2020 წლის 21 იანვარს რუსეთის ფედერაციის ახალი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეები და მინისტრები დაამტკიცეს. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებებია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით გაუქმდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო, რომელიც 2019 წელს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით ყველაზე აქტიური სამინისტრო იყო. რამდენიმე დღით ადრე სამინისტროში 2019 წლის შედეგებიც კი შეაჯამეს, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფინანსური დახმარების ვალდებულებების სრულად შესრულებაზე ისაუბრეს.
სამინისტრო 2014 წელს შეიქმნა. სამინისტროს პასუხისმგებლობის სფერო იყო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელების კონტროლი და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის მომზადება. ამ მხრივ გამორჩეული ფიგურა იყო ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი, სერგეი ჩებოტარევი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნეა. იგი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო. ჩებოტარევი 2019 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული 2017-2019 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის კონტროლსა და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების მომზადებაში.
სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა.
მთავრობა დატოვა ვიცე-პრემიერმა ვიტალი მუტკომაც, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს კურირებდა. მუტკო 2018 წლის 18 მაისიდან იკავებდა ვიცე-პრემიერს პოსტს. 2018 წლის 5 ივნისს, მუტკო რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარედ დაინიშნა. 2019 წლის 22 იანვარს კი, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მუტკოს საკურატოროდ რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა ჩააბარა, მათ შორის „საგარეოპოლიტიკური საქმიანობის“ (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილში) პროგრამა. მუტკო ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს კურატორიც იყო.
2019 წელს მუტკოს მონაწილეობით, სამთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარის როლში, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამები დაამტკიცეს.
ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ იქნება რუსეთის მთავრობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი კურატორი.