2019 წლის 7 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი კოსტენიკოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა გიორგი ტოტჩიევმა ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამედიცინო დაზღვევის სფეროში გაფორმებული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფის პროტოკოლს მოაწერეს ხელი.
შეთანხმება, რომელსაც 2017 წლის 14 ნოემბერს მოეწერა ხელი, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას ითვალისწინებს, რომელიც რუსეთმა ცხინვალის რეგიონთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების ხელმოწერით იკისრა. შეთანხმება ცხინვალის რეგიონში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფს. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში რუსეთის 45 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს.