეს შესაძლოა ახსნილი იყოს იმით, რომ მოსკოვი აქტიურად არის ჩართული უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მოლაპარაკებებში. მიუხედავად ამისა, სოხუმის აეროპორტის გახსნას გამოეხმაურა ყველა პროპაგანდისტული მედია, რუს მაღალჩინოსნებს კი, მათ შორის ლავროვს, არაერთხელ განუცხადებიათ აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით მათი პოზიტიური მოლოდინი და სურვილი.

შეჯამება

ოკუპირებულ სოხუმში აეროპორტის აღდგენამ დე ფაქტო რესპუბლიკაში შესაძლოა, რუსი ტურისტების მატება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აეროპორტში ფრენებს მხოლოდ „UVT Aero“ განახორციელებს, გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმში ფრენის სურვილს გამოთქვამს კიდევ ორი რუსული ავიაკომპანია.

აეროპორტის გახსნამ შესაძლოა გამოიწვიოს ოკუპირებული აფხაზეთის როლის გაზრდა რუსეთის ეკონომიკაშიც და იგი ასევე გახდეს კარგი რესურსი სანქციებისთვის თავის არიდებისათვის. გარდა ამისა, სოხუმის აეროპორტის მონაცემები, რაც ღია წყაროებშია მოცემული, თავისუფლად არის თავსებადი იმ მოთხოვნებთან, რაც სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავებს სჭირდებათ.

შედეგად, სოხუმის აეროპორტს მომავალში შეუძლია რუსეთისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ თუ სამხედრო ობიექტად იქცეს. ნათელია, რომ შეგნებულად არჩეული რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის შვილის მფლობელობაში მქონე კომპანია არ ჩადებდა დიდ ინვესტიციას აეროპორტში მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის. მით უმეტეს, რომ პროექტის საწყისიდანვე უცნობი იყო, თუ რამდენად იქნებოდა ეს სარფიანი „ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის“.

ამასთან კი, წინასაარჩევნო დაპირებების შემდეგ ოფიციალური თბილისის დუმილი ოკუპირებული რეგიონების შესახებ და სოხუმის აეროპორტის აღდგენა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კიდევ უფრო აძლიერებს, ცენტრალურ მთავრობას კი კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში ამყოფებს.

Go BackGo Back