ახალი ამბები

აფხაზური „არჩევნები“ რუსმა დეპუტატებმა შეაფასეს

2019 / 08 / 26

2019 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც დამკვირვებლის სტატუსით რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიის საერთაშორისო პრეს-ცენტრში რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებმა არჩევნების მიმდინარეობა შეაფასეს. დელეგაციის სახელით შეფასებები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა გააკეთა: „პირველ რიგში ჩვენი მისიაა, რომ დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და დარღვევების გარეშე. რასაც ჩვენ ეხლა ვადასტურებთ“.

ზატულინის განცხადებით, „არჩევნები - აფხაზი ხალხის შიდა საქმეა და მოსკოვი ნებისმიერ მის არჩევანს პატივს სცემს“. მან პოლიტიკურ ჯგუფებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არჩევნები დესტაბილიზაციის მიზეზი არ უნდა გახდეს. მისი შეფასებით, დამკვირვებლებს არჩევნებზე სერიოზული დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.

სახელმწიფო დუმის გარდა არჩევნებს ფედერაციის საბჭოდან რუსი სენატორებიც აკვირდებოდნენ, მათ შორის: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარიტ მუხამეტშინი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხაილ კოზლოვი, ამავე კომიტეტიდან სენატორი, ყირიმის წარმომადგენელი ოლგა კოვიტიდი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ალექსეი კონდრატიევი. სენატორთა დელეგაციის ხელმძღვანელის, მუხამეტშინის შეფასებით, არჩევნები ჩატარდა ღიად, დემოკრატიულად, არჩევნების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც, რომლის თქმითაც, კრემლი ყურადღებით აკვირდება აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებს და იმედოვნებენ, რომ იგი ლეგიტიმურად ჩატარდება.

არალეგიტიმური არჩევნების შედეგების მიხედვით, გამარჯვებულის გამოსავლენად, 8 სექტემბერს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის მეორე ტური გაიმართება.

 

Go BackGo Back