ახალი ამბები

კურატორის ვიზიტი: კოშინი ცხინვალს ესტუმრა

2019 / 09 / 10

2019 წლის 10 სექტემბერს, ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი სამუშაო ვიზიტით ეწვია. კოშინი სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. კოშინის დელეგაციის წევრი იყო სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი.

ვიზიტის ფარგლებში კოშინი დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს 2019 წელს გაფორმებული შეთანხმებებისა და საინვესტიციო პროგრამის განხორციელებაზე.

კოშინმა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტებიც მოინახულა: რესპუბლიკური სამშობიარო სახლი (მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება), ცხინვალში სამედიცინო კლასტერის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები, ცხინვალში სუვოროვის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის მშენებლობა, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის შენობის მშენებლობა. სამუშაოები წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. კოშინზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება სამშობიარო სახლმა მოახდინა, რომელიც მისი შეფასებით საერთაშორისო დონის თანამედროვე შენობაა. ამავე დროს, კოშინმა საბავშვო ბაღის მშენებლობის ტემპები დაიწუნა.

კოშინმა ასევე მოინახულა შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი.

კოშინის განცხადებით, შემდეგი სამი წლის საინვესტიციო პროგრამაც მზად არის, რომელიც სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე აპრილში დამტკიცდა. შემდეგ წლებში პრიორიტეტად კოშინმა ცხინვალის რეგიონის ელექტროენერგიით უზურნველყოფა დაასახელა.

Go BackGo Back