კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის მეთაურის, ანატოლი სიდოროვის შეფასებით, კავკასიაში აშშ-სა და ნატო-ს გავლენის გაძლიერება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის გარშემო ვითარების დაძაბვის წინაპირობებს ქმნის.
სიდოროვის განცხადებით, „საქართველო, რომელიც დიალოგისთვის მზადყოფნის დემონსტრირებას ახდენს, ფაქტობრივად ბლოკავს ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს. დასავლეთის ქვეყნები კვლავ მხარს უჭერენ აღნიშნულ საკითხში თბილისს, რითაც ვითარების დაძაბვის წინაპირობებს ქმნიან. შეშფოთებას იწვევს აშშ-სა და ნატო-ს საქმიანობა რეგიონში გავლენის გაფართოების თვალსაზრისით. ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ხელმძღვანელობის ანტირუსულ პოლიტიკას და თბილისის ნატო-ში გაწევრიანებას“.