ახალი ამბები

რუსული ფული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის: რაში დაიხარჯება 4.5 მლრდ რუბლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში 2020-2022 წლებში

2020 / 01 / 23

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი 2020-2022 წლებში, საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციისგან 4.5-4.5 მლრდ რუბლს მიიღებენ. სამი წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის დაფინანსებით არაერთი პროექტი განხორციელდება. პროექტების მიზანია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკონომიკის რეალურ სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელება, კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

რა გაკეთდება აფხაზეთში

2019 წლის 18-19 დეკემბერს, სოხუმში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე კომისიამ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა დაამტკიცა. სამი წლის განმავლობაში რუსეთი აფხაზეთისთვის 4.5 მლრდ რუბლის დაფინანსებას უზრუნველყოფს, ყოველწლიურად - 1.5 მლრდ რუბლს. 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 109 ღონისძიება, მათ შორის სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა და რეკონსტრუქცია სატრანსპორტო, ელექტროქსელებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და წყალანალირების სფეროში, სოციალურ სფეროში, ასევე წყალდიდობების საწინააღმდეგო და ნაპირსამაგრი ღონისძიებების გატარების კუთხით.

დაფინანსების დიდი ნაწილი კაპიტალურ რემონტებზე, ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება.

წყალმომარაგების სისტემა

ქალაქებსა და რაიონებში წყალმომარაგების სისტემის გამართვისთვის 1 მლრდ 103.4 მლნ რუბლი დაიხარჯება. მათ შორის, 2020 წელს - 339 მლნ, 2021 წელს - 368.5 მლნ, 2022 წელს - 395.9 მლნ.

საგზაო ინფრასტრუქტურა

1 მლრდ 90 მლნ რუბლი დაიხარჯება სოხუმსა და რაიონებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის. მათ შორის, 2020 წელს - 385.4 მლნ, 2021 წელს - 305.6 მლნ, 2022 წელს - 399 მლნ.

ენერგეტიკა

ქვესადგურების რემონტისა და რეკონსტრუქციისთვის დაიხარჯება 645.9 მლნ რუბლი. მათ შორის, ქვესადგურ „გუდაუთის“ კაპიტალური რემონტისთვის 2020 წელს დაიხარჯება 40.3 მლნ, ამავე წელს ქვესადგურ „სუხუმ 1“-ისთვის - 47.9 მლნ, ქვესადგურ „ბზიფის“ რეკონსტრუქციისათვის 2021 წელს 236.8 მლნ დაიხარჯება, 2022 წელს კი, 320.9 მლნ.

გამანაწილებელი ქსელების კაპიტალური რემონტისთვის 79 მლნ რუბლი დაიხარჯება.  მათ შორის, სოხუმში 2020 და 2021 წლებში 29.5-29.5 მლნ, 2020 წლებში ოჩამჩირის რაიონში - 10 მლნ, ტყვარჩელისა და გაგრის რაიონებში - 5-5 მლნ.

საგზაო ინფრასტრუქტურა

2021 წლიდან სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის დამაკავშირებული 42 კილომეტრიანი გზის განათების მონტაჟისათვის 83 მლნ რუბლი დაიხარჯება. მათ შორის, 2021 წელს -23.8 მლნ, 2022 წელს - 59.2 მლნ.

ქ. გაგრის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება

ქ. გაგრა საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 660.7 მლნ რუბლს მიიღებს. მათ შორის 27 მლნ რუბლი ოლდენბურგის პრინცის სახელობის პარკის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯება. სამი წლის განმავლობაში გაგრაში 633 მლნ რუბლი დაიხარჯება საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის, კერძოდ წყლისმომარაგების, წყლის განაწილებისა და საკანალიზაციო სისტემისთვის. მათ შორის 2020 წელს - 189.1 მლნ, 2021 წელს -284.5 მლნ, 2022 წელს - 160 მლნ.

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი

2020 წლისთვის 112.8 მლნ რუბლი დაიხარჯება გულრიფშის რაიონის სოფ. კაციკიტში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მშენებლობისთვის.

ახალი ციხე

ციხის ასაშენებლად სავალდებულო საპროექტო-საკვლევი სამუშაოებისათვის 2021-2022 წლებში 131.2 მლნ რუბლი დაიხარჯება. მათ შორის 2021 წელს - 40 მლნ, 2022 წელს - 91. 2 მლნ.

ჯანდაცვა

2021 წელს იგეგმება ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის დაწყება. ორ წელიწადში მშენებლობისთვის 200 მლნ რუბლი დაიხარჯება, 2021 წელს - 80 მლნ, 2022 წელს - 120 მლნ.

რა გაკეთდება ცხინვალის რეგიონში

2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ფედერაციის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, 2019 წლის აპრილში, დაამტკიცეს. პროგრამის ფარგლებში 52 ღონისძიების განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის კომუნალური ინფრასტრუქტურის, საგზაო ქსელების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა, ცხინვალისა და რაიონების გზების კეთილმოწყობა, საბავშვო გამაჯანსაღებელი ბანაკის მოწყობა.  

საინჟინრო ქსელები და გზები

ცხინვალში არაერთ ქუჩაზე შეიცვლება წყლისმომარაგების ქსელი. ასევე შეიცვლება საკანალიზაციო და გაზის მილები, ელექტროკაბელები. პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 25 ქუჩის კეთილმოწყობა.

ახალი პროგრამის ფარგლებში სრულად დასრულდება გუფთა-კვაისას 40 კილომეტრიანი სიგრძის გზის მშენებლობა. გზის მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობს და უკვე დახარჯულია 1 მლრდ რუბლამდე, თუმცა ამ ეტაპისთვის გარემონტებულია მხოლოდ გზის ნახევარი.

ორ წელიწადში უნდა დასრულდეს ერწო-სინაგურის 20 კილომეტრიანი სიგრძის გზის რემონტი.  

ასევე, ცხინვალში გარემონტდება ძველი ხიდი. ხიდი გარემონტდება ჯავაშიც.

საცხოვრებელი ფონდი

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 10 მრავალბინიანი სახლის მშენებლობა, მათ შორის ექვსი 75-ბინიანი სახლი ცხინვალში აშენდება, ორ-ორი 18-ბინიანი სახლი კი - ზნაურისა და ჯავის რაიონულ ცენტრებში. სახლების მშენებლობა სამ წელიწადში უნდა დასრულდეს.

განათლება

ცხინვალში N3 საშუალო სკოლა 200 მოსწავლეზე გათვლილ ახალ თანამედროვე შენობაში განთავსდება. მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. ძველი შენობა უკვე დანგრეულია და მიმდინარეობს მზადება ორსართულიანი სკოლის შენობის ასაშენებლად.

ცხინვალში ასევე აშენდება 160 ადგილიანი საბავშვო ბაღი, ჯავის რაიონში კი, 150-ადგილიანი გამაჯანსაღებელი საბავშვო ბანაკი.

ჯანდაცვა

ცხინვალში დაგეგმილია ფსიქონევროლოგიური დისპასნერის მშენებლობა. სამშობიარო სახლის ძველ შენობაში კი, ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების დე ფაქტო სამინისტროს განთავსება იგეგმება, რისთვისაც კაპიტალური რემონტი ჩატარდება.

სხვა ობიექტები

წინა წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აშენებული ვანათი-ცხინვალის დამატებითი წყალსაცავი 2020 წელს სრულად ამუშავდება, მას შემდეგ რაც წყალსაცავის წყლისშემაკავებელ ინფრასტრუქტურას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და ტექნოლოგიური მოწყობილობების შეძენა და მონტაჟი განხორციელდება.

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის გვერდზე მოაწყობენ ნარჩენების კომპაქტირების მოედანს. ასევე მოეწყობა ნაგვის დაპრესისთვის სპეციალური მოწყობილობა.

პროგრამაში გათვალისწინებულია სახელმწიფო რეზერვისთვის საცავის მშენებლობა, რომელსაც საგანგებო ვითარების პერიოდში გამოიყენებენ, მათ შორის, ზამთარში რუსეთთან დამაკავშირებელი გზის დაკეტვის შემთხვევაში, პირველადი საჭიროების კვების პროდუქტების დეფიციტის აღმოსაფხვრელად.

ახალი პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალიწინებულია ეკონომიკის რეალური სექტორისა და ტურიზმის პროექტების თანადაფინანსება.

Go BackGo Back