2019 წლის 19 სექტემბერს ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი, თავის მოადგილე დენის ტრავინთან ერთად, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა.
ფილატოვი კრემლში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია და მისი უშუალო ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვია. ფილატოვი საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსად რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით 2019 წლის 17 აპრილს დაინიშნა. არსებული ინფორმაციით, ფილატოვი საიდუმლოდ იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონში 2019 წლის 7 ივნისს არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე. ფილატოვის ვიზიტის შესახებ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, სოსლან კოკოევის ფეისბუქ გვერდიდან გახდა ცნობილი. კოკოევის მიერ გადაღებულ ფოტოში ფილატოვიც ამოიცნეს.
კრემლიდან ჩამოსულმა დელეგაციამ ცხინვალის რეგიონის მიერ რესპუბლიკის გამოცხადების 29-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ფილატოვი ვიზიტის ფარგლებში რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსაც შეხვდა და საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებიც მოინახულა.