ახალი ამბები

დენის ტრავინმა საინვესტიციო პროგრამის განხორციელების 2018 წლის შედეგები შეაჯამა

2018 / 12 / 11

2018 წლის 11 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების 2018 წლის შედეგები ცხინვალში შეაჯამა. შეხვედრაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინი მონაწილეობდა. ტრავინის განცხადებით, 2018 წელს საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ფარგლებში ცოტა არ გაკეთებულა.

მისი თქმით, მომავალ წელს არანაკლებ ამბიციური გეგმებია - სამშობიარო სახლისა და ძმებ გუბაევების ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების მშენებლობა, ცხინვალისა და სხვა რაიონების კეთილმოწყობა, ასევე გზების მასშტაბური მშენებლობა. ტრავინის განცხადებით, 2018 წლის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდა.

იმავე დღეს ტრავინი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ერიკ ფუხაევსაც შეხვდა. შეხვედრაში ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამინისტროების ხელმძღვანელები და ადგილობრივი საწარმოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის დროს ტრავინმა საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

Go BackGo Back