რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში მოტომსროლელი და სატანკო დანაყოფების მასშტაბური ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელიც რუსეთის ტერიტორიის გარდა, სომხეთს, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს და ანექსირებულ ყირიმს მოიცავს.
წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქის 15 სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნებში 7 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, მათ შორის საზღვაო ქვეითები, 2 ათასი ერთეული საბრძოლო ტექნიკა და 50-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი, ბომბდამშენი და ვერტმფრენი. წვრთნებში უპილოტო საფრენ აპარატებსაც გამოიყენებენ. წვრთნების მიზანი თავდაცვის და შეტევის ამოცანების, როგორც დღისით, ისე ღამით შესრულებაა. წვრთნების დროს სირიაში მიღებულ გამოცდილებასაც გამოიყენებენ.