აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრომ 2018 წელს განხორციელებული საქმეები შეაჯამა და შესაბამისი ანგარიში საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ანგარიშის ერთ-ერთი თავი „აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის“ განხორციელებას ეხება.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ინფრასტრუქტურის აღდგენის თვალსაზრისით, რუსეთის დაფინანსებით, სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა, მათ შორის: 8.34 კმ სიგრძის გზების რემონტი; „გაგრა-1“ ქვესადგურის რეკონსტრუქცია; 15 საცხოვრებელ სახლში ლიფტების შეცვლა და მონტაჟი; ბიჭვინთაში სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია; „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ მოწყობილობის, ავეჯის, ინვენტარის შეძენა; ბაღების, სკოლებისა და ტყვარჩელის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და სხვ.