ახალი ამბები

აფხაზეთში რუსეთის „ელჩის“ ინტერვიუ: ძირითადი საკითხები

2019 / 02 / 08

2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა (აფხაზეთში „ელჩის“ მოვალეობას 2018 წლის 30 მარტიდან ასრულებს) საინფორმაციო-სააგენტო „სპუტნიკ“-ში პრეს-კონფერენცია გამართა. დვინიანინმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის:

  • დვინიანინის განცხადებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის 130 ხელშეკრულებას და ორ საბაზისო შეთანხმებას მოეწერა ხელი, აღნიშნული დოკუმენტების უმრავლესობა კი - სოხუმში რუსეთის „საელჩოში“ მომზადდა.
  • დვინიანინმა კომენტარი გააკეთა 6 თებერვალს ჟენევაში რუსეთსა და საქართველოს შორის „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების განხორციელების შესახებ გამართულ პირველ სხდომასთან დაკავშირებით. „ელჩმა“ აფხაზეთის ტერიტორიაზე სავაჭრო ტრანზიტის შესაძლო განხორციელება პოზიტიურად შეაფასა. დვინიანინის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება არ ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, საუბარია მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიებზე, სადაც დაგეგმილია საბაჟო პოსტების განთავსება, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვირთების გადაადგილებას რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით. „ელჩის“ აზრით, საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების მონიტორინგის პრაქტიკულ განხორციელებამდე არც ისე ცოტა დრო გაივლის. დვინიანინის თქმით, არ უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური საკითხებიც, სანამ აფხაზეთის გავლით სატრანზიტო გზა გაიხსნება, საქართველომ აფხაზეთი უნდა აღიაროს. „მე ჯერ არ მსმენია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებიდან მსგავსი განზრახვის შესახებ“, განაცხადა „ელჩმა“.
  • დვინიანინის შეფასებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აფხაზეთის მონაწილეობა დასავლეთს საშუალებას აძლევს გაიგოს, თუ რა ხდება აფხაზეთში. ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება.
Go BackGo Back