ახალი ამბები

კოშინმა აფხაზეთში საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა შეამოწმა

2019 / 08 / 22

2019 წლის 22 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, აფხაზეთს ესტუმრა.

კოშინმა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული ობიექტების (ქ. გაგრასა და სოფ. ლიხნში სკოლები, ქ. ახალ ათონში საბავშვო ბაღი, ტყვარჩელის რაიონში ცენტრალური რაიონული საავადმყოფო) მშენებლობა დაათვალიერა.

ობიექტების დათვალიერების შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აფხაზეთის მხრიდან შეხვედრაში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა მონაწილეობდა, რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროსა და ბანკ „რასია”-ის წარმომადგენლები. მხარეებმა 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს 61 ღონისძიების შესრულებაა დაგეგმილი. ასევე განიხილეს 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის საკითხიც.

კოშინის ვიზიტის ფარგლებში, ქ. სოხუმს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაზიდვისა და დაპრესვისთვის ორი სპეციალიზებული ავტომობილი გადაეცა.

Go BackGo Back