ახალი ამბები

ვიტალი მუტკო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასაც უზრუნველყოფს

2019 / 01 / 22

2019 წლის 22 იანვარს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებლობის სფეროები გაანაწილა.

ვიტალი მუტკო პასუხისმგებელი იქნება რამდენიმე სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე, მათ შორის „ჩრდილოეთ  კავკასიის ფედერალური ოლქის განვითარებისა“ და „საგარეოპოლიტიკური საქმიანობის“ (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილში) პროგრამებზე.

მუტკო რუსეთის მთავრობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. 2018 წლის 5 ივნისს იგი რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარედ დაინიშნა.

„საგარეოპოლიტიკური საქმიანობის“ სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 20 მარტს დაამტკიცეს. სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პერიოდია 2013-2020 წლები. პროგრამის მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ინტერესების ყოველმხრივი და ეფექტური უზრუნველყოფა, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისათვის მისაღები საგარეო პირობების შექმნა. სახელმწიფო პროგრამის შესრულებაზე პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს აკისრია. თანაშემსრულებლები არიან ფინანსთა სამინისტრო და დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტო (Россотрудничества). სახელმწიფო პროგრამაში სამი ქვეპროგრამაა. ქვეპროგრამების ძირითადი მიზნებია: საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირების შემუშავება და რეალიზაცია; საერთაშორისო შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რუსეთის მიერ ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შესრულება; მსოფლიოში რუსეთის კულტურულ-ჰუმანიტარული ჩართულობის გაფართოებისათვის ხელშეწყობა. 

Go BackGo Back